“ბევრი სხვა მძიმე დაავადება არსებობს და დედამიწა მხოლოდ კორონავირუსის ირგვლივ არ ბრუნავს” – ინფექციონისტის გაფრთხილება საზოგადოებას
ქართველი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს კორონავირუსის შიშით ექიმებთან ვიზიტებისგან თავი არ შეიკავონ. ამის შესახებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს:
“COVID-19–ის პანდემიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს ადამიანთა ჯანმრთელობა მისი არაპირდაპირი ზემოქმედებით, ანუ იმის გამო, რომ ადამიანები დროულად აღარ მიმართავენ ჯანდაცვის დაწესებულებებს სხვადასხვა ჩივილების დროს და ასევე ნაკლებად იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს.
მაგალითად, აშშ მკვლევართა მიერ დათვლილია მხოლოდ ამ ქვეყანაში კოვიდ პანდემიის სამი თვის განმავლობაში 36000 არადიაგნოსტირებული ან დაგვიანებულად დიაგნოზისტირებული ძუძუს კიბოს, 22600 პროსტატის კიბოს, 18800 ნაწლავის კიბოს, 2500 საშვილოსნოს კიბოს და 450 ფილტვის კიბოს შემთხვევა. ჯამურად ეს შეადგენს დაგვიანებული ან არადიაგნოსტირებული სიმსივნის 80,000-ზე მეტ შემთხვევას მხოლოდ აშშ-ში. საქართველოში, სადაც ისედაც პრობლემა გვაქვს სიმსივნის დროულ გამოვლენაში, შესაძლოა კორონავირუსის გამო ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდეს.
გარდა ამისა, სერიოზული პრობლემა შეიძლება შეიქმნას ვაქცინით პრევენტირებადი დაავადების მხრივაც და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების აფეთქებები მივიღოთ, რადგან გეგმიური ვაქცინაციის მოცვის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება. ისევ აშშ მაგალითზე, 5 აპრილის კვირაში წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია შემცირდა 50%-ით, ხოლო ყივანახველას – 42%-ით.
სხვადასხვა ჩივილების შემთხვევაში არ უნდა შევიკავოთ თავი ექიმთან მისვლისგან კორონავირუსის შიშით, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი სხვა მძიმე დაავადება არსებობს და დედამიწა მხოლოდ კორონავირუსის ირგვლივ არ ბრუნავს. ასევე, არ უნდა გადავდოთ ბავშვების გეგმიური ვაქცინაცია”, – წერს ბუწაშვილი.