“ახლა რა ვქნა?! როგორ ვიცხოვრო?! როგორ ვაპატიო ჩემს თავს გვერდით რომ არ გყავდი” – ანიტა ფაცაციას ბებიის ემოციური პოსტი

ანიტა ფაცაციას ბებია, თამარ გლურჯიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“დღეს სამუდამოდ წახვედი, ჩემო ბედნიერებავ. ვეღარ შეგეხები, ვეღარც ცივს და უმოძრაოს. მაინც რა ლამაზი იყავი, რა მხიარული, რა ტკბილი, რა არაამქვეყნიური…

ვერ ვძღებოდი შენით. ჩახუტებულიც, ჩაკოცნილიც მენატრებოდი. სულ მენატრებოდი. იმხელა სიყვარული მასწავლე, ზიდვა მიჭირდა. თურმე მთელი ცხოვრების საკმარისი სიყვარული ამკიდე ერთიანად ასე მალე წასვლას რომ აპირებდი, იმიტომ.

ახლა რა ვქნა?! როგორ ვიცხოვრო?!

როგორ ვაპატიო ჩემს თავს გვერდით რომ არ გყავდი, როცა სიცოცხლისათვის იბრძოდი, როგორ?!მაპატიე, ჩემო ბედნიერებავ, ყველა მოუფერებელი დღისთვის მაპატიე. აქედან გეფერებოდი, მაგრამ შენ ეს არ იცოდი და იმ გაგლეჯილ, ნაწამებ გულში ალბათ ესეც გტკიოდა.

ვერ გიშველე, ვერ დაგტოვე ამ წყეულ, უსამართლო, უშენოდაც სიცოცხლის გამგრძელებელ დედამიწაზე. ვერაფერი გავაკეთე შენი კისკისისთვის. დაგაღალატე. მაპატიე, ჩემო ბედნიერებავ, ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო მთელს სამყაროში, ჩემო პატარავ, ჩემო ცქნაფაცქნუფა, ტკბილო, თბილო, დაუნდობლად სიცოცხლეწართმეულოგოგო. იმ სიყვარულისთვის მაპატიე სამყაროზე დიდი რომ მეგონა და ჩემი პაწაწინა ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად სამყოფი რომ ვერ აღმოჩნდა.

შენ ისეთი კეთილი ხარ, ვიცი მაპატიებ. მაგრამ მე ვერ ვაპატიებ ვერასოდეს ვერც საკუთარ თავს, ვერც ამ სამყაროს, ვერც ვერანაირ არსებულ თუ არარსებულ ზე-ძალას. ნუთუ ერთი ციცქნა, ნაზი, პატარა, უწყინარი, უმწეო ანიტა ამძიმებდა ამ ცოდვილ დედამიწას იმდენად, რომ მისთვის პაწია ადგილიც ვერ გამოინახა?!რა გითხრა მეტი ჩემო ბედნიერებავ, მიყვარხარ და დღითიდღე კიდევ და კიდევ უფრო მეყვარები. ამას ნამდვილად გპირდები ჩემო თვალებბრიალა გოგო, ჩემო საოცრებავ.

რა ცოტა იცხოვრე და რა ბევრი მოახერხე – უამრავ ადამიანს ამოგვიტვიფრემომავლისთვის ძალის მომცემი ლოცვა: ვიცოცხლოთ, გვიყვარდეს ანიტას-სთვის”, – წერს თამუნა გლურჯიძე.

ანიტა 30 იანვარს გარდაიცვალა, იგი სამშობლოში ჩამოასვენეს და გუშინ, 6 თებერვალს დაკრძალეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები