პუტინის ადგილზე საქართველოში ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008 წელს, – ამის შესახებ ციხის კადრების გამავრცელებელმა ვლადიმერ ბედუკაძემ რუსულ გაზეთთან „კომსომოლსკაია პრავდა“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქართველების 80%-ს მთელი გულით უყვარს რუსეთი და მათ მხოლოდ ტერიტორიული საკითხი უშლით ხელს.
როგორც ბედუკაძე ამბობს, რუსებისთვის საქართველოში ჩამოსვლა საშიში არ არის, თუმცა რუს ჟურნალისტთან საუბრისას იმასაც ამატებს, რომ პუტინის ადგილზე რომ ყოფილიყო, რუსების დასაცავად საქართველოში ტანკებს შემოიყვანდა.
ბედუკაძე ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კურორტი მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსება.
„რუსი ტურისტების გარეშე, ბათუმი მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსება. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, მაგრამ მაინც ოკუპანტები ხართ“, – უთხრა ბედუკაძემ რუს ჟურნალისტს.
ბედუკაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაფერს ამერიკა და დასავლეთი აკონტროლებს და რომ განვითარებული მოვლენებიც ამერიკული პროვოკაციაა.