არ ვიცი, გავრისკავ ოდესმე და გავთხოვდები ამდენი უბედური ქალის შემხედვარე?!

გაზაფხულის წვიმიან საღამოს, მყუდრო კაფეში ჩემი ბავშვობის დაქალებს შევხვდი. ფინჯან ყავაზე უამრავ თემაზე ვილაპარაკეთ და თითქოს ამოგვეწურა სასაუბრო, სულ რამოდენიმე წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

“ქმარს უნდა გავეყარო… რამე სიახლე თუ არ შევიტანე ცხოვრებაში, გავგიჟდები”, – უადგილოდ და მოულოდნელად დაარღვია სიჩუმე თიკომ.

თიკო 26 წლისაა. 19 წლის იყო, როცა შეყვარებულთან ერთად “გაიპარა”. აუტანელი დედამთილის და მატერიალური პრობლემების მიუხედავად ახერხებდა ქმრის მიმართ მოსიყვარულე ყოფილიყო. ჰყავს 5 წლის შვილი. სულ რაღაცის სწავლას და საკუთარი თავის რეალიზებას ცდილობს, მაგრამ დღემდე დიასახლისია. თიკოს ქმარი მუშაობს, ძალიან უყვარს თიკო, არ ღალატობს, არ სვამს…
“რას ამბობ გაგიჟდი? შენი ქმარი არც ნარკომანი არაა, არც ლოთი, არც თამაშობს და არც გცემს… იცი რამდენი ქალი ოცნებობს ეგეთ კაცზე?” – უხეშად უპასუხა მაიკომ.

მაიკო 27 წლისაა. 16 წლის იყო, როცა მოიტაცეს… იმის მიუხედავად, რომ ნორმალურად არც იცნობდა მომავალ ქმარს, დაოჯახდა…
მაიკომ 2 შვილი გააჩინა და ეს იყო მისი ერთადერთი ბედნიერება და საქმეც… მალე გაიცნო ქმარი თავისი აუტანელი ხასიათით.. კახა ტიპიური ქართველი “მუჟიკი” იყო. ამით ყველაფერი ნათქვამია…
მაიკო და კახა შეყვარებული და ბედნიერი ცოლ-ქმარის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო… თითქმის ყოველ დღე სვამდა კახა და ძალადობდა მაიკოზე. ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა. ნაცემი მაიკო არავის ენახებოდა, მაგრამ ერთხელაც მორიგი ცემის შემდეგ ქმარმა სახლიდან პირდაპირ ქუჩაში გააგდო ბავშვებით. მხოლოდ მაშინ გაიგო ყველამ ყველაფერი და 5 წლიანი “ბედნიერი” ქორწინება დაინგრა…
“არ მიყვარს! მერე რა, რომ არ მცემს… მხოლოდ ეს არაა საკმარისი ბედნიერებისთვის. კარგი ადამიანია, არაფერში არ მიქმნის პრობლემას, მაგრამ არ მსიამოვნებს მისი მოფერება, კოცნა, სექსზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია”, – განაგრძო თიკომ.
მე ჩუმად ვიჯექი, არ ვიცოდი რა მეთქვა… 26 წლის ვარ, არასოდეს გავთხოვილვარ. მყავდა 4 შეყვარებული (მართლა რომ მიყვარდა ისეთი), აქედან 3-თან მქონდა სექსი. ჯერ ვერ ვიპოვე კაცი, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარებას შევძლებ.

ორივე ჩემი დაქალი უბედურია… მაიკომ ნაადრევი დაოჯახებით და მოძალადე ქმრის საქციელის დამალვით დაიმახინჯა ცხოვრება.
თიკოს მართლა უყვარდა თავიდან ქმარი, მაგრამ ნაადრევი იყო დაოჯახება…

არ მესმის რატომ ქორწინდებიან გოგოები პირველივე შემხვედრზე. რატომ დებენ თავს, რომ მთელი ცხოვრება ( მინიმუმ 50 წელი) მოუნდებათ ის კაცი… ის ერთადერთი, რომელთანაც ჰქონდათ პირველად სექსი.
დღეს ბევრი ნაადრევად დაოჯახებული წყვილია ჩემს გარშემო და ჯერ ვერ ვნახე ისეთი, რომელიც მართლა ბედნიერია. ზოგი არ მალავს და ჰყვება თავისი უბედური ბედის შესახებ, ზოგს წლების შემდეგ გაბრაზებულ გულზე წამოსცდება ხოლმე, ზოგი კი სიცოცხლის ბოლომდე მალავს და თავს აჩვენებს ყველას რომ ბედნიერია.
და მე არ ვიცი, გავრისკავ ოდესმე და გავთხოვდები ამდენი უბედური ქალის შემხედვარე?

კომენტარები

სხვა სიახლეები