“ბავშვებმა ქვები დავუშინეთ, რუსები გადმოხტნენ და გამოგვეკიდნენ ” – ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი 9 აპრილზე
“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით ემოიცური პოსტი გამოაქვეყნა.
“9 აპრილის დილით, მახსოვს, მამაჩემის გინებამ გაგვაღვიძა მე და ჩემი და – რუსმა უჯიშოებმა ქალები დახოცეს რუსთაველზეო. მახსოვს დაძაბული სიჩუმე მთელს ჩვენს უზარმაზარ ეზოში. მერე პავლოვზე რუსი სამხედროების კოლონამ ჩამოიარა და ბავშვებმა ქვები დავუშინეთ. რუსები გადმოხტნენ და გამოგვეკიდნენ. რამდენიმე საათს, ნახევარი ეზო სახურავზე ვიმალებოდით მაგარი შეშინებულები და თან ამაყები, რომ რამდენიმე მანქანას ფარები ჩავუმტვრიეთ. საღამოს პავლოვზევე უზარმაზარი საპროტესტო კოლონა მოდიოდა სიგნალებით, სამფეროვანი დროშებით. ბავშვები ხეებზე ვიყავით ამძვრალები და ჩვენ მიერ სახელდახელოდ დამზადებულ დროშებს ვიქნევდით. მეორე დღეს სიონთან მივედით. მახსოვს წარმოუდგენლად ბევრი ყვავილი და საოცარი, გამაოგნებელი ერთიანობა იყო. ყველა ერთმანეთს უსამძიმრებდა, ყველა ერთმანეთს ამხნევებდა. ამაყი გლოვა იყო, რაღაცნაირი. უბრალოდ, დღემდე ვერ ვხვდები, 9 აპრილის გამაოგნებელი სოლიდარობის შემდეგ ასევე გამაოგნებელი სიშმაგით როგორ დავერიეთ, სულ რაღაც, 2 წელიწადში ერთმანეთს ჯერ რუსთაველზე, მერე – სამეგრელოში? თუმცა, დღეს 9 აპრილის და ყველას დიდება, ვინც დაიღუპა და ვინც წინააღმდეგობას უწევდა რუს გარეწრებს იმ ღამეს! “, – წერს ელისაშვილი სოცქსელში.
1989 წლის 9 აპრილს რუსმა სამხედროებმა რუსთაველზე შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს. ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.