დიდი ბრიტანეთის სკოლებში ახალი სასწავლო პროგრამა ინერგება — მოსწალეები დამატებით შეისწავლიან თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და ჯანსაღ ურთიერთობებს. ცვლილებები ხორციელდება სავალდებულო სასწავლო მიმართულების ფარგლებში, რომელიც სკოლებში ურთიერთობების, პირადი ჯანმრთელობისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს მოიცავს.
განახლებული პროგრამის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში სტერეოტიპული და მავნე დამოკიდებულებების შემცირება, განსაკუთრებით იმ წარმოდგენების, რომლებიც აგრესიას, დისკრიმინაციასა და ძალადობას ამართლებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბიჭებთან მუშაობას — მათთვის გასაგებად განმარტავენ, როგორ უნდა ეფუძნებოდეს ქალებთან, თანატოლებთან და ზოგადად სხვა ადამიანებთან ურთიერთობა პატივისცემას, პირადი საზღვრების დაცვასა და პასუხისმგებლობას, ხოლო არა ძალაუფლებას ან დომინირებას.
- სასწავლო მასალებში დეტალურად განიხილება:
- პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები;
- პირადი საზღვრები და მათი დაცვა;
- ძალადობის პრევენცია;
- ონლაინ უსაფრთხოება და დეზინფორმაციის ამოცნობა.
ახალი პროგრამა არ არის მიმართული კონკრეტული სექსუალური ორიენტაციის პოპულარიზაციისკენ, თუმცა ოფიციალური განმარტებით, სწავლების მთავარი ამოცანაა ტოლერანტული გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეები ეცნობიან განსხვავებული ადამიანების არსებობის ფაქტს, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და ღირსების პატივისცემას — სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.
ბრიტანეთის განათლების უწყების განცხადებით, ცვლილებების მთავარი მიზანია სკოლები გახდეს უფრო უსაფრთხო, სამართლიანი და მხარდამჭერი სივრცე, სადაც ბავშვები ადრეული ასაკიდან ისწავლიან სხვების მიმართ პასუხისმგებლიან და გაცნობიერებულ დამოკიდებულებას.
აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის ცალკე საგანზე ან სპეციალურ პროგრამაზე მხოლოდ ერთი ჯგუფისთვის — განახლებული მიდგომა შეეხება ყველა მოსწავლეს და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ეტაპობრივად ამოქმედდება.