“ბავშვი მანქანას ველოსიპედით დაეჯახა, მალევე მას მანქანის მფლობელმა ახალი ველოსიპედი აჩუქა” – ემოციური ისტორია ქუთაისიდან
ჯგუფი “ქუთაისელები” სასიამოვნო ინფორმაციას აქვეყნებს, რომელზეც წევრები ასეთ კომენტარებს აკეთებენ:
“ასეც ხდება თურმე”, “ზღაპრის ბოლო კეთილია”, “გული გამითბო ამ ჭაღარა კაცმა”…
საქმე უწყინარ, ბავშვურ გართობას ეხება, რომელიც იმ დღეს უსიამოვნოდ დასრულდა – პატარა ბიჭი ველოსიპედით სეირნობდა, მოძველებულ ველოსიპედს მუხრუჭები არ ჰქონდა და ავტომანქანას შემთხვევით ამ მიზეზით დაეჯახა…
ინციდენტიდან რამდენიმე დღე გადის, ბიჭს მანქანის პატრონი აკითხავს, და… ახალ, თანამედროვე ველოსიპედს ჩუქნის…
ამ ინფორმაციამ ქუთაისელები ძალიან გაახარა და ახალმა ამბავმა გავრცელება ვირუსულად დაიწყო…
“ეს ბავშვი გაჩერებულ მანქანას იმიტომ დაეჯახა, რომ ძველი ველოსიპედით მუხრუჭების გარეშე დადიოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მანქანის მფლობელმა ბავშვს ახალი ველოსიპედი აჩუქა…” – წერს ჯგუფში გივი ბაბუნაშვილი.