“არსებობს ვარაუდი, რომ გრიპის საწინააღმდეგოდ აცრილებს შორის კორონავირუსი ნაკლებად ვითარდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ გრიპის საწინააღმდეგოდ აცრილებს შორის კორონავირუსი ნაკლებად ვითარდება.

„პანდემია ჯერჯერობით ფართოვდება და არ იხევს უკან. ნოემბრის შუა რიცხვები იქნება საკმაოდ მძიმე, ჩვენ გავალთ პიკზე. რამდენი ხანი ვიქნებით პიკის პლატოზე, ამის პროგნოზირება რთულია, ვინაიდან ნოემბრის მეორე ნახევარში ახალი რესპირაციული ვირუსებიც გამოჩნდება. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, აქტიურად გაიკეთონ გრიპის საწინააღმდეგო აცრები. გუშინ გავრცელდა საინტერესო სტატია Scientific American-ში, რომელსაც მრავალმხრივი დისკუსია მოყვა. საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია, გრიპის საწინააღმდეგოდ აცრილებში კორონავირუსი ნაკლებად ვითარდებოდა. თუმცა ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს არა აზრის, არამედ პრევენციული ზომების დამსახურება. ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწოდებთ, დავიცვათ რეკომენდაციები – პირბადე, დისტანცია, დიდი შეკრებებისგან თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა და რაც შეიძლება დიდხანს ღია სივრცეში ყოფნა. ეს დაგვიცავს როგორც გრიპისგან, ასევე კორონავირუსისგან. წინ რესპირაციული ვირუსების სეზონია, ამიტომ დავიცვათ ეს მარტივი, მაგრამ აუცილებელი რეკომენდაციები. შეზღუდვების დაწესების პროცესი გაგრძელდება, სიტუაციის მიხედვით წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება გამორიცხული არაა. უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და ამ წერტილოვანი შეზღუდვების საშუალებით შექმნილი სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები