“აპლიკაცია „მწვანე პასპორტისთვის” შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ სმარტფონიდან, ვისაც სმარტფონი არ აქვს, მათ საბუთის აღება იუსტიციის სახლში შეუძლიათ” – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასპორტებისთვის სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდანაა შესაძლებელი და ის დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზებთან.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათ, ვისაც სმარტფონი არ აქვს, კოვიდპასპორტის აღება იუსტიციის სახლში შეეძლებათ.
„ეს აპლიკაცია დაკავშირებულია ჩვენს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორ ბაზასთან: იმუნიზაციის ბაზა და კოვიდლაბ ბაზა, სადაც ყველა დიაგნოსტირებული, ანუ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სწორედ ამ ბაზებიდან ამოიღებს აპლიკაცია ინფორმაციას, კოვიდდადებითი თუ ხართ, პსრ გაქვთ თუ არა ბოლო 72 საათში გაკეთებული, ან ბოლო 24 საათში ანტიგენის ტესტი. შესაბამისად, აცრის სტატუსსაც ამოიღებს.
ვისაც არ აქვს სმარტფონი და ეს ჩვევა, რომ იმუშაოს აპლიკაციასთან, მათ იუსტიციის სახლში შეუძლიათ, აიღონ ქაღალდზე კოვიდპასპორტი და ესეც იმუშავებს იმ დაწესებულებებში შესვლაზეც, რომელიც უკვე დადგენილია.
შეგახსენებთ, რომ, პრემიერმინისტრის განკარგულებით, 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ “მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში – კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეტრებში, ოპერაში, მუზეუმებში და ა.შ. დეტალური ჩამონათვალი იქნება გავრცელებული. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებსა და არა – იქ მომუშავე ადამიანებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.