“ბარის თანამშრომელი გოგო სკამს მირტყამდა” – რა გადახდა მომხმარებელს თბილისის ერთერთ ბარში

სო­ცი­ა­ლურ ქსელის მომ­ხმა­რე­ბელ­ი,  ივი­კო ფრუ­ი­ძე ბარში მომხდარი დაპირისპირების შესახებ წერს, რომელიც მას შეემთხვა. მისი თქმით, ჩხუბის მიზეზი ანგარიში გახდა, სადაც აფსურდული თანხა ეწერა, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა:

“საოცარი ისტორია მოხდა:

პარასკევს, საღამოს – ტრადიციულად, მეგობრებთან ერთად ვატარებდი შესანიშნავ დროს, როცა ჩემს მეგობარს მეზობელ მაგიდასთან მჯდომი გოგონა მოეწონა, გაიცნო და იქეთკენ გადაჯდა. შემდეგ მათგან გაჩნდა იდეა, რომ ადგილი შეგვენაცვლებინა და სხვა ბარში წავსულიყავით. ჩემი მეგობარი სულ 4 დღის ჩამოსული იყო (კარანტინი გავლილი ჰქონდა). როგორც სტუმარი, მარტო არ დავტოვეთ და წავყევით სხვა, ჩვენთვის უცნობ ბარში, სადაც:

სიტუაციით დიდად არ აღვფრთოვანდით: თითქმის არავინ იყო ჩვენ გარდა, არც მუსიკამ მოგვხიბლა, არც – გარემომ. გარკვეული დროის შემდეგ, დავაპირეთ სახლში დაბრუნება და მოვითხოვეთ ანგარიში.

თუმცა, მოგვიტანეს სრულიად აბსურდული ანგარიში, ჩვენ მიერ შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად ანგარიშში ოცხდახუთი ეწერა. თან, მომსახურების პროცენტის გარდა, კალკულაციაში კიდევ იყო დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა, რომლის წარმომავლობაც ვერ დავადგინეთ.

თავიდან მომსახურე პერსონალს ვუთხარი, ალბათ, რაღაც შეცდომაა, ეს ჩვენი ანგარიში არ არის-მეთქი. არაო, თქვენიაო, თქვენს მეგობართან რომ გოგოა, იმან შეუკვეთაო. ვკითხე ყველას და გაურკვეველი შეკვეთები არცერთ ჩემს მეგობართან არ ყოფილა შეთანხმებული.

მივხვდი, რომ თაღლითური სქემით მუშაობდა ბარი, რაზეც გამოვხატე ჩემი ღია პროტესტი თითოეულ თანამშრომელთან, ღიად დავადანაშაულე ისინი თაღლითობასა და უღირს ქცევაში, პრინციპული უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე და მოვითხოვე კამერების ამოღება, რის შემდეგაც მოვიდა დაცვა, გამიყვანა გარეთ და გამომკითხა, თუ რატომ ვიყავი უკმაყოფილო და რატომ ვამბობდი უარს ანგარიშის გადახდაზე? სრულიად რაციონალურად ავუხსენი დაცვას ჩემი აღშფოთების მიზეზი, თუმცა ამასობაში ჩემმა ძმაკაცმა მაინც გადაწყვიტა, რომ ანგარიში გადაეხადა, შებრუნდა ბარში და გადაიხადა თაღლითურად შედგენილი ანგარიში იმ მოტივით, რომ უხერხული ინციდენტი ამოწურულიყო. ტერმინალით, რა თქმა უნდა, არ გადაახდევინეს, ჩეკიც მოითხოვა და არ მისცეს (ასე იციან თაღლითებმა), მე კი დავრჩი გარეთ დაცვასთან სრულიად წყნარ სიტუაციაში და ახლა ხდება საოცრება:

დაცვის ერთერთი წევრი მეუბნება, რომ ვითომ ჩემი ბარში შებრუნებული ძმაკაცი მეძახის, რის შემდეგაც შევდივარ ბარში და მხვდება 5 დაცვის წევრისა და ერთი მომუშავე პერსონალის ჩასაფრება. სულ – ექვსი ადამიანის.

მოვექეცი მათ ალყაში და დამიწყეს ცემა. რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ რამდენს გავუძლებდი?! ჩემზე ორჯერ დიდები იყვნენ… წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს. ამ გოგოსთან დავაფიქსირე პირველი ლოგიკური პროტესტი არარეალურ ანგარიშზე. ამ ყველაფერს შეესწრო ჩემი ძმაკაცი, რომელიც დამეხმარა ჩასაფრებიდან გამოღწევაში. თუმცა, ისტორია გრძელდება:

ამოვედი ბარიდან ნაცემი, აღშფოთებული, ემოციურად ძალიან რთულ მდგომარეობაში და, რა თქმა უნდა, დავრეკე პატრულში. ეკიპაჟის მოსვლამდე მოხდა ჩემსა და დაცვას შორის მორიგი შელაპარაკება. დავადანაშაულე ისინი ნაძირალა სისტემის სამსახურსა და დანაშაულებრივ ქმედებაში. ამ დროს ერთერთი დაცვის წევრი გვერდიდან მირტყამს სახეში, სანამ იმას შევუტრიალდი, მეორე მირტყამს მეორე გვერდიდან და ა.შ. მოკლედ, კვლავ დამაგდეს და მირტყამდნენ უმოწყალოდ სახესა და თავში ყველა მხრიდან.

მირტყამდნენ ისეთი გამეტებით, რომ სახეზე აფარებული ხელი მომტყდა. გადამეფარა ჩემი ძმაკაცი, შველას ცდილობდა სტუმარი მეგობარიც, რომელთაც რამდენიმე დარტყმისგან მიხსნეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ან გადავრჩებოდი ან – არა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ გარდარჩენის შანსი თითქმის აღარ მქონდა, რადგან მირტყამდნენ კუნთის უზარმაზარი მასები, იყვნენ ბევრნი და სრულიად დაუნდობლები. როგორღაც მიხსნეს მეგობრებმა მათგან და ამასობაში პატრულიც მოვიდა.

დაცვის 5 წევრიდან და  ბარის ერთი პერსონალიდან 2 დაცვის წევრი დარჩა ადგილზე (დანარჩენი 4 მოძალადე გადაიმალა) დარჩენილებს, რა თქმა უნდა, ხელი დავადე, როგორც ამ ბოროტების თანაავტორებს და იმედი მაქვს, რომ წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.

სრულიად უდანაშაულო ადამიანი დავრჩი ჯერ თაღლითობის მსხვერპლი, შემდეგ – ხელ-და ცხვირგატეხილი, უამრავი ტრავმით. ერთი ოპერაცია უკვე ჩამიტარდა, წინ მაქვს მეორე. მაქვს ტვინის შერყევა. ვარ დაჟეჟილობით სხეულის ყველა წერტილში. არ ვითვლი მცირე ჭრილობებსა და ნაკაწრებს. რამდენიმე თვით გამოვეთიშე ცხოვრების ჩვეულ რიტმს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გადავყლაპე შეურაცხყოფა და ღიად ვამხილე თაღლითები.

ჯერჯერობით, უცნობია ჩემთვის დაცვის დანარჩენი 3 წევრის ბედი ისევე, როგორც  – ბარის პერსონალის, რომელიც დაგდებულს მირტყამდა სკამს. ამოღებულია კამერები, იდენტიფიცირებულია, რომ ისინი იყვნენ ექვსნი. დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხისგება სამართლისა და კანონის წინაშე.

ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ტელევიზიებთან. გავაკეთებ ყველაფერს, რომ სხვა ჩემნაირმა ადამიანმა (ქართველმა თუ უცხოელმა) არ გაიზიაროს იგივე ბედი ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტს საგამოძიებო სტრუქტერებიდან მოჰყვება ადეკვატურად მკაცრი რეაგირება და სამართალი იქნება დაფასებული. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ადვოკატს, რომან ნადირაძეს, რომელმაც ღირსეული შრომა გასწია და ვფიქრობ, რომ მომავალშიც გასწევს.

ბარი არის პეკინის 3 – ში, Skygirls Bar ჰქვია (როცა გამოვედი, სახელს მერე დავაკვირდი, მაგრამ შიგნით თითქოს უჩვეულო არაფერი ხდებოდა). როგორც გავარკვიე, ავლაბარში არსებული Sky Bar – იც ზუსტად იმავე სქემით მუშაობს და, სავარაუდოდ, საერთო მენეჯმენტის დაქვემდებარებაშია ორივე. ამოიღონ კამერები, თუ რა ხდებოდა ბარში და მის გარეთ. მე არაფერი დასამალი არ მაქვს და არც რამის მეშინია. აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას მომავალში განვითარებული მოვლენების შესახებ. იმედი მაქვს, რომ სამართლი დადგება და ცოტა უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავს ჩვენს ქვეყანაში…

რომ ვყოფილიყავი ჩუმად და გადამეხადა აბსურდული ანგარიში – ამცდებოდა ამხელა შეურაცხყოფა თუ მატერიალური ზარალი (ოპერაციები საკმაოდ ძვირი ჯდება), მაგრამ ვერ და არ შევძელი ამხელა უსამართლობასთან შეგუება. თუ ამ ფაქტს მოჰყვება ისეთი რეაგირება, რომ სხვა ჩემნაირს ჰქონდეს მეტი სიმშვიდე – გაღებულ მსხვერპლს გამართლებულად ჩავთვლი…

მე ჩემს ღირსებას დავიცავ კანონისმიერად, მაგრამ რა მოუვათ სხვებს? ფაქტია, რომ საქართველოში არსებობს 10 – 15 ბარი, სადაც იდენტური სქემით ხდება ხალხის გამწარება ყოველდღიურად. მე თვითონ მივაწვდი ასეთი ბარების სიას დაინტერესებულ პირებს. ათიათასობით ადამიანი აღმოჩენილა მსგავს უსამართლობაში. ზოგი უცხოელია და არ იცნობს ჩვენს კანონმდებლობას, ზოგს ადვოკატის აყვანის რესურსი არ აქვს, ზოგი კომპრომატდება, ზოგი მშიშარაა, ზოგი უბრალოდ მარტივად ყლაპავს შეურაცხყოფას და ა.შ. მთავრობა კი რას ფიქრობს, არ ვიცი. უამრავი პირი, განსაკუთრებით, უცხოელები არიან ასეთი ტიპის თაღლითობის მსხვერპლნი და ჩვენს ქვეყანაზე გულაცრუებულნი, რაც ძალიან გვარცხვენს საერთაშორისო ასპარეზზე.

მიმაჩნია, რომ მთავრობის მხრიდან აუცილებლად უნდა გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები, რათა საქართველოში ადამიანი იყოს უფრო დაცული. სისტემა უნდა იცავდეს მოქალაქეს და არა –  ცალკეული ადამიანების მარიფათი. ამისთვის მხოლოდ ნებაა საჭირო. განა, ვინ მფარველობს ასეთ ბარებს, რომ ასეთ სიტუაციაში აგდებენ ხალხს და გასდით?!

უამრავი შემთხვევა გავიგე, რომ ჩემი ნაცნობი ადამიანები აღმოჩენილან მსგავს სიტუაციაში. უამრავი სტატიაც წავიკითხე ამ თემაზე, მაგრამ საკითხის გადაჭრის პოლიტიკური ნება, ჯერჯერობით, არ არსებობს და ეს დაუცველს ხდის თითოეულ ადამიანს. გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ჩემი შემთხვევა იყოს უკანასკნელი…

ცალკე საქმეა: ჰქონდა თუ არა ბარს საერთოდ მუშაობის უფლება “კოვიდ – 19″ – ის პირობებში იმიტომ, რომ შიგნით არ იყო ფანჯარა და შესაფერისი განიავების სისტემა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ყველას გთხოვთ, გავავრცელოთ ინფორმაცია და მივიტანოთ ხმა იქ, სადაც საჭიროა, რათა ჩვენი ცხოვრება გახდეს უფრო მშვიდი!..

პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ერთად აუცილებლად შევქმნით უკეთეს მომავალს…”,   – წერს ფრუიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები