„არსებობს მომენტები, როცა ღმერთი მოდის და თქვენს კარზე აკაკუნებს. სწორედ ეს არის სიყვარული” – 11 დეკემბერი ოშოს დაბადების დღეა

ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი ჩანდრა მოჰან ჯაინი, იგივე ოშო, 1931 წლის 11 დეკემბერს ინდოეთში, მადია პრადეშის შტატის სოფელ კუშადვეში დაიაბადა.
ოშო ერთდროულად იყო მისტიკოსი, ეზოთერიკოსი, სწავლული, გურუ, რელიგიური მოღვაწე, მილიონერი, “ადამიანი-სკანდალი” და პერსონა ნონ-გრატა.
მან XX საუკუნის მეტაფიზიკურ აზროვნებაზე საკმაოდ სერიოზული გავლენა მოახდინა, ხოლო საკუთარი რელიგიურ-მისტიკური მოძღვრებით მსოფლოს ბევრ წამყვან ქვეყანას პრობლემები შეუქმნა.
ოშოს ფილოსოფიის მიხედვით, ცხოვრების უმაღლესი ფასეულობები შეგნებულობა, სიყვარული, მედიტაცია, უქმად ყოფნის უნარი, დღესასწაულობა, შემოქმედებითობა და მხიარულებაა.
მისი თქმით, გასხივოსნებულობა ყოველი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ადამიანთა უმეტესობა შინაგანად იმდენადაა დაბნეული, რომ მათ არ ძალუძთ ეს. ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ცხოვრებაში, მაგრამ არა მეტი ბედნიერებისთვის, არამედ მეტი დამოკიდებულებისთვის. სოციალური მოლოდინი, რომლებიც საბოლოოდ იმედგაცრუებად გადაიქცა, წაშლის ყოველგვარ შანსს, რომ ადამიანმა მიაღწიოს თავისი შეგნების მწვერვალს.
ოშო ქსოვილებით მოვაჭრის ღარიბულ ოჯახში დაიბადა და 7 წლის ასაკამდე ბებია და პაპა ზრდიდნენ. 14 წლის ასაკიდან კი, მედიტაციები და ცხოვრების არსის ძიება დაიწყო.
ოშომ 1957 წელს უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა და ფილოსოფიის მაგისტრის წოდება მიიღო, ხოლო 1966 წელს კი – პროფესორის წოდება.
60-იანი წლებიდან ის აჩარია (მასწავლებელი) რაჯნიშის სახელით იწყებს მოგზაურობას მთელი ინდოეთის მასშტაბით — ქადაგებს, ქმნის ბანაკებს, სადაც ეწყობა კოლექტიური მედიტაციები, ლოცვები, რელიგიური თვითჩაღრმავებები.
1970 წელს ქალაქ ბომბეიში (ამჟ. მუმბაი) დააარსა მედიტაციურ ბანაკი, ერთი წლის შემდეგ კი, შემოწირულობებისთვის მისმა მეგობრებმა ფონდი დააარსეს.
რაჯნიშის გარშემო ბევრი ინტელექტუალი იყო — სხვადასხვა ეზოთერული მოძღვრების მიმდევრები, მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები. ბევრმა მათგანმა შემდგომში რაჯნიშთან მიღებული იმპულსი საკუთარ შემოქმედებაში გამოიყენა, მაგალითად, ცნობილი გერმანელი მუსიკოსი კარუნეში. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო რაჯნიშის მოძღვრების ინდოეთის ფარგლებს გარეთ სწრაფად გავრცელებას (ამერიკა, ევროპა, იაპონია და ა. შ.). სწორედ ამ პერიოდიდან ის მოღვაწეობას აგრძელებს, როგორც ბჰაგვან შრი რაჯნიში, რაც „უფალ რაჯნიშს“ ნიშნავს.
1974 წელს ქალაქ პუნაში რაჯნიშმა გახსნა აშრამი, სადაც მთელი დღე განმარტოვებული იყო და თავისი ოთახიდან მხოლოდ დილით, ლექციის წასაკითხად და საღამოს, ინდივიდუალური საუბრებისთვის გამოდიოდა.
1980 წელს რაჯნიშს ლექციის კითხვისას თავს ფანატიკოსი ინდუისტი დაესხა და დანით დაჭრა. 1981 წელს ის ოპერაციისთვის აშშ-ში გადააფრინეს, ამ პერიოდიდან რაჯნიშმა თავის თავს ოშო („ოკეანისებური“) უწოდა. ამავე პერიოდში ორეგონში ოშოს მიდევრებმა იყიდეს მიწა, სადაც დააარსეს აშრამი. ამ ადგილას ოშოს მიმდევრებმა დასახლება დაიწყეს და ძალიან მალე აქ ქალაქის ტიპის დასახლება (კომუნა) გაჩნდა. ამერიკის ხელისუფლება საგონებელში ჩავარდა. როდესაც ოშო საკუთარმა პირადმა მდივანმა დატოვა, კომუნაში მთელი რიგი არაკანონიერი საქმიანობები გამჟღავნდა და ოშო დააპატიმრეს, შემდეგ ამერიკიდან გააძევეს. ის იძულებული გახდა, წასულიყო ნეპალში და აქედან იწყება მისი იძულებითი მოგზაურობები, რადგან მისი მიღება არცერთ ქვეყანას არ სურდა. ნეპალი, საბერძნეთი, ინდოეთი, შვეიცარია, შვედეთი, ინგლისი, ირლანდია, ურუგვაი, იამაიკა, ესპანეთი, პორტუგალია — ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ოშომ რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე დაჰყო. მას აეროპორტში ხვდებოდა პოლიცია და თვითმფრინავის ბილეთი, სადაც მას სხვა ქვეყანაში უხდებოდა გაფრენა. მთლიანობაში დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში ოშომ გამოიცვალა თერთმეტი ქვეყანა, ხოლო ათმა საერთოდ უარი უთხრა მიღებაზე.
ოშო იძულებული გახდა, ისევ ინდოეთში, პუნაში დაბრუნებულიყო. 1987 წელს ფანატიკოსმა ინდუსმა ოშო დანით დაჭრა, ეს იყო იგივე პიროვნება, რომელმაც 1980 წელს ოშოს დანა დაარტყა. მის სახლს დღედაღამ პოლიცია იცავდა. ხოლო პუნაში ისევ ახლიდან დაიწყო ოშოს მიმდევრების დასახლება. ოშო 1990 წლის 19 იანვარს, ქალაქ პუნაში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ოშო თავის მოძღვრებაზე ამბობს: „ჩემი მოძღვრება არ არის ფილოსოფია. ჩემი მოძღვრება არის განსაზღვრული ალქიმია, მეცნიერება სულიერი ტრანსფორმაციისა. მხოლოდ ის უმამაცესი ადამიანი, რომელიც გარისკავს და მომისმენს, გადადგამს ნაბიჯს ახალი დაბადებისკენ“.
ოშო ესაუბრებოდა მოსწავლეებს ადამიანური ყოფის ყველანაირ ასპექტზე: მატერიალურზე, სოციალურზე, ბიოლოგიურ სხეულზე, ფსიქოლოგიურ სფეროზე და სულიერ სამყაროზე.
იგი მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერი ავტორია: 650 წიგნი, რომელიც მსოფლიოს 55 ენაზეა ნათარგმნი.
“კვირა +” მის რამდენიმე ცნობილ გამონათქვამს გთავაზობთ:

* ადამიანები ყველაფერს ისეთი სერიოზულობით იღებენ, რომ ეს მათთვის ტვირთი ხდება. ისწავლეთ, მეტი იცინოთ. ჩემთვის სიცილი ისეთივე სიწმინდეა, როგორც ლოცვა.
* ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი – ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება, თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანამდევია. ის უნდა დაგემართოს.
* რასაც არ უნდა ეძებდეთ, თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.
* თითოეული ჩვენგანი უნიკალურია. არასოდეს არავის ჰკითხოთ, რა არის სწორი და რა არასწორი. ცხოვრება – ექსპერიმენტია, რომლის მიმდინარეობის დროსაც უნდა გავიგოთ, რა არის მართებული და რა -არა. ხანდახან ისეც შეიძლება მოხდეს, რომ არასწორად მოიქცეთ, მაგრამ ეს შესაბამის გამოცდილებას მოგცემთ, საიდანაც მაშინვე სარგებელს მიიღებთ.
* რაც უფრო ინტელექტუალურია ადამიანი, მით უფრო ხანმოკლეა მისი სიყვარული.
* იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ცხოვრებისა.
* თუ მდიდარი ხართ, არ იფიქროთ ამაზე. თუ ღარიბი ხართ – არ მიიღოთ ეს სერიოზულად. თუ შეგიძლიათ იცხოვროთ ისე, რომ აღიქვათ ცხოვრება სპექტაკლად, თქვენ თავისუფალი იქნებით, ტანჯვა არ შეგეხებათ. ტანჯვა – ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულების შედეგია, ნეტარება კი – თამაშის შედეგი. აღიქვით ცხოვრება თამაშად, დატკბით სიცოცხლით.
* თქვენ ყოველ წუთს ცვალებადი ხართ. თქვენ – მდინარე ხართ. დღეს ის ერთი მიმართულებით და ერთი კლიმატით მიედინება, ხვალ – მეორეთი. მე არასოდეს მინახავს ერთი და იგივე სახე ორჯერ. ის გამუდმებით იცვლება. მაგრამ ეს რომ დაინახოთ, უნდა გქონდეთ გამჭოლი მზერა. სხვაგვარად ყველაფერს მტვერი ედება და მოძველებული რჩება; გგონია, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო.
* ცხოვრება – საიდუმლოა. მისი წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურთ, იცხოვრონ წინასწარ ნაკარნახევი ცხოვრებით, რადგან ამ შემთხვევაში შიში არ ექნებათ. ყველაფერი გარკვეული იქნება და არაფერი – საყოყმანო.
* სურვილი, იყო არაჩვეულებრივი – ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სურვილია, მაგრამ მოდუნდე და იყო ჩვეულებრივი – ეს, მართლაც, არაჩვეულებრივია.
* არსებობს მომენტები, როცა ღმერთი მოდის და თქვენს კარზე აკაკუნებს. სწორედ ეს არის სიყვარული – ღმერთი, რომელიც თქვენს კარზე აკაკუნებს. ქალის, მამაკაცის, ბავშვის, სიყვარულის, ყვავილის, დაისისა თუ აისის სახით… ღმერთი მილიონი სახით მოდის.

კომენტარები

სხვა სიახლეები