ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ზაფხულისთვის საჭირო რჩევა-დარიგებებსაც აძლევს:
„ძვირფასო მშობლებო! დადგა ზაფხული და თქვენც გაემგზავრეთ სოფლებში, აგარაკებზე! ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ ბავშვები გალაღდნენ და ეს ბუნებრივია და ძალიან საჭიროც!
მეცნიერები საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ინფექციების ყველაზე ეფექტური პრევენცია ჰიგიენური ნორმების დაცვაა!
ამიტომ ხშირად დაბანეთ ბავშვებს ხელები, უფრო ხშირად, ვიდრე ადრე აკეთებდით ამას.
მიაქციეთ ყურადღება, არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში. კარგად გარეცხეთ ხილი, ბოსტნეული და განსაკუთრებით მწვანილი 30 წუთით მაინც ამყოფეთ გამდინარ წყალში.
ასვით ბევრი წყალი, მაგრამ რეგიონებში ცენტრალური წყალგაყვანილობის და ზოგადად წყლის პრობლემის გამო, ჯობია ასვათ ნაყიდი წყალი ან გადადუღებული და გაგრილებული.
ძალიან მომრავლდა მწერები, ამიტომ ძილის წინ მაინც ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული, რომ არ გამოგეპაროთ კანზე მიმჯდარი ტკიპა, გუბეებთან საღამო ხანს ბევრია მოსკიტი, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების გადამტანები არიან, ამიტომ გუბეებთან ნუ ითამაშებენ.
ზოგადად, ჯობია ჩააცვათ თხელი გრძელმკლავიანი და გრძელტოტიანი სამოსი.
ნუ გაიყვანთ თაკარა მზის პერიოდში, თუმცა მზის პირდაპირი სხივი სასურველია მოხვდეთ დილით 9-დან 11 მდე და საღამოს 17-დან 19 საათამდე, თუ გიწევთ აუცილებლობის გამო მზეზე გასვლა, ჩააცვით ღია ფერის ტანსაცმელი, დაუტენიანეთ კანი მზისგან დამცავი კრემით
SPF 30-50, და თავზე დაახურთ კეპი, მარკეტებში პერიოდულად მაცივრებს რთავენ, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით, ამიტომ ფრთხილად შეიძინეთ მალფუჭადი პროდუქტები.
ყურადღება მიაქციეთ მითითებულ ვადებს, პურზეც აუცილებლად, კოლოფების მთლიანობას, ნუ იყიდით კრემიან ნამცხვრებს.
ზაფხულში ხშირია დიარეა, ღებინება, რაც შეიძლება კვებითმა ინტოქსიკაციამ გამოიწვიოს, შეიძლება მოხდეს ტემპერატურული რეაქციების თანხვედრაც ამ სიმპტომებთან, რისი მიზეზიც ნაწლავური ვირუსები ან ბაქტერიები შეიძლება იყოს, ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ კლინიკას.
ბავშვს შეიძლება ალერგიული რეაქციები განუვითარდეს, ამ სეზონზე განსაკუთრებით ხშირია, ცემინება, ხველა, კანზე გამონაყარი, შეშუპება, შეწითლება(მწერის ნაკბენზე)აუცილებელია დიფერენცირება ექიმმა მოახდინოს, ამიტომ იქონიეთ კონტაქტი თქვენს პედიატრთან!
ეს ყველაფერი თქვენთვის კარგად ცნობილია, მაგრამ შეხსენება, მერწმუნეთ, არ გვაწყენს! ჯანმრთელი, ბედნიერი და მშვიდობიანი ზაფხული თქვენ და თქვენს პატარებს”, – წერს ინგა მამუჩიშვილი.