ბრაზილიაში დაშორებისას შინაურ ცხოველებზე ზრუნვას სასამართლო დაარეგულირებს

ბრაზილიაში საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, წყვილის დაშორების შემთხვევაში, შინაურ ცხოველზე ზრუნვის საკითხს სასამართლო დაარეგულირებს.

თუ ყოფილი პარტნიორები ვერ თანხმდებიან, ვისთან უნდა დარჩეს ცხოველი, სასამართლო განსაზღვრავს ზრუნვის ფორმას, მათ შორის — ერთობლივი ზრუნვის შესაძლებლობას და მის შენახვასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების გადანაწილებას.

ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, რომ ცხოველი ყოფილიყო წყვილის საერთო ყოფის ნაწილი და მათთან ერთად ეცხოვრა მისი სიცოცხლის მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში.

კანონი ასევე ითვალისწინებს შეზღუდვებს: ერთობლივი ზრუნვა არ განისაზღვრება იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ პირს აქვს ძალადობის ისტორია ან არსებობს ასეთი რისკი.

ცვლილებების ინიციატორების შეფასებით, ბოლო წლებში მსგავსი დავები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებას უკავშირდება — ადამიანები შინაურ ცხოველებს სულ უფრო ხშირად აღიქვამენ ოჯახის სრულფასოვან წევრებად და არა საკუთრებად.

ოფიციალური მონაცემებით, 200 მილიონზე მეტი მოსახლეობის ქვეყანაში დაახლოებით 160 მილიონი შინაური ცხოველია, რის ფონზეც მათი მოვლისა და პასუხისმგებლობის საკითხი დაშორებისას განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს სხვა ქვეყნებშიც — მათ შორის, ესპანეთში, სადაც 2021 წელს სასამართლომ განქორწინებული წყვილისთვის ძაღლზე ერთობლივი ზრუნვის რეჟიმი პირველად დაადგინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები