ამ შემოდგომას თითი ვიტკინე. მანქანის კარში მომყვა და, ერთი შეხედვით, პატარა ნაკაწრი დიდ პრობლემად მექცა. დღეს სახლიდან რომ გამოვედი, ჯერ ფორმაშეცვლილ თითს შევხედე, მერე უეცრად აყვავებულმა ხეებმა და შემოპარულმა გაზაფხულმა გამახარა.
მერე რა, რომ ქარმა ნაადრევად ამოსული ყვავილები თოვლივით მოაფინა მიწას. ვუსმენდი რადიოს. ვუყურებდი აჭრელებულ ხეებს და ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხანდახან მიყრუებული პატარა ტკივილი დიდ პრობლემად იქცეს. ვფიქრობდი, რომ ხანდახან სიჩუმე არაფრის მთქმელია და დუმილი მრავლისმეტყველი. როგორი რთულია, არ იყო პრეტენზიული, მაგრამ იყო მომთხოვნი. მომთხოვნი საკუთარი უფლებების და დამოუკიდებლობის მიმართ. მომთხოვნი იყო დამოკიდებულებების მიმართაც.
ბევრი წლის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თავი ისევ პატარა მგონია, ეფრაიმ კიშონის მოთხრობები ვთარგმნე, ეს პერიოდი სტუდენტურ წლებთან, მოლოდინთან, სიყვარულთან, ამავე დროს ნაცრისფერ ქუჩებთან, ფეხით გავლილ კილომეტრებთან და „დიდების“ სამყაროში პირველ გამოცდილებასთან ასოცირდება.
კიშონის სატირა ჩემთვის გაუგებარი, მაგრამ, ამავე დროს, მისაღები იყო. მაშინ ალბათ ნაკლებად ვუფიქრდებოდი ფრაზების მიღმა დაწერილ სტრიქონებს და არც იმის დაჯერება მინდოდა, რომ „კარგი ადამიანები არ ირჩევენ პოლიტიკას“. დღეს კი იმის დაჯერება არ მინდა, რომ გადავეჩვიეთ არჩევანის გაკეთებას კარგსა და უკეთესს შორის, იმის გაგება არ მინდა, რომ ადამიანის ღირსების შელახვით ან სიცოცხლის უფლების წართმევით სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელია. დაუჯერებელია ისიც, რომ ვინმესთვის „შიში“ ან დაშინება ისევ იარაღია. ეს მოცემულობა მიუღებელი და მოძველებულია.
ყველაფერი წარმავალია. მუდმივი მხოლოდ ადამიანია… და რა არის სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი და სწრაფმავალი?
მეხსიერებას მაინც საოცარი უნარი აქვს, საჭირო დროს ყველაზე უმნიშვნელო დეტალები გვახსენდება. მეც ახლა, რატომღაც გამახსენდა კიშონი, ერთად გატარებული პირველი გაზაფხული და ნაცნობი ქუჩების სუნი. ჩვენ ხომ – ყველამ რამდენიმე ცხოვრება გავიარეთ და ყველას გვაქვს შვილებისათვის მოსაყოლი რამდენიმე დაუვიწყარი ისტორიაც.