ბავშვისთვის ამ კითხვების დასმას სჯობს, საერთოდ არაფერი ჰკითხოთ: “მშობლების მთავარი შეცდომა სხვა რამეშია…”
ყველა მშობელს უნდა, შვილზე რაც შეიძლება მეტი იცოდეს. შესაბამისად, უამრავ შეკითხვასაც უსვამს დღის განმავლობაში. თუმცა არის შეკითხვები, რომლებიც ბავშვებში უარყოფით რეაქციებს იწვევს და მშობლის მიმართ ნდობას უკარგავს. ფსიქოლოგებმა 6 ასეთი “უწყინარი” კითხვა გამოავლინეს, რომლებიც სინამდვილეში არ იწვევს ჯანსაღ უკუკავშირს მშობლის მიმართ.
1. ვინ უფრო გიყვარს: დედა თუ მამა?
უცნაურია, რომ ამ კითხვას საკმაოდ ხშირად უსვამენ ყველა ასაკის ბავშვს. ხან თავად მშობლები, ხან ნათესავები ან ნაცნობები. მაგრამ ეს არ ცვლის არსს: ასეთი ფორმულირება ბავშვს აბნევს. როგორც არ უნდა უპასუხოს, სავარაუდოა, რომ დიდი ხნით თავს დამნაშავედ გრძნობს. და სრულიად მიუღებელია დედისგან ან მამისგან ასეთი კითხვის დასმა. მშობელს, რომელსაც ეს კითხვა უჩნდება, ჯერ საკუთარ გრძნობებთან უნდა გაუმკლავდეს.
2. აბა, დღეს კიდევ რა გააფუჭე?
მაშინაც კი, თუ თქვენი შვილი თქვენს ირგვლივ ყველასთვის თავის ტკივილის წყაროა, თქვენ არ გჭირდებათ მასთან ურთიერთობა ისე, თითქოს არც თქვენ და არც გარშემო მყოფი სამყარო არ მოელით მისგან რაიმე კარგს. მხოლოდ ბავშვში საუკეთესოს დანახვით, მხოლოდ მასში ამ საუკეთესოს გულწრფელად რწმენით შეგიძლიათ ნამდვილად დაეხმაროთ მას.
3. როგორ არის საქმე სკოლაში? საშინაო დავალება შეასრულე? დღეს ისაუზმე? საწოლი გაშალე?
ყველა ეს და მსგავსი კითხვები (ხშირად ერთმანეთის მიყოლებით, დამახსოვრებული ტექსტის მსგავსად) არ დაგეხმარებათ შვილთან კომუნიკაციის დამყარებაში, მხოლოდ შთაბეჭდილებას შექმნის, რომ თქვენი ინტერესი მისი ცხოვრების მიმართ ზედაპირულია. სხვათა შორის, თავად შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს, მაგალითად, ისწავლოს საშინაო დავალების კარგად და სწრაფად შესრულება.
4. რატომ არის ოთახი თავდაყირა?
მშობელი უკმაყოფილებას გამოთქვამს მოზარდის ოთახში შეხედვისას და უშვებს მინიმუმ ორ სტრატეგიულ შეცდომას. ეს არის ბავშვის ტერიტორია და ნორმალურია, რომ სტუმარი კარნახობს მასპინძელს პირობებს? მოზარდმა თავისთვის მოაწყო მისთვის მოსახერხებელი ნივთების განლაგება. ზრდასრულთა თვალსაზრისით, ეს არის სრული ქაოსი, ბავშვის თვალსაზრისით კი ეს არის შემოქმედებითი ქაოსი. ეს არის პირადი საზღვრების პატივისცემა. შესაძლოა, ასე გამოხატავს პროტესტს მშობელთა კონტროლის წინააღმდეგ და აცხადებს თავის დამოუკიდებლობას. ნუ შეგეშინდებათ, რომ ბავშვი ბინძური გაიზრდება, გახსოვდეთ აღზრდის პირველი წესი: პირადი მაგალითი. თუ თქვენს ბინაში ყველაფერი მოწესრიგებულია და თავის ადგილზეა მოთავსებული, მაშინ დიდი ალბათობით, ბავშვი ამ ტრადიციას გააგრძელებს.
5. ყველამ თუ გაიგო, შენ რატომ ვერ გაიგე?
მამა ირონიულად ამბობს ამ სიტყვებს სკოლაში მიღებული ნიშნების ნახვის შემდეგ. ხშირად მშობლები ეკითხებიან შვილს, რატომ არ გააკეთა რაღაც ისე, როგორც მისმა მეგობარმა გააკეთა, ან რატომ ვერ მიაღწია წარმატებას კლასელის მსგავსად. მაგრამ ბავშვის წარმატებების შედარებით, უფროსები რისკავენ, რომ ის ნევროტიკად აღზარდონ, რომელიც მუდმივად უკმაყოფილო იქნება თავისი ცხოვრებით. არასახარბიელო შეფასება არ იწვევს შედეგის გაუმჯობესების სურვილს, არამედ იწვევს უარყოფით ემოციებს – გაღიზიანებას, ბრაზს, წყენას. ბავშვი თქვენს შედარებას სხვა მშობლებთან იწყებს, რაც ასევე არ არის ჯანსაღი მოვლენა ოჯახურ ურთიერთობებში.
6. რაში გჭირდება ფული? ჯერ პატარა ხარ
გაიხსენეთ, ბავშვობაში როგორ გვინდოდა რაც შეიძლება მალე გავმხდარიყავით დიდები და როგორ გვწყინდა უფროსების დამოკიდებულება. ამ სიტყვებში ბავშვის მიმართ უნდობლობის მარცვალია. მაგრამ მშობლების მთავარი შეცდომა სხვაა. ფინანსური მენეჯმენტის უნარებიც ადრეული ასაკიდანვე უვითარდებათ. თუ უფროსებს განსხვავებული აზრი აქვთ, ურჩევნიათ ბავშვები არ ჩართონ ფინანსურ საკითხებში, ამით ისინი ცუდ სამსახურს უწევენ მათ. ჯიბის ფული ასწავლის ბავშვს არ დახარჯოს ზედმეტი, დაზოგოს და არ გააკეთოს სპონტანური შესყიდვები. და უმჯობესია, რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ ბავშვის ფინანსური წიგნიერების სწავლება, ჯერ თამაშის სახით, შემდეგ კი ჯიბის ფულით.
როგორ წარვმართოთ შვილთან დიალოგი
რა უნდა ჰკითხოთ შვილს? უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია საუბრის მიზანი. შემდეგ კი გავაანალიზოთ: ნამდვილად დაეხმარება ბავშვს ჩემი შეკითხვა საშინაო დავალების შესახებ? და თუ ვკითხავ, ვუყვარვარ თუ არა, დამეხმარება თუ არა უკეთ ვაგრძნობინო ჩემი სიყვარული და მხარდაჭერა? თუ კითხვის მიზანი და თავად კითხვა ერთმანეთს არ ემთხვევა, ხომ არ ჯობია, საერთოდ არ ვკითხოთ? მხარდაჭერისთვის დააზუსტეთ, თუ როგორ შეგიძლიათ დახმარება. ურთიერთობის გასამყარებლად კი ჰკითხეთ თქვენს შვილს ის, რაც მას რეალურად აწუხებს და აინტერესებს. იმისათვის, რომ აჩვენოთ თქვენი სიყვარული, უმჯობესია არაფერი ჰკითხოთ, უბრალოდ ხმამაღლა უთხარით ეს.
წყარო: https://mshoblebi.ge