გათხოვებას რომ გადაწყვეტთ პორველი რაც უნდა გააკეთოთ უნდა მიბრძანდეთ წიგნის მაღაზიაში და შეიძინოთ “მზითვის წიგნი” მისი წაკითხვის შემდეგ გათხოვება კი არა საერთოდ აღარაფერი მოგინდებათ. თუ წიგნი უკვე დეფიციტშია, მაშინ თვალი გადაავლეთ ამ პოსტს, რომელიც ეხება იმას თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გათხოვების შემდეგ ახალგათხოვილი ქალების ზოგადი კონტექსტიდან რომ არ ამოვარდეთ:
წაშალეთ კვალი
გათხოვების შემდეგ აუცილებლად შლით ყველა ფოტოს ფეისბუქიდან. იდეალურ ვარიანტში ქმნით ახალ პროფილს თქვენი და მეუღლის სახელებით და იქ ანთავსებთ უამრავ ოჯახური მყუდროებით გაჟღენთილ ფოტოს, აუცილებელია ფოტო-ალბომი სახელწოდებით “მე და ჩემი დედიკო” სადაც ასახული იქნება თქვენ და თქვენი დედამთილი როგორ აკეთებთ ერთად გოზინაყს კომენტარით “ჩემს დედამთილზე უკეთესს გოზინაყს ვერავინ აკეთეეეებს” შემდეგ კომენტარები ქმრის ნათესავების, რომლებიც კიდევ ერთხელ შეაქებენ ამ ქალბატონის კულინარიულ შესაძლებლობებს და შეჰნატრიან მის ბედს ამისთან რძალი რომ შეუვიდა ოჯახში.
(აღნიშნულ ფაქტის ილუსტრირებას სრულად ინახავს ფეისბუქი, უბრალოდ კორექტულობა მკარნახობს ის აქ არ გამოვაქვეყნო )
წაშალეთ კვალი – დუბლი 2
ასევევ აუცილებლობას წარმოადგენს დავუკავშირდეთ ყველა ფოტოგრაფს, რომელთანაც ინახება თქვენი ღია ან ნახევრად ღია ფოტოები და მოვსთხოვოთ მათ მათი დაუყოვნებელი განადგურება ” გავთხოვდი და ხომ ხვდები”-ს მიზეზით. თუ ფოტოგრაფი გაჯიუტდება საქმეში ვრთავთ მეუღლეს ” მე არ მინდა ჩემ ცოლს ვინმემ უყუროს” – არგუმენტით.
(აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებენ ფოტოგრაფები)
“წულპანჩიკები”
თქვენც ხშირად და უშეცდომოდ ცნობთ ხოლმე ახალგათხოვილ ქალებს?
ოქრო, ოქრო ასხმული ყველგან, ყველა თითზე. საახალწლოდ აღუნძული ნაძვის ხეს ემსგავსებიან. ყველა ნაჩუქარი სამკაული ზედ. უპირატესობას ვანიჭებთ ქმრის ნათესავების მიერ ნაჩუქარ სამკაულებს, შენებს ისედაც უყვარხარ.
და ეს საოცარი და მისტიური “წულპანჩიკები”. ვერ ვხვდები საიდან გაჩნდა აბსოლუტურად ყველა ოჯახში ეს გულისამრევი “წულპანჩიკები” ალბათ სსრკ-ში მას სადღაც ბითუმად ყიდულობდნენ და იმარაგებდნენ მომავალი რძლებისთვის
ჩაცმის სტილის რადიკალური ცვლილება
კიდევ რით გამოირჩევიან ახალგათხოვილი ქალები?
ჩაცმის სტილის რადიკალური ცვლილება, ახალნაყიდი ტანსაცმლის სუნი.
მე ჯერ არ მინახავს ახალ გათხოვილი ქალი ჯინსებით და მოხერხებული მაისურით გამოჩენილიყოს საზოგადოებაში. აუცილებლად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, ზედმეტად ქალური იუბკა ან კაბა აუცილებლად მუხლს ქვემოთ და ოქროები, ოქროები, ოქროები ყველაგან. დედამთილის ნაყიდი დუბლიონკა გამომრჩა ხო? ეგ ისედაც იგულისხმება.
პრიორიტეტების რადიკალური ცვლილება (!)
ერთი ფეისბუქ მეგობარი მყავდა, რომელსაც მგონი ყველგან ჰქონდა ნასწავლი სადაც ჩვენი თვითფრინავები დაფრინავენ. ფეისბუქზეც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა – თარგმნიდა საერთაშორისო კონვენციებს, აშეარებდა სამართლებრივ სიახლეებს, საინტერესოდ მსჯელობდა საზოგადოებაში მიმდინარე ყველა პროცესზე, მოკლედ მის ვოლზე სერიოზულ იურიდიულ განათლებას მიიღებდა კაცი, რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და ახლა მისი სტატუსებიდან მხოლოდ იმის გაგება შეიძლება “რაქშა” უფრო კარგად ხეხავს “აბაზანას” თუ “მისტერ მუსკული” და მხოლოდ ის ანიჭებს ბედნიერებას თუ სადმე სუპერმარკეტში ისეთ ახლა ფხვნილს აღმოაჩენს, რომელიც გაზქურას ისე წმენდს ნაკაწრს არ უტოვებს. ეს ზოგჯერ იმდენად გამაღიზიანებელია, რომ მინდება იმ თავის რაქშით გაპრიალებულ სამზარეულოში მივუვარდე და ის თავისი ნათარგმნი კონვენციები ვურტყა თავში, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი გახდეს, თუ თავიდანვე არ არის ასეთი?
გა-უცხო-ება
ამ პუნქტის გასაგებად უნდა მოვყვე ორი ისტორია რომელსაც თავად შევესწარი:
ისტორია #1 – მარშუტკაში ასე ოცდახუთწლამდე გოგო უყვებოდა დედას ( რომელიც როგორც ჩანს საზღვარგარეთ იყო ) თავისი ახალი ოჯახის შესახებ და დედამთილზე, მამამთილზე და მაზლებზე ლაპარაკი რომ დაამთავრა მერე ეტყობა იმან კითხა იქიდან ქმართან როგორ ხარო და ეს პასუხობს: მირჩევნია ჩვენს გარდა სახლში კიდე ვიღაც იყოს, თორემ მარტო რომ ვრჩენი უხერხულად ვარ და წარმოდგენა არ მაქვს რაზე ველაპარაკოო.
ისტორია # 2- მეორე ისტორიას “პასაჟში” შევესწარი როცა დედამთილი, ქმარი და ორი კონსულტანტი გოგო ერთ ახლადგათხოვილ გოგოს რაღაც დებილურ, ზედმეტად ქალურ კაბას არგებდა, რომელიც მას დედამთილის ბიძაშვილის ქორწილში უნდა ჩაეცვა და დედამთილი ეუბნება ამ გოგოს – გოგო ან მიტრიალდი, ან მოტრიალდი მანახე ტანზე როგორ გაზისო, ეს გოგო უხერხულად იჭმუხნებოდა და ბოლოს ქმრის მისამართით თქვა – აუ ხვიჩა გავიდეს რა მაგასთან მერიდებაო
ხვიჩა გავიდა.
თქვენც ხომ გინახავთ ახალგაზრდა წყვილები ქალთა კონსულტანციებზე, რიგებში გინეკოლოგებთან. როგორები არიან ისინი? გოგოს აშკარად ზედმეტად ჩაფიქრებული სახე აქვს, თითქოს მსოფლიო სევდა დაადეს კისერზეო (ამაზე ქვემოთ) ბიჭმა კი სწორედ თითქოს ახლა გაიაზრა რამხელა ტვირთი წამოიკიდა და თან ისე სულ რომ არ უნდოდა. ისინი არ გვანან ცოლ-ქმარს, ისინი გვანან ორ სრულიად უცნობ ადამიანს, რომლებიც თვალებშიც კი ვერ უყურებენ ერთმანეთს და მათ შორის იმხელა დაძაბულობაა, სულ გინდა რამე კარგი ანეგდოტი მოუყვე.
დაბრძენება
16-17 წლის გოგოები just for one night რომ თხოვდებიან, მეორე დღესვე ორსულდებიან, ორ წელიწადში სამ შვილს რომ აჩენენ და მერე ისე ბრძენდებიან ზარატუსტრას შეშურდება. მერე ჭკუის სწავლებასაც რომ გიწყებენ, იმიტომ რომ შენ ხომ აზრზე არ ხარ რა არის ცხოვრება, რა არის ქმარი, შვილი, ოჯახი. არადა რატომ არ ვარ? მეც ხომ წავიკითხე “მზითვის წიგნი” და უკვე ვიცი როგორ დავხვდე სახლში საყვარლებიდან დაბრუნებულ ქმარს – “სუფთად ჩაცმული და სადად თმადავარცხნილი. ” ნუ მართალია მათ ზღვა გამოცდილებასთან ვერ მივალ, მაგრამ ესეც ხომ გასათვალისწინებელია?
მისატან- დასახვედრი
თავისთავად ცხადია რომ რძალს უნდა დახვდეს სავსე ოჯახი. დედამთილმა უნდა დაახვედროს: ოქროული, “წულპანჩიკები” დუბლიონკა, სახლის ლაგებისა და საჭმლის კეთების ზღვა გამოცდილება და “ნეძელკა ტრუსიკები” და აი ეს “ნეძელკა ტრუსიკები” როგორც ჩანს საბჭოთა კავშირში “წულპანჩიკებთან” ერთად იყიდებოდა კომპლექტში და რამდენი ბიჭიც გყავდა იმდენი უნდა გეყიდა, რომ რძლისთვის დაგეხვედრებინა ოჯახში. ოჯახი კი ისე უნდა იყოს სავსე დედამთილს სათქმელი ჰქონდეს “ისე პირთამდე სამსე ოჯახი დავახვედრე, იმის მოტანილი რაღაში მჭირდებოდაო”, მაგრამ თავის მხრივ მისატანი შენც უნდა მიიტანო: მატყლის საბნები, ბაროკო-როკოკოს სტილის “ხრუსტალის” ვაზები, მადონას სერვიზი, შავი ლაკი ტუფლები თავი თეთრი ნასკებითა და ა.შ.
წყარო:http://www.hexe.ge