“არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ და არც მომავალში ვაპირებ ყოფნას”-მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს ვინც თვლის, რომ მისი ეთერში გამოჩენა პოლიტიკურია და ის რომელიმე პარტიის დავალებას ასრულებს.
“ძალიან უცნაურია, რომ თუ რამდენჯერმე ტელევიზორში გამოჩნდები, ადამიანები მაშინვე იწყებენ იარლიყის მოკერებას, რომ რომელიღაც პოლიტიკური პარტიის ინტერესებს აჟღერებ.
მაპატიონ ავტორებმა, მაგრამ განსაკუთრებულად პოლიტიკურად ანგაჟირებულ კომენტარებს ზოგჯერ ვშლი, რადგან ჩემი პოსტები პოლიტიკური დებატების ველად არ მინდა იქცეს. მინდა დავაფიქსირო შემდეგი:
– არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ და არც მომავალში ვაპირებ ყოფნას. ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს გავაჟღერებ ოჯახში და მეგობრებში და არა მედია სივრცეში. არც სათანადო კომპეტენცია გამაჩნია პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად.
– არც იმ ადამიანებივით მოხერხებული ვარ, რომლებიც 10 წელზე მეტია მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც 8 წლის წინ შეიქმნა და პარალელურად, 8 წლის წინ, ყველა თავის გამოსვლას სანდრა რულოვსის სადიდებელი სიტყვით, ხოლო ყველა პრეზენტაციას სანდრას ფოტოთი იწყებდნენ (ვიცი ამ წინადადებას მრავალგვერდიანი წერილი მოყვება, როგორებიც წლებია მრავლად იწერება და რომლის დაბეჭდვაზეც ჩემი ზოგიერთი მეგობრის ღამის თევა გახდება საჭირო, ამიტომ მათ წინასწარ ვუხდი ბოდიშს).
– არ ვარ გაბრაზებული ქართულ ოცნებაზე იმ მოტივით, რომ თანამდებობიდან გამათავისუფლა, რადგან ეს არ შეესაბამება სიმართლეს და დაავადებათა კონტროლის ცენტრში მე და ჩემი მეგობრები 2012 წლის აგვისტოდან აღარ ვართ, ანუ არა ქართული ოცნების, არამედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან.
– ვთანამშრომლობ და თუ ამის სურვილი ექნებათ, კვლავაც ვითანამშრომლებ ყველა ტელევიზიასთან, იქნება ეს მთავარი არხი, პოსტ ტვ, ტვ პირველი, ბორჯომის ტელევიზია, ობიექტივი, რუსთავი 2, იმედი, თუ სხვა, რადგან ყველა ამ არხის მაყურებელს აინტერესებს კორონავირუსი და მედიცინის სხვა საკითხები და მადლობა ყველა იმ მედიას, რომელიც ჩემი აზრის გამოთქმის საშუალებას მაძლევს, როცა დრო მაქვს. ძალიან ხშირად უარის თქმა რომ მიწევს, ეს არა პოლიტიკური მოტივით, არამედ დროის სიმცირით აიხსნება. საერთოდაც, რომელიმე ტელევიზიისთვის ბოიკოტის გამოცხადება ძალიან მდაბიურ საქციელად მეჩვენება.
– ვიყავი და კვლავაც ვაპირებ ვიყო C ჰეპატიტის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, და დაბეჯითებით მჯერა, რომ მიუხედავად ხარვეზებისა, ამ პროგრამამ უდიდესი სიკეთე მოიტანა და ამის არდანახვა არის უმადურობა. ზოგადადაც კარგი საქმეების არდანახვა არის უმადურობა, რომელი პოლიტიკური ძალის გაკეთებულიც არ უნდა იყოს.
– მომწონს პანდემიასთან ბრძოლის ზოგიერთი, და არ მომწონს კიდევ უფრო მეტი გადაწყვეტილება და რეგულაცია და ამას ვარავინ და ვერავითარი გრძელი წერილები ვერ დამიშლის.
– მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებების მიმღებებს კრიტიკული აზრი ხელს კი არ უშლის, არამედ ეხმარება და იმედი მაქვს და ვხედავ კიდევაც, რომ ხშირად ადექვატურად იღებენ კრიტიკას.
– ეს იყო ჩემი ყველაზე პოლიტიკური და ამ სფეროში ბოლო პოსტი
– ვაპირებ გავაგრძელო წუწუნი კორონავირუსზე, მის ეპიდემიოლოგიასა და კლინიკურ ნაწილზე, და სხვა სამედიცინო საკითხებზე.
– მადლობა მათ, ვინც კითხულობს და უსმენს და მათაც, ვისაც ამის სურვილი ან დრო არა აქვს.
– მადლობა გულთბილი, გამამხნევებელი, ასევე კონსტრუქციულად კრიტიკული და არა გულისამრევად მდაბიური, ტროლური კომენტარებისთვის”.-წერს ბუწაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები