“ახალშობილს მწერები და ჭიანჭველები ესეოდა” – როგორია ჩვილის მდგომარეობა და რა სასჯელი ემუქრება ბავშვის დედას
ოზურგეთში, სათხილეში ნაპოვნი ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ჩვილი თხილის პლანტაციაში დაბადებიდან 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, როდესაც პოლიციამ აღმოაჩინა.
როგორც ”მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დავით მდინარაძე აცხადებს, ექიმები ჩვილს 3 საათის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს უტარებდნენ.
„ახალშობილის პოვნა მოხდა მშობიარობიდან, დაახლოებით, 4 საათის შემდეგ, ანუ მთელი 4 საათის განმავლობაში. მდედრობითი სქესის ახალშობილი, ერთი კილო და 700 გრამი იყო მინდორზე, ფოთლებში. მწერები და ჭიანჭველები ესეოდა ახალშობილს და, მშობიარობიდან 4 საათის შემდეგ, გადმოყვანილ იქნა ჩვენს კლინიკაში და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კლინიკის მთელი სამედიცინო პერსონალი სამი საათის განმავლობაში ბავშვს თავიდან არ მოსცილებია. გასულია რამდენიმე საათი და ბავშვი ცოცხალია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა დავით მდინარაძემ.
31 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საშვილოსნოდან სისხლდენით შეიყვანა. მედიკოსებმა იეჭვეს, რომ ქალს მშობიარობის შემდგომი პერიოდი ჰქონდა, თუმცა ის ამას არ აღიარებდა, რის შემდეგაც მათ პოლიცია გამოიძახეს.
ახალშობილი ბავშვის დედა, 31 წლის ქალი ისევ კლინიკაში რჩება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.