ბედნიერი თუ არ ხარ, არ მოხვიდე სამსახურში!

ჩინეთში კომპანიამ თანამშრომლებისთვის „ცუდი განწყობის გამო" შვებულება შემოიღო

ჩინეთში საცალო ვაჭრობის ქსელმა –  Pang Dong Lai თანამშრომლებისთვის უჩვეულო შვებულება დააწესა — ე.წ. „ცუდი განწყობის გამო დასვენება“. ახალი პოლიტიკის მიხედვით, თუ თანამშრომელი თავს ემოციურად ცუდად გრძნობს ან უბრალოდ ბედნიერი არ არის, მას შეუძლია სამსახურში არ გამოცხადდეს დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე.

კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება Pang Dong Lai-ის კორპორაციული კულტურის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია თანამშრომელთა ფსიქიკური კეთილდღეობის დაცვა და არა მათგან მაქსიმალური რესურსის „გამოწურვა“. მენეჯმენტის პოზიციით, დასვენებული და ემოციურად სტაბილური თანამშრომელი გადაწყვეტილებებს უფრო ზუსტად იღებს და სამუშაო პროცესშიც უფრო პროდუქტიულია.

მედიის ინფორმაციით, თანამშრომლებს წელიწადში რამდენიმე დღის გამოყენება შეუძლიათ ამ ტიპის შვებულებისთვის და ხელმძღვანელობას მათი მოთხოვნის უარყოფის უფლება არ აქვს. ინიციატივამ ჩინურ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, განსაკუთრებით იმ ფონზე, სადაც ქვეყანაში ჯერ კიდევ გავრცელებულია ინტენსიური სამუშაო რეჟიმები და გადაღლილობის პრობლემა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ Pang Dong Lai-ის მაგალითი ასახავს გლობალურ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ მენტალურ ჯანმრთელობას. თუმცა, ეს პრაქტიკა ჯერჯერობით კონკრეტული კომპანიის შიდა პოლიტიკად რჩება და არ წარმოადგენს ჩინეთის შრომითი კანონმდებლობის ცვლილებას.

ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მიდგომა შეიძლება გახდეს პრეცედენტი, რომელიც მომავალში სხვა კომპანიებსაც უბიძგებს, გადახედონ თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სამუშაო პოლიტიკას.

კომენტარები

სხვა სიახლეები