„არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე” – გამყრელიძე
„არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით – მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით.
ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.