ახალი წელი ზედმეტი კილოგრამების გარეშე

შობა-ახალი წლის დღეები ის პერიოდია, როცა ახლობლები სუფრასთან ვიკრიბებით და ცოტა ხნით ვივიწყებთ ყოველგვარ დიეტას, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ გემრიელი კერძები ყოველთვის არ ნიშნავს მავნე საკვებს.

ტრადიციული”ოლივიეს” მომზადებაც კი შეიძლება ისე, რომ ზედმეტი კილოგრამები არ აკრიფოთ. თუ გაითვალისწინებთ რამდენიმე მარტივ რჩევას და სწორად მოამზადებთ სადღესასწაულო კერძებს, არც ჯანმრთელობას ავნებთ და არც თქვენს მოხდენილ გარეგნობას დაემუქრება საფრთხე.

უპირატესობა მიანიჭეთ გამომცხვარ და არა შემწვარ საკვებს, მაგალითად, ღუმელში მომზადებული თევზი, ხორცი, ბოსტნეული უფრო გემრიელია და ჯანმრთელობასაც არ ვნებს. ამგვარად მომზადებულ თევზსა და ხორცს სუნელებით შეზავებული ბრინჯის გარნირი მოუხდება, გარნირად შეგიძლიათ შეარჩიოთ ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი და ლამაზად გააფორმოთ მწვანილით.

ტრადიციული მძიმე სალათები, როგორებიცაა”ოლივიე” და”შუბა”, შეგიძლიათ, ახალი ბოსტნეულით, ხილითა და მწვანილით ჩაანაცვლოთ. მით უმეტეს, თუ შობის მარხვას იცავთ, ამგვარი სალათა თქვენს სამარხვო რაციონს უფრო გაამრავალფეროვნებს, თან, ჯანმრთელობისთვისაც ბევრად სასარგებლოა.

ჰოროსკოპების მოყვარულებს კი შევახსენებთ, რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2015 ლურჯი თხის წელიწადია და მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სასურველია, სუფრაზე მცენარეული კერძები ჭარბობდეს. თქვენს ჯანმრთელობას არ ავნებს, თუ ზომიერად მიირთმევთ თხლად დაჭრილ შებოლილ პროდუქტსა და ყველს.

ჯანმრთელობისთვის, ასევე, წონაში რომ არ მოიმატოთ, უმჯობესი იქნება, გაზიანი სასმლის ნაცვლად, ჩვეულებრივი წყალი ან ნატურალური ხილის ან ბოსტნეულის წვენი დალიოთ. ტკბილი ღვინო კი მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინოებით შეცვალეთ. ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტი შამპანურიც ნაკლებშაქრიანი შეარჩიეთ.

საერთოდ კი, ყველაზე კარგი რჩევაა, დაიცვათ ზომიერება ყველანაირი საკვებისა და სასმლის მიღებისას.

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები