ბელიაშვილზე ნაპოვნი სასტიკად ნაწამები ძაღლი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, მოკვდა

 

თბილისში, ბელიაშვილის 12 ნომერში ნაპოვნი, ტომარაში გახვეული ძაღლი, რომელსაც თავის არეში დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, მოკვდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ძაღლების ჯგუფის” წევრი, თამო აქუბარდია ავრცელებს:
“მოკვდა ეს თავგაჩეხილი, ქუჩის საცოდავი, უპატრონო ძაღლი. მოკლა განუკითხაობამ, დაუსჯელობამ, უკანონობამ, უპასუხისმგებლობამ და არშემდგარმა სახელმწიფომ. როგორც ჩანს, ვერ ხვდებიან – აქ ძაღლის სიცოცხლეზე იმდენად არ არის გლოვა და დარდი, როგორც დეგრადირებულ გარემოზე, სადაც ასეთი სისასტიკე წახალისებული და მასობრივია. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ არ აწუხებს არცერთ პოლიტიკოსს ეს ყველაფერი და დისკომფორტს არ უქმნით. არცერთ ნორმალურ ადამიანს არ ენდომება ცხოვრება ირანის მსგავს დეგრადირებულ საზოგადოებაში, სადაც უტვინობა, გაუნათლებლობა, სიბეცე და სიბნელე მრავლდება და დაუსჯელად არის. იდეოლოგია, როცა არ იქმნება არანაირი ქვეყანაში და ერმა დაკარგა კარგის და ცუდის არსი, პირველი ნიშნები ხოცვა და აგრესიაა ხოლმე, რაც ძალიან დიდი დოზით ვლინდება უკვე. იმედია, ანალიზის უნარი ვინმეს მაინც აქვს მთავრობაში ან პოლიტიკოსებში და რაიმე საკანონმდებლო ღონისძიებას წამოიწყებს, სანამ ბოლომდე არ გაბანძდა და გაველურდა ქვეყანა”, – წერს მომხმარებელი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები