არავითარი ქუსლიანები! – როგორი უნდა იყოს ეროვნული გამოცდების დრესკოდი

ერთიანი ეროვნული გამოცდები მოახლოვდა, აბიტურიენტების ღელვამაც იმატა. “Aris.ge-განათლებამ” გადაწყვიტა, ისინი ცოტა გაამხიარულოს და საგამოცდო დრესკოდი წარუდგინა.

-,,ბავშვებო ჩემს შეცდომას ნუ გაიმეორებთ, გამოცდაზე კოსტუმით ნუ წაბრძანდებით. დედაჩემს დავუჯერე: ,,აკადემიური ჩამცულობა უხდება გამოცდებოსო” და ისე დამცხა საგამოცდო ოთახში, რაც ვიცოდი ისიც დამავიწყდა, მხოლოდ კომფორტზე იფიქრეთ”- დათო 19 წლის.

– ,,გოგოებო ბანკეტის კაბებით მოდით რა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით – არა მართლა კი არ დამიჯეროთ, პირიქით, არავითარი ქუსლიანები! ახლაც მახსოვს იმ სიცხეში ჩემს წინ მჯდომმა გოგომ ფეხსაცმელები როგორ გაიხადა, მაგრამ შენიშვნა მიიღო და ისევ ჩააცვეს, მისი ცოდვით დავიწვი,”- გოგა 18 წლის.

-,,ქართულის გამოცდაზე ჩიხტიკოპით და ჩოხით უნდა წახვიდეთ -გენები მძლავრობს და მაღალი ქულა გარანტირებულია ”- ლანა 19 წლის.

-,,მაქსიმალურად კომფორტულად ჩაიცვით მეგობრებო. იმდენ რამეზე უნდა იფიქროთ, რომ ტანსაცმელმა დისკომფორტი არ უნდა შეგიქმნათ. შორტებიც არ არის პრობლემა და მოკლესახელოიანი მაისურები. სპორტულად წადით – კედებით. მეორე დღეს არავის ემახსოვრება თქვენ რა გეცვათ,”- ელენე 20 წლის.

– ,,დეკოლტეები და უმოკლესი შორტები არ იყოს… გახსოვდეთ ბიჭებიც ცოდოები არიან, თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ,”- ალექსი 20 წლის.

– ,,თმებს ნუ შეიჭრით რა გამოცდებამდე, გაიშალეთ და უკან მჯდომს მოეფარეთ, დაეხმარებით მასალის გადაწერაში. გეხუმრებით ბავშვებო, იქ ვინ გადაგაწერინებთ რამეს, თმები აიწიეთ გოგოებო, კოსა გაიკეთეთ – 45 გრადუს ვარაუდობენ ივლისის დასაწყისში,”- ნიკი 18 წლის.

Aris.ge -განათლება დაინტერესდა, აქვს თუ არა ჩაცმულობასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რაიმე სახის შეზღუდვა. თუმცა აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ წესდებაში არანაირი მითითება ან შეზღუდვა არ ფიქსირდება.

კიდევ ერთი დეტალი – გამომდინარე იქიდან, რომ საგამოცდო ცენტრები სხვადასხვა შენობაში იქნება გახსნილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს შენობების კონდიცირებას. როგორც გაირკვა, ბევრ ცენტრში გამოცდებზე კონდიციონერი არ იქნება. ამიტომაც ს გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევთ, ჩაიცვათ გრილად და კომფორტულად, განწყობის ასამაღლებლად კი ის სამოსი გამოგადგებათ, რომელიც თქვენში დადებით განწყობას და ემოციას იწვევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები