„იმპრესიონისტებმა მსოფლიოს ფერთა პალიტრის და შუქჩრდილის დღესასწაული სულ სხვანაირად დაანახეს“.
„ყველაფერი აქედან დაიწყო…. 80-იან წლებში „ბითლზებით“ ვიყავი გატაცებული, სულ რამდენიმე არხი ფუნქციონირებდა, ინტერნეტი არ იყო და ჯგუფის პოსტერებს ვაგროვებდი. იმ პერიოდში ფოტოგრაფ კირშენბლატთან შეხვედრა მომიწია (სხვათა შორის, ფოტო-ვიდეო გადაღების სფეროში ძალიან ბევრი რამ მასწავლა). მას საზღვარგარეთიდან ცნობილი ჯგუფების პლაკატები ჩამოჰქონდა და რეპროდუქციებს აკეთებდა. კირშენბლატმა იცოდა, რომ „ბითლზები“ მიყვარდა და ეტაპობრივად მათ პოსტერებს მჩუქნიდა. აი, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი, როგორც მხატვარ-პორტრეტისტად ჩამოყალიბება, რადგან მათი სახეების ხატვა გადავწყვიტე. ამით დავხელოვნდი, პორტრეტების კოპირება შემიყვარდა და უკვე თვალდახუჭულს შემეძლო ადამიანთა პორტრეტის ხატვა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს საქმიანობა ჩემი სიცოცხლის ნაწილი გახდა…“
„კვირა+“ შეეცადა, საზოგადოებისთვის მოეთხრო იმ გზაზე, რომელიც „ბითლზებზე“ შეყვარებულმა მხატვარმა კრიმინალისტობამდე განვლო.
– რა ასაკიდან დაიწყეთ ხატვა?
– 12-13 წლიდან ვხატავდი. ამ პერიოდში ყველა ბავშვი ხატავს, მაგრამ მე უკეთესად „ვჯღაბნიდი“, სკოლაში მხატვარს მეძახდნენ, რადგან ძალიან მიყვარდა და თუკი ვინმეს ამ საქმეში დავჭირდებოდი, დახმარებაზე უარს არ ვამბობდი, ეს ჩემი ერთგვარი ჰობი იყო.
– სად მიიღეთ სამხატვრო განათლება?
-თავდაპირველად ნიკოლაძეში, სადაც, გულწრფელად ვიტყვი, გამოცდები ვერ ჩავაბარე, ძალიან დავკომპლექსდი. ნახატებიც კი „შეშინებული“ მქონდა, ჩემთვის იქ უცხო იყო ყველაფერი. შემდეგ, თოიძეში ჩავაბარე, რამდენიმე წელი ვისწავლე და აქედან უკვე პირდაპირ მოვხვდი სამხატვრო აკადემიის „მონუმენტურ-დეკორატიული ფერწერის“ ფაკულტეტზე“, რომელიც წარმატებით დავასრულე.
ამ დროის მანძილზე, კრიმინალისტიკასთან არანაირი შეხება არ მქონდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, ოდესმე თუ დავუკავშირდებოდი, უბრალოდ უფრო მეტად შემიყვარდა პორტრეტების შექმნა, ფერწერა ჩემი საქმე იყო. თუმცა, ამ პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება საკმაოდ დაძაბულ ფაზაში იყო.
– სწორედ აქედან დაიწყო თქვენი სიტყვიერი პორტრეტის (ფოტორობოტის) შემქმნელად ჩამოყალიბება…
– დიახ, ქვეყანაში ომი, ყაჩაღობა-ძარცვა მძვინვარებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საგამოძიებო სისტემაშიც ყველაფერი აირია. მაშინდელ ძალოვან სტუქტურებში მომუშავე ჩემმა მეგობრებმა დახმარება მთხოვეს: ერთ-ერთ დაზარალებულ პირს შემახვედრეს და მისი მონაყოლით სიტყვიერი პორტრეტით (ფოტორობოტი) შევქმენი. მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო კომპიუტერული ტექნიკა და პირდაპირ ფურცელზე ვხატავდი. (ფოტორობოტი ეს ნიშნავს, ადამიანის ნაამბობის მიხედვით, კონკრეტული პირის გამოსახულების შექმნას). როდესაც მივხვდი, რომ ეს საქმე გამომდიოდა, ჩემში ინტერესიც გაჩნდა და ეს აღარ იყო უბრალოდ მეგობრების დახმარება.
-ალბათ, თქვენი მხრიდან სარისკო საქმე იყო… თუ გახსნილა საქმე თქვენი დახმარების შედეგად?
-რა თქმა უნდა, დიდად სარისკო საქმე იყო, ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემა შემქმნია. უამრავი საქმე გახსნილა, პირველივე მცდელობისას და შემდეგ უკვე მუშაობის პროცესშიც. დროთა განმავლობაში ჩემი სახელი შშს-ს და პროკურატურის ხელმძღვანელობამდე მივიდა, სხვადასხვა ადამიანები მიბარებდნენ შესახვედრად, ჰონორარს მთავაზობდნენ კონკრეტული საქმის ასაღებად. შესაბამისად, ჩემი სახელი კრიმინალურ წრეებშიც გაჟღერდა. ამის გამო გარკვეული პრობლემებიც კი შემექმნა: რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა, ასევე სიტყვიერი მუქარა, სატელეფონო ზარები.
– ხომ არ იმოქმედა ამან თქვენს არჩევანზე? გიფიქრიათ, თავი დაგენებებინათ ამ საქმიანობისთვის?
– ბუნებრივია, იმ გადაწყვეტილების წინაშე დავდექი, რომ ამ საქმიანობას ჩამოვშორებოდი.
გენერალმა გივი ლობჟანიძემ ჩემ შესახებ, პოლიციის მაშინდელი აკადემიის რექტორს გურამ ქარქაშაძეს ინფორმაცია მიაწოდა და შესთავაზა, რომ ახალბედები მომემზადებინა, ჩემთვის ოფიცრის წოდება მიენიჭებინათ, შსს-ს სრულუფლებიანი თანამშრომელი გავმხდარიყავი.
სიმართლე გითხრა, ჩემთვის ეს სასაცილო ფაქტი იყო – მხატვარსა და პოლიციის ოფიცრის სტატუსს შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. იმ დროს ხელოვნებას „გასაქანი“ არ ჰქონდა, ახლაც რთულია საკუთარი ნამუშევრებით საზოგადოება დააინტერესო და ომის პერიოდში ხომ, განსაკუთრებით… როდესაც ოჯახს ქმნი და შვილი გყავს, ხელოვანი ადამიანი მათ ვერ შეინახავ. ამიტომ, რეალურად რომ დავფიქრდი, მივხვდი სხვა გზა არ იყო.
– რამდენად ახლოს აღმოჩნდა თქვენთვის პოლიცია? როგორ გაიხსენებთ პოლიციის აკადემიაში მუშაობის პერიოდს?
-პოლიციის აკადემიაში მუშაობის პროცესში, ჩემი პროფესიული განვითარება დაიწყო, ძალიან დამაინტერესა კრიმინალისტიკამ. კომპიუტერული სისტემები დაინერგა და ამ კუთხით, ცხელ კვალზე ადამიანის პორტრეტის შექმნის ხელოვნება დავნერგე და განვავითარე.
რამდენიმე წელში საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში მიმიწვიეს, სადაც ექსპერტ -კრიმინალისტის სტატუსი მომენიჭა. ახალგაზრდების აღზრდა და ადამიანის აღნაგობის განხრით ექსპერტიზის ჩატარება მევალებოდა. არსებობს ასეთი პროფესია-„ ჰაბიტოსკოპია“ (ადამიანის პორტრეტის, ნაკვთების მიხედვით მისი იდენტიფიკაცია, ნაკვთების კვლევის მეცნიერება) და „ფონოსკოპია“ (ადამიანის ხმის იდენტიფიკაცია). ამ დარგში ვმუშაობდი, გარკვეული დროის შემდეგ, ეს საქმიანობა უფრო მეტად დაინერგა.
დაახლოებით 2000 -დან 2011- წლამდე რამდენიმე სტაჟიორი აღვზარდე ექსპერტიზის და კრიმინალისტიკის დარგში, რომლებიც დღემდე მუშაობენ. წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში სამსახურიდან წამოვედი. თუმცა, ჩემი საქმიანობა გრძელდება და ამჟამად გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან მიწევს მუშაობა, კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში, სადაც პრაქტიკულ სამუშაოს ეუფლებიან.
– მკითხველისთვის გასაგებია რომ გარკვეული მიზეზების გამო კონკრეტული პირების სახელსა და გვარს არ დაასახელებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, საზოგადოებას ისტორია მოვუთხროთ. გაიხსენეთ თქვენი საქმიანობიდან ერთ-ერთი გამორჩეული …
-მოკლედ რომ ვთქვა, ყველაფერი ასე დაიწყო… 90-იან წლებში, დაწყებითი კლასის მოსწავლე ბიჭი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობდა, თითქოს ოჯახმა ფარ-ხმალი დაყარა. შემდეგ, ბავშვის მშობლებს ხელში ბერძნული ჟურნალი ჩაუვარდათ, სადაც გარეკანზე საეკლესიო პირი, სხვადასხვა ასაკის ბავშვების გარემოცვაში იყო გამოსახული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფოტო ათონის მთის მონასტერში იყო გადაღებული. მშობლებმა ერთ-ერთ მოზარდში წლების წინ გაუჩინარებული შვილი ამოიცნეს, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მე გაუჩინარებული ბავშვის რამდენიმე ფოტო გამომიგზავნეს, მათ შორის ერთი ჟურნალის ყდაზეც იყო გამოსახული. დაინიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. ექსპერტიზაზე დასმული იყო კითხვა: ოჯახის მიერ წარმოდგენილ ფოტოებსა და ჟურნალის ყდაზე წარმოდგენილ ფოტოზე ერთი და იგივე პიროვნება იყო თუ არა გამოსახული? საინტერესო ის არის, რომ ხანგრძლივი კვლევის შედეგად ამ პიროვნების იდენტურობა დადასტურდა, სირთულეს ფოტოებზე წარმოდგენილი პიროვნების გარკვეული ასაკობრივი ზღვარი წარმოადგენდა.
დღემდე არაა დადგენილი ის გარემოება, როგორ და რა ვითარებაში გაუჩინარდა ბავშვი თბილისიდან, როგორ სასწაულებრივად აღმოჩნდა ის ათონის მამათა მონასტერში და ახლა უკვე ახალგაზრდა ყმაწვილი, მონასტერში დღემდე წირვა-ლოცვას აღავლენს.
– ხელოვან ადამიანებს ყოველთვის ჰყავთ საკუთარ სფეროში ფავორიტი. ვინ არის თქვენი საყვარელი მხატვარი და რა მიმდინარეობა მოგწონთ მხატვრობაში?
– იმპრესიონიზმი და სეზანი მიყვარს ძალიან. ნახატში მდორე და ჩამქრალ ფერებს ვერ ვიტან. ყოველთვის ფერწერას ვეტრფიალებოდი და ვფიქრობ, სწორედ ეს არის ფერთა დღესასწაული. ჩემს ნამუშევრებში ნათელი და უხვი ფერები დომინირებს.
ვფიქრობ, იმპრესიონისტებმა მსოფლიოს ფერთა პალიტრის და შუქჩრდილის დღესასწაული სულ სხვანაირად დაანახეს.
ავტორი: მეგი მაჭარაშვილი