“ახალი გამოსულები ვიყავით სოხუმიდან, როცა მამაჩემს ვუამბე”…

ჟურნალისტი კობა ბენდელიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“სოხუმში დარჩენილმა ერთმა კარგმა ადამიანმა, მამაჩემის ყოფილმა მოსწავლემ, ჩემს დას ორი დღის წინ ჩვენი სახლის ორი ფოტო გამოუგზავნა. არ დაგიმალავთ, ძალიან კი „დავიგრუზე“, მაგრამ მაინც ყურადღებით კი ვათვალიერე. ამ ეზოში და სახლში გავიზარდე და, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, რაც სამყაროში ხდება, მაინც მაქედან ყურება ვერ მოვიშალე. თითქოს ბევრი არც არაფერია შეცვლილი. მაგრამ, როგორც ჩანს, ე.წ. პაროვოი ოტოპლენიეს ან ვერ ხმარობენ, ან დახსნილია, ანაც საწვავი ძვირი ღირს და ისევ „ფეჩზე“ არიან გადასულები.

ამაზე მეტყველებს „ფეჩის ტრუბა“ და ეზოში მოზიდული შეშა. ხოო, შესასვლელში, ე.წ. პრიხოჟაში, კარები არ იყო და დაუყენებიათ ახალი კარები. ქვედა სართულზე ერთი ფანჯარაც გამოცვლილია. ტალავერზეც ვხედავ ცვლილებას. ვენახის უხეიროდ გასხვლის გამო ტალავერის შუაში სიცარიელეა. და კიდევ, მეორე სართულზე მოაჯირი დაჟანგული ჩანს. მე 2-3 წელიწადში მიწევდა მისი შეღებვა. ჩემს ქუჩას კომსომოსლოე შოსე ერქვა. სახლს ნომერი 66 შენარჩუნებული აქვს, მაგრამ ახლა იგი საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული აფხაზი მეომრის სახელს ატარებს. ახლა ამ სახლში მრავალშვილიანი აფხაზური ოჯახი ცხოვრობს.

ახალი გამოსულები ვიყავით სოხუმიდან, როცა მამაჩემს ვუამბე ჩვენთან მრავალშვილიანი ოჯახის ცხოვრების შესახებ. ცოტა დაფიქრების შემდეგ მან მთხოვა ოჯახის უფროსისათვის როგორმე მიმეწვდინა ხმა ელექტროსადენების პრობლემაზე. – დროზე დაუკავშირდი, უბედურება არ მოხდეს და ბავშვებს არაფერი დაემართოთ! – ბრძანა დევნილობაშიც პედაგოგად დარჩენილმა მამაჩემმა, აპოლონ ბენდელიანმა. ვინც მამაჩემს იცნობდა, იცის, რომ მე მის ამ დავალებას შეუსრულებელს ნამდვილად ვერ დავტოვებდი. არც ვნანობ. ახლაც მახსოვს იმ ადამიანის გაკვირვება, ვისაც ვთხოვე ჩვენს სახლში მცხოვრებლებისათვის ინფორმაციის მიწვდენა. ნუ კარგი, რაცაა, ეგაა. აღარ გავაგრძელებ…”,-წერს ბენდელიანი.

12483711_1023366364375915_581931509_n

კომენტარები

სხვა სიახლეები