„ბორჯღალოსნების“ ტრიუმფი „სენდი პარკზე“ – ბრიტანეთის პრინცი, ლევან ვასაძე და იმერეთის გუბერნატორი გულშემატკივართა ერთ ლოჟაში (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)
17:16 – ნამიბიასთან შეხვედრა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა. „ბორჯღალოსნებმა“ 2015 წლის მსოფლიოს თასზე ბოლო, მეოთხე შეხვედრა გამართეს. ქართველი მორაგბეების ტრიუმფს ტრიბუნებიდან თვალი ინგლისის პრინცმაც ადევნა. ჰარი გუშინდელ თამაშს დაესწრო და ტრიბუნაზე ქართული დელეგაციის სიახლოვეს აღმოჩნდა. ლოჟაში ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრესთან ერთად, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დააფიქსირეს.
საქართველო 2019 წლის მსოფლიო თასზე ხვალ ოფიციალურად დაიშვება. დიდი ალბათობით, ბორჯღალოსნები მესამე ადგილს აღარ დაკარგავენ და იაპონიის საგზურს 4 წლით ადრე მიიღებენ, მაგრამ ოფიციალურად, ეს 9 ოქტომბერს უნდა გაფორმდეს, როდესაც ახალი ზელანდია ტონგას ეთამაშება და ამ მატჩში ტონგელებმა „ოლ ბლექსთან“ 2 ქულის აღება ვერ უნდა მოახერხონ. „სენდი პარკზე“ გუშინ გამართული თამაშის შესახებ, შეფასებები უკვე გაკეთდა.
მილტონ ჰეიგი: “ჩვენ დღეს ქართული რაგბის ისტორიის შექმნა მოვახერხეთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს 1ქულით დაამარცხებ ოპონენტს თუ 20-ით. ამჟამად ჯგუფში იმ ადგილზე ვართ, რასაც ველოდით და თუ პოზიცია ხვალ საღამომდე შევინარჩუნეთ, ავტომატურ კვალიფიკაციასაც მოვიპოვებთ, რაც თავის მხრივ, უამრავ მორიგ შესაძლებლობას გვპირდება. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ბინძური თამაში იყო, თუმცა მოგება მოვახერხეთ და ამით ვამაყობ.”
შალვა მამუკაშვილი: „საქართველო მსოფლიოში შერკინებითაა ცნობილი, ნამიბიის წინააღმდეგაც სწორედ ამ იარაღს ვიყენებდით, თუმცა ჯარიმები ავიღეთ. ასეთი მატჩები მხოლოდ შედეგზეა ორიენტირებული და არაა კარგი რაგბის თამაშზე.”
დავით კაჭარავა: “ჩვენს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მორიგი მსოფლიო თასისთვის უკვე გავლილი გვაქვს საკვალიფიკაციო ეტაპი. ახლა უკვე 2019 წლის მსოფლიოსთვის მომზადებაზე უნდა გადავეწყოთ.”
მიხეილ ნარიაშვილი: “ეს მატჩი ჩვენი საუკეთესო წარმოდგენა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, აღნიშვნის ღირსი მაინც არის და დღეს „ექსეტერში“ აუცილებლად ვიზეიმებთ მიზნის მიღწევას. წინ ბევრი სამუშაო და ახალი მიზნებია.”
მერაბ შარიქაძე: “მართალია, უკეთესადაც შეგვეძლო თამაში, მაგრამ მოგება მოგებაა და დღეს ყველანი ბედნიერები ვართ. ყველაფერი კარგია, რაც კარგად სრულდება და გუშინდელი მატჩი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა. “
ლევან დათუნაშვილი: “ჩვენთვის ეს მატჩი სხვა მხრივაც ემოციური იყო, რადგანაც დავით ზირაქაშვილი გუშინ მის უკანასკნელ მატჩზე გამოდიოდა. ჩვენ 16 წელია ერთ გუნდში ვთამაშობთ და ემოციების შეკავებაძალიან რთული იყო. რაც შეეხება მატჩს, ეს თამაში ბევრად დიდი სხვაობით დასრულდებოდა რომ არა ჩვენი დიდი შეცდომები და ბევრი ჯარიმა. არც დერეფნებში ვბრწყინავდით, მაგრამ შერკინება და მოლი მართლაც საუკეთესო იყო. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ეს ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩი იყო, შესაძლოა გადაწყვეტილება შევიცვალო, რადგანაც დღეს სამწვრთნელო შტაბმა გუნდში დარჩენა კიდევ ცოტა ხნით მთხოვა. ალბათ ტესტ მატჩებზე შევუერთდები საქართველოს ნაკრებს, თუმცა მსოფლიო თასი ნამდვილად ბოლოა. “
დავით ზირაქაშვილი: “ქართულ რაგბს ნამდვილად ყავს ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ბევრი კარგი კანდიდატი, რომლებიც ჩემს ადგილს დაიკავებენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩემთვის სევდის მომგვრელია, მაგრამ ადრე თუ გვიან, ყველაფერი მთავრდება. ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი და გადაწყვეტა იოლი არ იყო, მაგრამ რაგბის გარდა არსებობს სხვა ცხოვრებაც, სადაც მყავს ოჯახი, რომელსაც ვჭირდები.”
https://www.youtube.com/watch?v=7ulK96bM1DY&feature=youtu.be