აუტისტი ”ჩემი ცოლის დაქალებიდან” – ”ნინო კასრაძე ჩემი კერპია…”

ფსიქოლოგსა და მსახიობ ზუკა გაბუნიას სახელით თითქმის არავინ მიმართავს, ”გაბუნკას” ეძახიან. სკოლა ზუგდიდში დაამთავრა, შემდეგ ილიას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და იქვე თეატრალურ ცენტრში სამსახიობო ხელოვნებას რეჟისორ ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით დაეუფლა. 20 წლის იყო, როცა ამერიკელ ეიბიეი თერაპევტებთან და ქართველ სპეციალისტებთან სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, მუშაობა დაიწყო აუტისტ ბავშვებთან. იმავდროულად, ზუკა ილიაუნის თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობს. კამერასთან მუშაობის დიდი გამოცდილება არ აქვს – სერიალ ”ტიფლისში” ყაჩაღის როლში გადაიღეს, ”ჩემი ცოლის დაქალებში” კი აუტისტ, ფოტოგრაფიით გატაცებულ ირაკლის როლს განასახიერებს…
– ვერ ვიტყვი, რომ რაიმე კონკრეტულმა შემთხვევამ ან ზეგავლენამ გადამაწყვეტინა პროფესიად ფსიქოლოგიის არჩევა. ჩემს დამრიგებელს ჰქონდა შეხება ფსიქოლოგიასთან, ფილოსოფიასთან და სკოლაში გახსნილ დღის ცენტრში უნარშეზღუდულ ბავშვებთან ურთიერთობდა. სულ ეს იყო, მომწონდა ეს საქმე და ხშირად დავდიოდი მათთან, მაგრამ მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მომავალში მეც მექნებოდა შეხება რომელიმე ტიპის დარღვევის მქონე პატარებთან. რაც შეეხება მსახიობობას, ეს ყოველთვის მინდოდა და მოგვიანებით ეს სურვილი ავისრულე.
– უწინ იფორმაციის ნაკლებობის გამო, მშობლები ვერ ხვდებოდნენ, რომ ბავშვი აუტისტია, თუ მათმა რიცხვა იმატა?

– აქ ბევრი ფაქტორია. ერთი ის, რომ სტატისტიკურად საქართველოში 88 ბავშვიდან ერთი აუტისტი იბადება. და ეს საკმაოდ მაღალი რიცხვია. მეორე საკითხია ის, რომ ინფორმაცია გავრცელდა ამ თემაზე. უწინ დიაგნოზიც არ არსებობდა. დღეს საქართველოში მხოლოდ ორ ცენტრში სვამენ ამ დიაგნოზს. სხვას არც იურიდიულად აქვს ამის უფლება და არც სპეციალისტები ჰყავთ. ამ მხრივ შეიცვალა ცხოვრების წესი და შეხედულებები. თუ ასეთ ბავშვებს ადრე მალავდნენ, ხშირ შემთხვევაში დღეს ასე აღარ ხდება. კი, ბევრს ცენტრში ბავშვი ანონიმურად დაჰყავს და ითხოვენ, ვინაობა არ გამჟღავნდეს, მაგრამ მთავარია, აუტისტ ბავშვებს ყურადღებას აქცევენ. ერთი მეზობელი მყავდა, ულამაზესი გოგონა იყო, ბავშვს ყველა გიჟს ეძახდა და ახლა რომ მახსენდება, ზუსტად ვხვდები, რომ აუტისტი იყო. თუმცა, მაშინ ამას ვერავინ ხვდებოდა და არც იცოდნენ რეალური დიაგნოზი.
– რა ასაკიდან შეიძლება მშობელმა შეამჩნიოს, რომ ბავშვი აუტისტია?
– დაახლოებით ორი წლიდან. მშობლები უმეტესად მეტყველების პრობლემას ამჩნევენ ბავშვს და ამის გამო უჩნდებათ ეჭვი, თუმცა, მანამდე ბავშვს ქცევის დარღვევაც შეიძლება ჰქონდეს და ეს საყურადღებოა. აუტიზმი, უხეშად რომ განვმარტოთ, არის ტვინის ნეიროგანვითარების დარღვევა, რომელიც ყველაზე მეტად სამ რამეში ვლინდება: მეტყველების პრობლემა, სოციალური ინტეგრაციისა და ქცევების დარღვევა. თავისთავად ეს სამი ნიშანი კიდევ ”იშლება” დეტალებად: თვალის კონტაქტის პრობლემა, ბავშვი არ შედის დიალოგში, ჩაკეტილია, ვერ ცნობს ემოციებს და ა.შ. როგორც ჩვენ ყველა განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ისე განსხვავდებიან ეს ბავშვებიც თავიანთი თვისებებითა და პრობლემებით.
– თეატრზე გადმოვინაცვლებ. თქვენი პირველი სპექტაკლები გაიხსენეთ…
– ”არიქა დო ვარიქა”, ”რომეო და ჯულიეტა”, ”სიზმრები სინანულისანი”, ”ოპერა მაფიოზო”, ”ევრიდიკე”; ახლახან გვქონდა ”მატყუარების” პრემიერა. თუმცა, ”ევრიდიკე”, რომელიც დღესაც რეპერტუარშია და მასში ვენსანის როლს ვასრულებ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მომწონს ეს ნამუშევარი.
– სერიალებზეც ვისაუბროთ…
– ”ტიფლისის” რამდენიმე სერიაში მივიღე მონაწილეობა, ეპოზოდური როლია, ყაჩაღის. რაც შეეხება ”ჩემი ცოლის დაქალებს”, როგორც ვიცი, სერიალის შემოქმედებით ჯგუფს ჰქონდა ინფორმაცია, რომ არსებობს ვიღაც ტიპი, თეატრის მსახიობი, რომელიც აუტისტ ბავშვებთან მუშაობს. როცა დამირეკეს, შევხვდით და ვისაუბრეთ, პირველი ეპიზოდის გადაღება დაიგეგმა და მას შემდეგ ამ როლზე ამიყვანეს.
– რთული შესასრულებელი როლია?
– ზოგადად, ყველა როლი რთულია. მით უმეტეს, კამერასთან მუშაობის მწირი გამოცდილება მაქვს. ისეთი ადამიანების გვერდით მიწევს ყოფნა, ვისაც ძალიან ვაფასებ და მივიჩნევ, რომ ნინო კასრაძე, გია როინიშვილი და დარეჯან ხაჩიძე მაღალი კლასის მსახიობები არიან. არ ვიცოდი, რომ ნინო კასრაძე ჩემი და უნდა ყოფილიყო, ჩემი კერპია. გადაღებაზე რომ მივედი და დავინახე, ცოტა ხანს შოკი მქონდა, რატომ მიკეთებთ ამას, გეთქვათ, ნინო რომ ჩემი და იყო-მეთქი (იღიმის).
– თქვენი აღმზრდელი ელზას როლის შემსრულებელი დარეჯან ხაჩიძე მაშინვე იცანით?
– პირველად რომ დამირეკეს, ”რუსთავი 2”-ის შენობაში ორივე ერთდროულად მივედით. მოგეხსენებათ, შენობაში შესასვლელად საშვია საჭირო და ორივეს ერთნაირი პრობლემა შეგვექმნა – აღმოჩნდა, რომ ჩვენი სიაში ჩასმა გამორჩათ. მერე ყველაფერი გაირკვა, ზევით აგვაცილეს, სწორედ იქ გამოველაპარაკე ქალბატონ დარეჯანს და ჩანთების ატანაში მივეხმარე. სახეზე რომ მეცნო, მივხვდი, თუმანიშვილის თეატრში მყავდა ნანახი, ანუ უფრო სპექტაკლებიდან ვიცოდი და არა ფილმი ”სიყვარული ყველას უნდას” გამო, სადაც მაყვალას როლი შეასრულა. რა ვქნა, არ მიყვარს ძველი ქართული ფილმები.
– აბა, რა გიყვართ, რას უყურებთ?..
– ბერტოლუჩი და მისი ფილმები ყველაზე მეტად მიყვარს. განსაკუთრებით ”მეოცნებენი” და ”კონფორმისტი”.
– კიდევ რა გიტაცებთ? ორი საქმე გაქვთ და თავისუფალი დრო ცოტა გექნებათ…
– თავისუფალი დრო მხოლოდ ღამით მაქვს (იღიმის). გატაცება? ”გულაობა”, სხვა რა. დილის 9-დან 3-4 საათამდე ცენტრში ვარ, შემდეგ ან გადაღება მაქვს, სპექტაკლის რეპეტიცია, ანდა სპექტაკლი.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები