“არ მოგკლავთ ეს ვირუსი, თუ სწორად აღიქვამთ რომ დროულად სჭირდება მიხედვა” – თაკო ჩარკვიანი კორონავირუსზე

პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მოუწოდებს, დაიჯერონ მისი არსებობა, რადგან ამ შემთხვევაში კორონავირუსის მართვა უფრო მარტივი იქნება:

“ბევრი მირეკავს და მეკითხება, რა არის ეს ვირუსი( კოვიდი) როგორი გადასატანია, მარტივია? რთულია?? რა შეგრძნებებია??? იქნებ, სულაც, არაფერია?! შევეცდები, ავხსნა (არაპროფესიონალურად): რა სირთულე ახლავს ამ ვირუსს – ძირითადად, ის, რომ ვერ იგებ ხშირად, თუკი გაქვს და დაგვიანებით აკითხავ ექიმს (ჩვენს შემთხვევაში, თითქმის, დაგვიანებული იყო, ჩემს მეუღლესთან – განსაკუთრებით). რთული ვირუსია და რატომ, ახლა ავხსნი: გაქვს მშრალი ხველა, ვერ სუნთქავ – უკმარისობა ჰაერის, გჭირდება ჟანგბადი, წარმოუდგენელი რაოდენობით კარგავს სხეული სითხეს, ანუ ადამიანი რისგანაც შედგება (უბრალოდ, საოცარი – უჩვეულო რაოდენობით) ანუ ელექტროლიტებს, ნატრიუმს, კალიუმს და ა.შ. ეს იწვევს საშინელ სისუსტეს, შესაბამისად, ექიმები გეხმარებიან, აკონტროლებენ და მიდის – მიმდინარეობს შევსება ორგანიზმის, მოგეხსენებათ, რომ ელექტროლიტების ასეთი ოდენობით კარგვის დროს ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება, რამაც მძიმე – უმძიმეს შედეგებამდე შეიძლება, მიიყვანოს პაციენტი, როგორიცაა, მაგ. ტვინის იშემიური ინსულტი და ა.შ. გაქვს მაღალი სიცხე –  38 და მეტი ან შეიძლება, 37 და 5 – რას შვებიან ექიმები ამ დროს??? ექიმები ბრწყინვალედ მართავენ ამ ყველაფერს, ანუ ყოველ დღე (ვიმეორებ, ყოველ დღე) ხდება სისხლის ფორმულის კონტროლი (რაც სახლში შეუძლებელია, ვფიქრობ). სისხლის კონტროლი  აუცილებელია, რადგან ამ ვირუსის თანმდევი – პნევმონიის-ფილტვების დაზიანების გარდა, არის დედიმერის, ანუ სისხლის შედედების მაღალი ალბათობა და სოც. ქსელში გავეცანი ინფორმაციებს და ევროპაში, მაშინ, როცა ძალიან ახალი იყო ეს კოვიდვირუსი, ხშირად უკვდებოდათ პაციენტები თრომბოზებით, ახლა აშკარად მართავენ კარგად და მინდა, აღვნიშნო უმაღლესი პროფესიონალიზმი ინფექციური საავადმყოფოს ექიმებისა სრული შემადგენლობით (ქ.ნ მარინა ეზუგბაია , ბ.ნ თენგიზ ცერცვაძე, ბ.ნ კახა ჩომახიძე, საერთოდ მთელი შემადგენლობა, განყოფილების ხელმძღვანელიდან დაწყებული ყველა ექთნით დასრულებული- უმაგრესი პროფესიონალები). რატომ მოვყევი დეტალები ამ ვირუსისა – იმიტომ, რომ ეს არ არის საშიში ვირუსი იმ შემთხვევაში, თუ დაიჯერებთ და გააანალიზებთ, რომ საშიში და მძიმე ვირუსია, არ მოგკლავთ ეს ვირუსი, თუ სწორად აღიქვამთ – რომ დროულად სჭირდება მიხედვა, რათა ექიმებს არ გაუჭირდეთ მისი მართვა! არ ვიცი, რამდენად ავხსენი, მთხოვეს მეგობრებმა და დავწერე, რომ მე რაც ვიცი ამ ვირუსის შესახებ, მივაწოდო ადამიანებს! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება!”, – წერს ჩარკვიანი. 

კომენტარები

სხვა სიახლეები