“ბავშვები ამბობენ, რომ შენობის ქვეშ არის რაღაც შესაძრომი და იქ შემძვრალა…” – დეტალები რიყის პარკთან არსებულ შენობაში დატრიალებულ ტრაგედიაზე
25 იანვარს თბილისში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. უნდა გაირკვეს, ვის დაუდევრობას შეეწირა 16 წლის მოზარდის, იოსებ ადეიშვილის სიცოცხლე.
როგორც ცნობილია, ბავშვი რიყის პარკის მიმდებარედ მდებარედ, რიყის დოქების ტერიტორიაზე წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და საუბედუროდ მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო. უმძიმესია ოჯახის მწუხარება. ბავშვის დედა ჟურნალისტთან ამბობს, რომ ამ ფაქტს მისი შვილის მეგობრები შეესწრნენ.
“ჩემი ბიჭი, ჩემი დიდი ფრთა იყო, ყველაფერი გავიარეთ, ქირიდან ქირამდე, სულ ქირით ცხოვრება, განიცდიდა ჩემი ოთახი არ მაქვსო. იქ შესულა, ტუალეტი უნდოდა და თხრილში ჩავარდა, ისე ყვიროდა, დამეხმარეთო, მიშველეთო, ბიჭებმა, მისმა მეგობრებმა გაიგეს იოსების ხმა, ვერაფერი ვერ უშველეს. წყალი 3 მეტრზე იყოო, ბავშვები ისე დაბნეულები არიან, ცუდად არიან. დაბნეულები არიან, მათ თვალწინ მათი ბავშვობის მეგობარი დაიღუპა. ბავშვებს ფსიქოლოგები სჭირდებათ. არ ვიცი საერთოდ რა ვთქვა, ძალა არ მაქვს, ისე მეცოდება ჩემი ბიჭი, არ ვიცი ეს ამბავი ვის დავაბრალო, გამგეობა, მერია, ვინ არის პასუხისმგებელი, ქალაქის მერს კახი კალაძეს მინდა ვუთხრა, მიაქციოს ამ საქმეს ყურადღება. იმერელი ბიჭია იოსებ ადეიშვილი და ყურადღება მიაქციოს ამ სიტუაციას. ვინმე რომ არ დაიღუპოს და ცუდი არაფერი არ მოხდეს. როგორც ბიჭები ამბობენ, რიყის დოქების დიდი მილები რომ არის იქ უკნიდან შევიდა და ელოდებოდნენ, ცოტა ხანში მისი ხმა გაიგეს. თვითონ 14- 15 წლისები არიან და არ იციან ექსპტრემალურ სიტუაციაში ერთმანეთს როგორ დაეხმარონ, წყალი რაც დაგროვებულია, ზედაპირულად როგორც ბეტონი ისე ჩანდა, ბავშვს ბეტონი ეგონა და ჩავარდა იქ… მყვინთავებმა ამოიყვანეს მერე იქიდან… კიდევ პატარა მყავს და შიშით ვარ ამ ქალაქში” – ამბობს ჟურნალისტებთან მომხდარით შეძრული მოზარდის დედა, ირმა ადეიშვილი.
იოსებ ადეიშვილი თბილისის 132-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო. იმ საბედისწერო დღეს მეგობრებთან ერთად რიყეზე სასეირნოდ წავიდა და ეს უბედურებაც იქ დატრიალდა. სკოლის დირექტორის თქმით, ბავშვებს გამვლელები არ დაეხმარნენ, რადგან ისინი რუსულად ითხოვდნენ დახმარებას.
თამარ მაჭარაშვილი, 132-ე საჯარო სკოლის დირექტორი:
“იოსები ჩვენი სკოლის მოსწავლეა, ძალიან განვიცდით ამ უმძიმეს ამბავს. დიდი უბედურება დატრიალდა, ოჯახი ძალიან დიდ მწუხარებაშია და შეხვედრაც ვერ მოვახერხეთ ჯერჯერობით. დღეს მივდივართ სამძიმარზე. ქირით ცხოვრობდნენ და როგორც შევიტყვეთ, ვის ბინაშიც ცხოვრობდნენ იმ ბინის პატრონმა ცხედრის დასვენების უფლება არ მისცა ოჯახს, ამიტომ ბავშვის ცხედარი დასვენებულია გურამიშვილის გამზირზე მდებარე რიტუალებისთვის განკუთვნილ სახლში. დღეს ვაპირებთ სამძიმარზე მისვლას. ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, იოსები არ იყო მერვე კლასელი, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ის ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო. იმ საბედისწერო დღეს მასთან ერთად იყო ჩვენი სკოლის კიდევ ორი მოსწავლე, ისინი მერვე კლასელები არიან. ბავშვები მუსიკაზე ერთად დადიოდნენ. მოილაპარაკეს, კარგი ამინდი იყო და სასეირნოდ წასულიყვნენ. როგორც გავიგე, შაბათს რიყეზე წავიდნენ. ის ორი ბავშვი უფრო ადრე მისულა, მერე შეუერთდა მათ იოსებიც. იმხელა სტრესში არიან ბავშვები, ისე განიცდიან, რომ ფსიქოლოგებმა სასტიკად აგვიკრძალეს მათთან გასაუბრებაც კი. განსაკუთრებით მძიმეა იმ ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომელიც თავად ცდილობდა იოსების ამოყვანას. ვერ შეძლო ბავშვმა და თურმე თავს იდანაშაულებს. საშინელი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან. მანდატურებმაც გვთხოვეს და მშობლებთან ერთად მოვიყვანეთ გუშინ სკოლაში, სოცმუშაკიც იყო, ფსიქოლოგიც და ძალიან მძიმეა მათთვის ამ ფაქტის გახსენება. რასაც “ტვპირველში” ამბობენ, არ არის ასე. რიყის დოქების შენობა რომ დგას, იმის ქვეშ ყოფილა შესაძვრომი და ბავშვი იქ შეძვრა. ძალიან კეთილი და პატიოსანი ბავშვი იყო. ბავშვების თქმით, იოსები იქ შევიდა იმიტომ, რომ საპირფარეშო მოუნდა. სამივე ბავშვი ჩვენი სკოლის რუსულენოვან სექტორში სწავლობს. იოსების დედა ეროვნებით რუსია, მამა ქართველია, ბავშვები რუსულად საუბრობდნენ. რას მოიფიქრებდა ადამიანი, რომ პარკის გვერდით ამხელა საფრთხე ელოდა. ბავშვები ამბობენ, რომ შენობის ქვეშ არის რაღაც შესაძრომი და იქ შემძვრალა, იქ იყო ეს ჭა. ბავშვები იქვე ახლოს იყვნენ და იოსების ყვირილის ხმაზე შევიდნენ და ნახეს, რომ უკვე ჩავარდნილი იყო. მომხდარით შოკირებულები თურმე გამვლელებს რუსულად დახმარებას სთხოვდნენ, მაგრამ საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება. ნახევარი საათი არავინ გაეკარა მათ, არადა თურმე ხალხით სავსე იყო იქაურობა. მხოლოდ ერთი ტურისტი შეეცადა დახმარებას. რატომაც ამაზე არ საუბრობს ახლა არავინ, რომ ეს იყო გულგრილობა გამვლელების მხრიდან, არც დაურეკავთ 112-ში არავის. იქნებ ვინმეს შეძლებოდა მისი დახმარება. თვითმხილველებს რატომ არ ვეკითხებით, რატომ არ დაეხმარეთო. სტრესში მყოფმა ბავშვებმა ვერ მოიფიქრეს რომ დაერეკათ 112-ში და დახმარება ასე ეთხოვათ. ვინც იძიებს საქმეს იმათ ბავშვებისთვის უთქვამთ, ჩვენ კამერებს ამოვიღებთ და გულგრილობისთვის პასუხს მოვთხოვთ ამ ხალხსო. ერთი ბავშვი ცდილობდა იოსების ამოყვანას, მეორე ძალიან გამხდარია, ის ვერც დაეხმარებოდა, მარტო ყვიროდნენ… თბილისში დაბადებული და გაზრდილია ეს ბავშვი. გლდანში, მერვე მიკრორაიონში ცხოვრობს ოჯახი, ნაქირავებში იყვნენ უბრალოდ. ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი ჩემთვის. როგორც გვითხრეს მუსიკაზე დადიოდა. შაბათს კარგი ამინდი იყო და წავიდნენ სასეირნოდ და ეს უბედურება დატრიალდა. იოსები ძალიან თბილი და ყურადღებიანი ბავშვი იყო. მოწესრიგებული. პირველი კლასიდან მე ვასწავლიდი ქართულს, უფროსის მიმართ პატივისცემით გამოირჩეოდა. ყველა ბავშვი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და განვიცდი, მიჭირს საუბარიც კი. რომ მივიდნენ ყვირილზე ბავშვები უკვე ჩავარდნილი იყო, სიღრმე რა იყო, არაფერი არ ვიცით. მინდოდა ის ადგილი მენახა, განა რა არის იმისთანა, რომ არავინ შევიდა და არ დაეხმარა ბავშვს. იქნებ შეიძლებოდა გადარჩენა. პატარებმა ვერ მოიფიქრეს რომ დაერეკათ.
თბილისის მერია გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და უწყებაში აცხადებენ, რომ მოზარდი არა რიყის პარკში, თხრილში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა, არამედ შემთხვევა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოხდა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში. სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის. უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია. თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას ახლობლები ემშვიდობებიან. მომხდარზე პასუხისმგებლობას ოჯახის წევრები ხელისუფლებას აკისრებენ.
“შენ მოგიკვდი მამიდა, ჩემო ჭკვიანო, ასეთ ქვეყანაში ვართ მამიდა, ვის სტკივა ჩვენი ტკივილი. დასამხობი მთავრობა… ჩემს იოსკას რა ეშველება, ჩემო გულის ტკივილო, სული მეწვის მამიდა, შენი მშობლების ცოდვით. მოვდივარ მამი, დამხვდი ჩემო ჭკვიანო, მოგიკვდი”, – წერს შეძრული ბავშვის მამიდა, რომელმაც მერიის კომენტარის შემდეგ კიდევ ერთი სტატუსი დადო სოციალურ ქსელში.
“არ გრცხვენიათ უსინდისო მთავრობა… გამწარდით ჩემი საწყალი ძმასავით, აბა ვინაა მეპატრონე სააკაშვილი? ნაგავებო შეგრცხვეთ მაინც გამწარებულ ოჯახს თქვენი ტლიკინი რაში გვინდა. მაშინ მოათრიეთ მეპატრონე და აგოს პასუხი თქვე არადამიანებო, მკვლელებო. კიდევ რამდენი უნდა გაამწაროთ ჩვენსავით”, – წერს მომხდარით განადგურებული მამიდა.
ვის უნდა დაეცვა იქ უსაფრთხოება, რატომ არ იყო კერძო ტერიტორია შემოღობილი, ვის უნდა გაეკონტროლებინა იქაურობა, ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი, რატომ არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული? ეს და სხვა ბევრი დეტალი ახლა გამოძიებით უნდა გაირკვეს.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც უწყებაში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რას დაადგენენ სამართალდამცავები, ეს დააკავებენ თუ არა ვინმეს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წყარო: https://kvirispalitra.ge/