ბათუმის დელფინარიუმში, შოუს მსვლელობისას, დაბადებული დელფინი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს

სოციალურ ქსელში, ბათუმის დელფინარიუმის გვერდზე, ინფორმაცია გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ რამდენიმე წუთის წინ დელფინარიუმს ახალი წევრი შეემატა. „ბათუმის დელფინარიუმში, კიდევ ერთი, რიგით მეოთხე დელფინი დაიბადა. ჩვენი ოჯახის ერთ-ერთ წევრს, მეტსახელად „მონიკას“ შვილი შეეძინა. დღევანდელი შოუს ვიზიტორები ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღის მოწმენი გახდნენ. პატარასა და დედის უსაფრთხოების გამო შოუს თანამიმდევრობისა და სხვადასხვა ელემენტის შეცვლა მოგვიწია. გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. მას შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს. რამდენიმე წუთის წინ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 1 წელზე მეტხანს გაგრძელდება. მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად დელფინარიუმის თანამშრომლები ბოლო თვეებია (და ეს უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდება) საგანგებო, 24 საათიან სპეცრეჟიმში მუშაობენ. დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო უმნიშვნელო ცვლილებები იქნება თავად პროგრამაში და, შესაბამისად, შოუს ქრონომეტრაჟშიც. ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არცთუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში უკვე მეოთხე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ფაქტი კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. დელფინი აფალინა დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში“, – წერია ბათუმის დელფინარიუმის ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები