ასტრონომიაში ახალი ერა დაიწყო – გრავიტაციული ტალღები აღმოჩენილია

მეცნიერები განსაცვიფრებელი აღმოჩენის შესახებ იტყობინებიან.

მათ დრო-სივრცის რხევები შენიშნეს, რაც დედამიწიდან მილიარდზე მეტი სინათლის წლით მდებარო ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგადაა წარმოქმნილი.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, გრავიტაციული ტალღების აღმოჩენით, თანამედროვე ასტრონომიაში ახალი ერა დაიწყო.

დღევანდელი აღმოჩენა ათწლეულების ძიების კულმინაციაა, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გახსნას ფანჯარა დიდი აფეთქების თეორიისკენ.

აღმოჩენა გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის (LIGO) ირგვლივ შეკრებილმა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა გააკეთა.

„ჩვენ გრავიტაციული ტალღები აღმოვაჩინეთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე LIGO-ს პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა დეივიდ რაიტცმა.

საერთაშორისო თანამშრომლობის ევროპის ჯგუფის ხელმძღვანელის, მაქს პლანკის გრავიტაციული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორის, კარტსენ დანზმანის განცხადებით, გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია მეცნიერებაში. მან ეს ფაქტი ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენისა და დნმ-ის სტრუქტურის განსაზღვრის მნიშვნელობას შეადარა.

„ეჭვგარეშეა, ამ აღმოჩენისთვის ნობელის პრემია იქნება“ — უთხრა მან BBC-ს.

„ეს გრავიტაციული ტალღების გამოვლენის პირველი შემთხვევაა ისტორიაში; ეს გახლავთ შავი ხვრელების პირდაპირი გამოვლენის პირველი ფაქტი და ფარდობითობის თეორიის დადასტურება, რადგან შავი ხვრელების ბუნება პირდაპირ ეთანხმება აინშტაინის წინასწარმეტყველებას, რომელიც მან 100 წლის წინ ივარაუდა“, — აცხადებს პროფესორი.

წყარო:http://1tv.ge/ge

კომენტარები

სხვა სიახლეები