“არ მიკვირს, რომ თვალსა და ყელში ეჩხირებოდათ” – ნათია ფანჯიკიძე დაკავებულ გელაშვილზე

“შეაჩერე კორუფციის” ხელმძღვანლის, “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრის, ვატო გელაშვილის დაკავების ფაქტს ფსიქოლოგი, “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერის – ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება.

შესაბამის პოსტს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“მეგონა, არცერთი პოლიტიკური თემა აღარასდროს ამაღელვებდა, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ ამის შანსი არავის ეძლევა. ისეთი რამე უნდა მოხდეს და დაინახო, ხალხს სახეში უნდა ესროლონ, გავრილოვებმა უნდა ისეირნონ და ა.შ. რომ ჭკუიდან გადახვიდე. ახლა გავიგე, ვატო გელაშვილი, რომელსაც ასევე დამიზნებით ესროლეს 20 ივნისს თვალში და, საბედნიეროდ, წარბში მოხვდა, დაუპატიმრებიათ. პარლამენტში შეჭრას ცდილობდაო (ნეტავ, იქ რა უნდა ეკეთებინა?), ვატო გელაშვილი არის ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციას” წევრი და დამფუძნებელი, ძალიან აქტიური, ძალიან შეურიგებელი ადამიანი, როგორც აქტივისტი, მაგრამ პარლამენტში შემჭრელად და ტანკის მძღოლად მისი წარმოდგენა, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ადრე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო. იმდენად ბევრს უფრიალებდა კორუფციის შესახებ საბუთებს თვალწინ, არ მიკვირს, რომ თვალსა და ყელში ეჩხირებოდათ. მოკლედ, ქვეყანაში ძალიან აირია მონასტერი”, – წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კიდევ 4 პირი, მათ შორის ვატო გელაშვილი დააკავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები