ბანქო, ფული და ვებსაიტები

შესავალი ქართულ სათამაშო ბიზნესში ათ კადრად.

1. კარავაჯო

პირველი, რაც გამახსენდა ამ სტატიაზე ფიქრისას, იყო კარავაჯოს “ბანქოს მოთამაშეები”. ემოციით და შინაგანი დაძაბულობით სავსე ნახატია: უყურებ მოთამაშეებს და გესმის ის გრძნობების გაორება, ის შინაგანი ჭიდილი ადამიანურ და ცხოველურ საწყისს შორის, რაც აზარტულობას მოსდევს დასაბამიდან. მოთამაშეები ყოველთვის გრძნობდნენ რისკის ფასს – სათამაშო აპარატებს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის აშშ- ში უწოდეს “ცალხელა ბანდიტები” – თუმცა აზარტი ადამიანური ბუნების ნაწილია, ისევე როგორც სხვა, ზოგჯერ ირაციონალური ემოციები, რომელთა გარეშეც ცხოვრება ალბათ უფრო მშვიდი, მაგრამ ნაკლებად საინტერესო იქნებოდა.

2. კონკურენტული უპირატესობა

ამ წინააღმდეგობრიობის გამო, აზარტული თამაშებისადმი სხვადასხვა დროსა და ადგილას მიდგომები განსხვავდება. ბევრ ქვეყანაში თამაში აკრძალულია ან მკაცრად რეგულირდება. კავკასიის რეგიონში აზარტული თამაშების ორგანიზება მხოლოდ საქართველოსა და სომხეთშია კანონიერი. აზერბაიჯანსა და თურქეთში თამაშები აკრძალულია, რუსეთში მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზეა ნებადართული. ამიტომაც, სამორინეების მოწყობა საქართველოში ამ თვალსაზრისით საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება. პოლიტიკური და გეოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანას რეგიონში კონკურენტი არ ჰყავს.

3. სიღნაღი და წყალტუბო, როგორც ადგილობრივი ლას-ვეგასი

გარკვეული შეზღუდვები ჩვენშიც არსებობს. ეს ბარიერები ძირითადად ფინანსურია და მათი მიზანი სათამაშო ბიზნესის ტურისმაისი 2015 FORBES | 81 ტულ ცენტრებში გატანაა. ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ანაკლია და განმუხური, გუდაური და ბაკურიანი, ბორჯომი, ყაზბეგი, წყალტუბო, სიღნაღი, ბაზალეთის ტბა – ეს ის ადგილებია, სადაც ლიცენზია ან უფასოა, ან საკმაოდ დაბალფასიანი. თუმცა არის დამატებითი ნიუანსებიც: მაგალითად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ეს პრივილეგია მინიმუმ 80-ადგილიანი სასტუმროს აშენებას მოჰყვება. თუ სასტუმრო არ არის, მაშინ, გეთაყვა – ლიცენზირების მოსაკრებელი ჩვეული ოდენობით.

4. მილიონერების ბიზნესი

ხოლო “ჩვეული” ოდენობა – სამორინეს ანუ “კაზინოს” შემთხვევაში წელიწადში 5,000,000 მილიონი ლარია. სათამაშო აპარატების დადგმა თბილისში ყოველწლიურად სულ რაღაც 1,000,000 დაგიჯდებათ, რეგიონებში კი გაცილებით ნაკლები – 50,000 დან 200,000– მდე. თუ უკვე გაქვთ სამორინე, მაშინ ყოველი ახალი წერტილის ღირებულება მხოლოდ 100,000 ლარი იქნება. აი, ტოტალიზატორი კი წელიწადში 300,000 ლარამდე ჯდება და როგორც ყველგან, აქაც თბილისი ლიდერობს ფასის მიხედვით. დამეთანხმებით, დასკვნა ძალიან მკაფიოა – სათამაშო ბიზნესი მდიდრების ხვედრია – თუ ფული არ გაქვთ, არ მოჰკიდოთ ხელი, ჯიბეს მოუფრთხილდით, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

5. გადასახადი არ იკლებს, გადასახადი მხოლოდ მატულობს

გარდა ლიცენზიის ყოველწლიური ღირებულებისა, სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიას უწევს ყოველკვარტალურად ფიქსირებული ოდენობის გადასახადის გადახდა ერთეულ მაგიდაზე, ან სათამაშო აპარატზე, ან კიდევ სალაროზე გაანგარიშებით – მაგალითად, კაზინო თითოეული მაგიდისთვის 15,000-დან 30,000 ლარამდე იხდის კვარტალში ერთხელ, სლოტ–კაზინო კი 1,500 ლარიდან 3,000 ლარამდე, თითოეული აპარატისთვის.

6. სათამაშო ბიზნესის საქართველოში სჯერათ

როგორც ეტყობა, სათამაშო ბიზნესი მაინც სარფიანი საქმეა და მიუხედავად ასეთი ძვირი სტარტისა, საქართველოში სათამაშო ინდუსტრია უკვე საკმაოდ განვითარებულია – ოფიციალური მონაცემებით, 13 კაზინოა ლიცენზირებული. გაცილებით დიდია ე.წ. სლოტ–კაზინოებისა და ტოტალიზატორების ქსელი. სათამაშო აპარატების მოწყობისათვის ქვეყნის მასშტაბით – 69, ტოტალიზატორებისათვის კი 92 ლიცენზიაა გაცემული. რამდენიც უნდა იყოს უცხოეთიდან ჩამოსული მოთამაშე, ბიზნესს ქართველების აზარტულობაც უმაგრებს ზურგს. რა გასაკვირია – მთელი ჩვენი ისტორია ერთ დიდ ლატარიას ჰგავს.

7. საქართველო + ინტერნეტიზაცია = ?

მაგრამ სათამაშო ინდუსტრია კიდევ უფრო დიდი მასშტაბითაა გავრცელებული ინტერნეტსივრცეში. თვალსაჩინოებისთვის, მხოლოდ Adjarabet-ის საიტზე ყოველდღიურად საშუალოდ 83,664 უნიკალური მომხმარებელი შედის, რომელთაგანაც 96 პროცენტი საქართველოს მცხოვრებია. Adjarabet-ს Europe-bet-ი და Lider-bet-ი მოსდევს. სულ 7 ქართული სათამაშო საიტი დავთვალე ინტერნეტსივრცეში, თუმცა შესაძლოა მეტიც იყოს.

ინტერნეტში საზღვრები არაა და ადგილობრივი მომხმარებელი არამხოლოდ ქართული საიტებით სარგებლობს. შემზღუდველი მხოლოდ საშუალო ქართველი მომხმარებლის დაბალი მსყიდველუნარიანობაა. საკმაოდ გავრცელებული ფსონის ოდენობა 1 ან 2 ლარია, პოკერის ინტერნეტტურნირების უმეტესობაც ძალიან მცირე შენატანს ითხოვს თავიდან: ყოველივე ეს გათვლილია ქართველი მოთამაშის ჯიბის ზომაზე და ანაზღაურებულია რაოდენობით.

8. და კვლავ გადასახადები

რაოდენ მიმზიდველიც უნდა იყოს ინტერნეტსაიტები სათამაშო ბიზნესში დამწყებთათვის, მათ ერთი შეზღუდვა აქვთ – ასეთი საიტის გაშვება თუ გინდათ, რეალური ობიექტი უკვე გახსნილი უნდა გქონდეთ, ანუ მინიმუმ ყოველწლიურად 1,000,000 ლარს – თბილისში, რეგიონში კი 50,000 ლარს მაინც უნდა იხდიდეთ. გარდა ამისა, ყოველ ინტერნეტთამაშზე (მოკრძალებულად სისტემურ- ელექტრონული ფორმის თამაშებს რომ ეძახის ჩვენი კანონმდებლობა) 30,000-დან 60,000 ლარამდე ყოველკვარტალური ფიქსირებული გადასახადის გადახდა მოგიწევთ.

9. ჩინეთს მაინც ვერ ავცდებით

ინტერნეტრესურსის ამოქმედებისთვის, რესურსის მფლობელმა ორი უმთავრესი საკითხი უნდა გადაწყვიტოს – გადახდების განხორციელების მაქსიმალური გამარტივება და საიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მართალია, პროგრამული უზრუნველყოფის ფასი ძალიან მერყეობს, მაგრამ მისი ღირებულების მინიმალური დონე მაინც ხუთნიშნა რიცხვებით იზომება.

თუ სათამაშო აპარატების რეალურ სალონს აკეთებთ, მთავარია არ შეცდეთ სათამაშო აპარატების შეძენისას. როგორც წესი, ეს ხდება ჩინეთში; როგორც წესი, ამისთვის (მით უმეტეს, თუ დამწყები ბრძანდებით) ჩინეთში ჩასვლაა საჭირო, და ვისაც ჩინეთთან ჰქონია შეხება, დამეთანხმება, რომ იქაური ფასები ვარირებს, თანაც ძალიან, ისევე როგორც ხარისხი. საჭიროა ბაზრის კარგად შესწავლა და, თუ შესაძლებელია, ამ შესყიდვის “აუტსორსინგზე” გატანა.

10. 18 წლამდე აკრძალულია

 

წყარო: http://forbes.ge/

ინტერნეტში ძალიან რთულია იმის გამოვლენა, რეალურად სრულწლოვანი სარგებლობს ინტერნეტკაზინოთი თუ სრულწლოვანის იდენტობას ამოფარებული სკოლის მოსწავლე. მით უმეტეს, როდესაც ფსონების ოდენობა მინიმალურია და ნებისმიერ ტინეიჯერს შეუძლია ჯიბის ფულით ფსონის დღევანდელი დონის ანაზღაურება. არსებული კანონებით, მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში ინტერნეტკაზინოს ოპერატორი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, რაც არასრულწლოვანების მონაწილეობის რისკს ზრდის. ბავშვთა დაცულობის თემა მუდმივად დაპირისპირებისა და საზოგადოებრივი წუხილის საგანი იქნება. საუკეთესო გამოსავალია თვითრეგულირების შემოღება, რომელიც საზოგადოების მთავარ შიშებს ადეკვატურ პასუხს გასცემდა და ბიზნესის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალ დონეს დაანახებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები