„ბავშვობაში მინდოდა, ფორმა ჩამეცვა და სამშობლოსთვის მემსახურა“ – გაიცანით თანამედროვეობის პირველი ქართველი მფრინავი ქალი (ვიდეო, ფოტო)

„ბავშვობაშივე ძალიან მხიბლავდა, როდესაც ვინმეს ფორმით ვხედავდი. მინდოდა, რომ ფორმა მეც ჩამეცვა და სამშობლოსთვის მემსახურა“.
29 წლის ეკატერინე ქვლივიძე საგარეჯოდან – საქართველოს უახლეს ისტორიაში ის პირველი სამხედრო მფრინავი ქალია.
სკოლის დამთავრების შემდეგ ეკატერინე სამხედრო ავიაციით დაინტერესდა, მაგრამ თავდაცვის აკადემიაში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს არ იღებდნენ.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე ჩააბარა. პირველ კურსზე 45 მამაკაცს შორის ერთადერთი ქალი იყო. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ქალებს სამხედრო ავიაციაში მსახურების უფლება მიეცათ.
„ბავშვობაში არ მიყვარდა გოგონების თამაშები, ომობანას ვთამაშობდი, იარაღებს ვამზადებდი. თუ სადმე რამე სტატიას ან სურათს ვნახავდი, ყველაფერს ვაგროვებდი. პატარა ალბომი მქონდა გაკეთებული და ასე თანდათან ჩემთან ერთად იზრდებოდა ეს ალბომი. წლებთან ერთად ვითარდებოდა და ყალიბდებოდა ჩემი ოცნებაც. როცა სწავლა დავიწყე, თვითმფრინავი ახლოდან ნანახი არ მქონდა. გვერდზე რომ დავუდექი, გული გამისკდა, იმხელა იყო ჩემთან შედარებით. მხოლოდ დედამ იცოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ხმამაღლა ვერ ვამბობდი, ოჯახის წევრების, მით უმეტეს, მამაკაცების რეაქციის მეშინოდა. სკოლაში ყველასთვის საყვარელი მოსწავლე ვიყავი და ყველა მასწავლებელს ეგონა, რომ მის საგანს მივყვებოდი. არც სკოლაში იცოდნენ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომ აუცილებლად ჯარისკაცი უნდა გავმხდარიყავი და ფრენას გავყოლოდი.
მერე, რაღაც პერიოდი, დედა ცდილობდა, რომ აზრი შემეცვალა. მშვიდად, დამაჯერებელი არგუმენტებით მიმტკიცებდა, რომ ეს გზა საკმაოდ რთული იქნებოდა და რაღაც სხვა ამერჩია. შედეგი რომ არ ჰქონდა, გადაწყვიტა გვერდში დამდგომოდა.
თავიდან თავდაცვის აკადემიაში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ უარი მითხრეს, გოგონებს საერთოდ არ იღებდნენ არცერთ სპეციალობაზე. შემდეგ სამოქალაქო განხრით ავიაციაში ვცადე ბედი, მაგრამ მფრინავად არ მიმიღეს. მითხრეს, რომ ასეთი შემთხვევა არ ჰქონდათ, გოგონებს არ იღებდნენ.
რადგან ასეთი მონდომებული ვიყავი, საინჟინრო ფაკულტეტზე მიმიღეს საცდელი ვადით. ყველა ფიქრობდა, რომ ეს ჩემი ახირება იყო და მალე გადამივლიდა ასაკთან ერთად. პირველ კურსზე 45 ბიჭი იყო და მე, ერთი გოგონა.
ლექციაზე ხშირად ხსნიდნენ კარს და მაკვირდებოდნენ, რას ვიზამდი. ლექტორებიც ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, საბუთები სხვა სპეციალობაზე გადამეტანა და ამაში ხელს შემიწყობდნენ. საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმაც კი შემომთავაზა, რომ აზრი შემეცვალა. მე ვუთხარი, რომ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში შევიცვლიდი, თუ მფრინავად გამიშვებდნენ, არადა დავამთავრებდი აუცილებლად. პირველივე წელს „ბოინგის“ სტიპენდია ავიღე. მეოთხე კურსზე სისტემატურად ვცდილობდი ავიაკომპანიებში დასაქმებას, მაგრამ ყველგან უარს მეუბნებოდნენ. ბოლო კურსზე ვიყავი, თავდაცვის სამინისტრომ რომ გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდა კადრების მიღებაზე და მფრინავების მოსამზადებლად.
მეგობარმა ბიჭებმა, რომელთაც ასევე ფრენა უნდოდათ, მითხრეს, იქნებ ბედი გეცადაო. ვცადე და სრულიად მოულოდნელად, რატომაც არაო, შემარჩიეს. მფრინავს ისეთი სერიოზული მონაცემები სჭირდება, საკმაოდ დიდი რაოდენობიდან რამდენიმე დავრჩით.
გარკვეული პერიოდი ხმამაღლა არც ვამბობდი, რომ ჯარში ვიყავი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რაღაც მომენტში საზოგადოება ამას სამარცხვინოდ თვლიდა. ამბობდნენ, ქალს რა უნდა ჯარში, სადაც თანამშრომლების უმრავლესობა მამაკაცია, სადაც ასეთი ფიზიკური დატვირთვაა, სადაც არ იცი, სად გაგითენდება და დაგიღამდება.
ფსიქოლოგიურად გამჭირვებია, ფიზიკურადაც გამჭირვებია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დაბრკოლება იყო. ისიც მიფიქრია, რომ შევძლებ კი ამ გზის ბოლომდე გავლას, მაგრამ ყოველთვის მამხნევებდა ის აზრი, ახლა მე რომ პირველად გავდივარ, მერე შეიძლება სხვა გამოყვეს და იმ გოგონებს, იმ ახალგაზრდებს ვინც ამ გზას გამოყვება იმდენი პრობლემა აღარ ექნებათ, რაც მე გავიარე. ეს მამხნევებდა და ძალას მმატებდა.
მიხარია, რომ მას შემდეგ, რაც მე დავამთავრე, საავიაციო უნივერსიტეტშიც არაერთი მფრინავი გოგონა გამოზარდეს. ასევე, თავდაცვის აკადემიაში უცხო ფაქტი აღარ არის ის, რომ გოგონები სწავლობენ. თითქმის ყველა სპეციალობაზე ჰყავთ გოგონები და საზოგადოების აზრიც რადიკალურად შეიცვალა. ჩემთვის ის, რომ იყო ქალი სამხედრო მფრინავი საქართველოში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან დიდი ტვირთია, მაგრამ ძალიან დიდი სიამაყე და უფრო დიდი შანსი იმისა, რომ ჩემი ქვეყნისთვის კარგი საქმე გავაკეთო“, – ამბობს ეკატერინე.

წყარო: “Reg TV”

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=vWCxcgnpF64#t=17[/youtube]

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=I3iOpIv9vDY[/youtube]

13288891_1196368347070068_1640339365_n

13285781_1196368587070044_1063479143_n

კომენტარები

სხვა სიახლეები