იმ ახალგაზრდა მამაკაცების წინაშე, რომლებმაც ღამე პოლიციაში გაატარეს, ბოდიში Starbucks-მა, ფილადელფიის მერიამ და პოლიციის წარმომადგენლებმა მოიხადეს. Starbucks-მა იმ ორ 23 წლის აფროამერიკელთან, უკვე მოაგვარა კონფლიქტი, რომლებიც აპრილის დასაწყისში ამ ყავის მწარმოებლის ქსელის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. კომპანია, ახალგაზრდებს მორალური ზიანისთვის გარკვეულ თანხას გადაუხდის, ასევე, მთლიანად დაუფინანსებს კოლეჯში სწავლას და მათი თხოვნით ჩადებს 200 ათას დოლარს, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი იუწყება. თავის მხრივ, ფილადელფიის მერიამ მათი შერიგების აღსანიშნავად, სიმბოლური დოლარი გადაუხადა. ადგილობრივმა პოლიციამ კი, გაანადგურა ოქმები მათი დაკავების შესახებ.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ამ ისტორიის საუკეთესო ფინალია. დროთა განმავლობაში დავინახავთ პოზიტიურ ცვლილებებს ჩვენს საზოგადოებაში“- განაცხადა ერთ-ერთმა უკვე ყოფილმა დაკავებულმა დონტე რობინსონმა. Starbucks-ის პრეზიდენტმა კევინ ჯონსონმა უკვე საჯაროდ მოუხადა ბოდიში დაზარალებულებს და დაპირდა საზოგადოებას, რომ კომპანიის პოლიტიკა გადაიხედება. ეს ყველაფერი კი, აპრილში მომხდარ ისტორიას უკავშირდება, რომელიც ამ ორ ახალგაზრდას სწორედ Starbucks-ში გადახდა. ამ ისტორიის და მასზე ამერიკული საზოგადოების რეაქციის შედეგად, სახელგანთქმული კომპანია საყოველთაო ბოიკოტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. Starbucks-ი რასიზმში დაადანაშაულეს.
ინციდენტი 12 აპრილს მოხდა – ორი აფროამერიკელი დაწესებულებაში შევიდა. ისინი ნაცნობის მოლოდინში, მაგიდას მიუსხდნენ, მანამდე კი გადაწყვიტეს, შეკვეთა არ გაეკეთებინათ. ერთ-ერთმა მათგანმა რესტორნის თანამშრომელს საპირფარეშოთი სარგებლობისთვის ნებართვა სთხოვა, თუმცა მან იქ არ შეუშვა და უთხრა, რომ საპირფარეშოში შესვლა მხოლოდ კლიენტებს შეეძლოთ. ამას გარდა, მენეჯერმა მოთხოვა მათ ტერიტორია დაეტოვებინათ, მოგვიანებით კი პოლიცია გამოიძახა. შედეგად აფროამერიკელებმა მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარეს. პოლიციის კომისარის განმარტებით, Starbucks-ის თანამშრომლები ახალგაზრდებს ზრდილობიანად სთხოვნდნენ დაწესებულების დატოვებას, მაგრამ ისინი არ გადიოდნენ. მას შემდეგ, რაც დაკავების ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, მომხდარმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ამის მერე „ტვიტერის“ ამერიკული სეგმენტის ტოპში გავიდა ჰეშთეგი #BoycottStarbucks.
ამ დროისთვის კი, გახდა ცნობილი, რომ Starbucks-ი დაახლოებით 8000 თავის დაწესებულებას გაურკვეველი დროით დახურავს. ამ დროის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლები ტოლერანტობის ტრენინგებს გაივლიან.
სხვა სიახლეები