“ლუტეცია ჯგუფის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე 63 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც თანამშომლები წერენ, ის გამოირჩეოდა სითბოთი და ადამიანობით. მათი თქმით, როდესაც კორონავირუსს მთელი მსოფლიო ებრძოდა და საქართველოში ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდა, არცერთ თანამშრომელს სამსახური არ დაუკარგავს და ისინი ხელფასსაც იღებდნენ.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი თანამშრომელი აქვეყნებს მის მიერ დაწერილ წერილს, სადაც ის თანამშრომლებს ამხნევებს.
„დილა მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო, არ მოიწყინოთ, ჩვენ მალე ისევ ერთად ვიქნებით, შევუდგებით საყვარელ საქმეს კიდევ მეტი ენთუზიაზმითა და, რაც მთავარია, მეტი სიყვარულით ერთმანეთის მიმართ. ეს დრო კი ოჯახს დავუთმოთ და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით.
თორემ სხვაგვარად ჩვენ მათთვის ვერ ვიცლით. მრავალი კეთილი და სიყვარულით სავსე დღე გველოდება წინ!
გახსენით გულები და ნუ მოგერიდებათ, სრულად გამოაჩინოთ თქვენი მთავარი გრძნობა, სიყვარული. მე თქვენ მიყვარხართ.
მე ვხედავ, რომ ახალი ერა იწყება. კორონავირუსი შედეგია ცხოვრების იმ სტილისა, რაც ადამიანებმა აირჩიეს. ესაა ტექნოლოგიების შედეგიც, ის რომ ადამიანი გახდა რობოტი. ახლა კი დროა, მუხრუჭები ამოვწიოთ, დავფიქრდეთ, გულებიდან ამოვძირკვოთ სიძულვილი, შური და ბოღმა. გავთავისუფლდეთ ამ საშინელი ვირუსისგან და გამოვიყენოთ მთავარი ვაქცინა სიყვარული გვერდით დგომისა და სოფელიც აშენდება“, – წერდა ვახტანგ ფხაკაძე თანამშრომლებს.