არ ვიცი ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუ სამართალმა ჩამოიარა ურმით! – რას ჰყვება ოქრუაშვილის დაცვის ყოფილი უფროსის და
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის ყოფილი უფროსის, გარდაცვლილი გიორგი ნოზაძის და, ხათუნა ნოზაძე მისი ძმისა და ოქრუაშვილის თანამშრომლობას იხსენებს და “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“ცოტას დაგამძიმებთ… მინდა ჩემი მწუხარება გაგიზიაროთ!.. დღეს 20 ნოემბერია, გიოს გარდაცვალების დღე. 15 წელი გავიდა და ტკივილი ოდნავადაც არ შემიმსუბუქდა, პირიქით უფრო მტკივა და მენატრება ჩემი ერთადერთი, უწესიერესი, ულამაზესი ძმა. ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს დეტალი გიოს ცხოვრებიდან, მაგრამ გუშინ ისეთი რამე მოხდა, ამის შესახებ აუცილებლად უნდა დავწერო. არ მინდა იფიქროთ, რომ ბოღმა ადამიანი ვარ და მთელი ცხოვრება ამ ბოღმით ვიარე.. არა, არც ბოღმა ვარ და არც სხვისი უბედურება მახარებს, თუნდაც ის სხვა მტერი იყოს ჩემი, მაგრამ ეს ამბავი გულში მაქვს და ახლა თქვენც მინდა გაგიზიარებთ.. არ ვიცი დამთხვევაა, თუ არა, მაგრამ გუშინ 19 ნოემბერს, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. გაგიკვირდებათ ალბათ რა კავშირი აქვს ამას გიორგისთან, ჩემს ძმასთან, დიახ აქვს! აქვს და ახლავე გეტყვით, რაც მოხდა 2004 წელს, როდესაც ჩემი ძმა გიორგი ნოზაძე გახდა მაშინდელი გენპროკურორი, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის უფროსი და ერთგულად ემსახურებოდა მას. გიორგის გავლილი ჰქონდა სპეციალური დაცვის სამსახურის ყველა ეტაპი და საფეხური. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ძალიან ახალგაზრდა იყო, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი უფროსი იყო, მით უმეტეს, როცა საქმე დაცვის სამსახურს ეხებოდა.. ამიტომ როდესაც ოქრუაშვილთან გადავიდა ძალიან ვნერვიულობდი შინაგანად და პირად საუბრებში ვაფრთხილებდი კიდეც, რომ მისი გარემოცვა ძირითადად მისი თანასოფლელი ბიჭებისგან შედგებოდა და ვიცოდი, რომ წესრიგს მაგ “სასტავთან“ ვერ დაამყარებდა.. ამიტომ სულ ვაფრთხილებდი, შენ მანდ წესრიგს ვერ დაამყარებ-თქო, რას ამბობო, ჩემი საქმის მე ვიციო და ისე აგიხდეს ყველაფერი, როგორც მე ამიხდა. გადის რამდენიმე თვე და ერთ დღესაც მოვიდა განადგურებული, არეული სახით და ჩაწითლებული თვალებით. დაწვა საწოლზე გადაბრუნდა და ასე იწვა ორი, სამი დღე, არც საჭმელი უჭამია და არც ხმა არ ამოუღია. ზოგადად არაფერს არ ლაპარაკობდა სახლში სამსახურზე, ბოლოს ძლივს გავიგეთ, რომ ოქრუაშვილს სამსახურიდან გამოუშვია.. ვკითხე, რა მოხდა-თქო და მიპასუხა გაუგებრობა მოხდაო, მე მართალი ვარო, ირაკლი კაცია, გაარკვევს და აუცილებლად დამიძახებსო! .. შენც არ მომიკვდე, გავიდა ხანი და ოქრუაშვილს არც კი გახსენებია გიორგი ნოზაძე, მხოლოდ გასვენებაში მოვიდა და მამას დაეხმარა კიდეც თანხით, დაკრძალვაში მიიღო მონაწილეობა. წლების მერე მხვდება მისი პირადი დაცვის ერთ-ერთი წევრი, სახელს და გვარს არ დავასახელებ და ასეთ რამეს მეუბნება, შენი ძმა ტყუილად გაუშვა ოქრუაშვილმა სამსახურიდანო.. მოკლედ, ამბავი ასე ყოფილა, დაუტოვებიათ ფული, რომელიც უნდა გადანაწილებულიყო თანაბრად ყველა დაცვის წევრზე, რაც არ განაწილდა და ეს თანხა აღმოჩნდა მხოლოდ ერთი პირის ჯიბეში, რაზეც გიორგი ძალიან გამწარებულა მაგრად უჩხუბია, ხელიც კი გაურტყამს იმ არაკაცისთვის, რომელმაც ენა მიუტანია ოქრუაშვილს, ისე როგორც მას აწყობდა.. იმის მაგივრად, რომ ის დასჯილიყო, ოქრუაშვილმა გიორგი დასაჯა და გამოუშვა სამსახურიდან.. გავიდა რამდენიმე ხანი და გიორგი გაურკვეველ ვითარებაში ავტოკატასტროფაში დაიღუპა!! .. ასე იყო ეს ამბავი. დედა სულ ამბობდა, რომ გიორგის გულისტკენა არავის შერჩებაო!!.. დღეს 20 ნოემბერია გიორგი ნოზაძის გარდაცვალების დღეა! გუშინ ოქრუაშვილს დაუმძიმდა ბრალი, არ ვიცი ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუ სამართალმა ჩამოიარა ურმით!”, წერს ხათუნა ნოზაძე.