იმის მიუხედავად, რომ ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის პრობლემებზე სხვადასხვა ჭორი ვრცელდება, მსახიობის შრომისუნარიანობის ბევრს შეშურდება. იმის გარდა, რომ ანჯელინას კინოში იღებენ, ის რეჟისორის ამპლუაში გვევლინება, აფრიკის და აზიის ქვეყნებში მოგზაურობს და მსოფლიოში დევნილების მდგომარეობას სწავლობს, გაეროს კეთილი ნების ელჩია და ასევე 6 შვილის აღზრდითაა დაკავებული.
ახლა ამ ჩამონათვალს კიდევ ერთი საქმიანობა დაემატა: ანჯელინა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის მოწვეული პროფესორი გახდა. გასულ წელს სასწავლებელში ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრი გაიხსნა.
2015 წელს ცენტრი ანჯელინა ჯოლიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ულიამ ჰეიგმა გახსნეს. ახლა ამ ცენტრის მუშაობის ფარგლებში ჯოლი ლექციებს წაიკითხავს, მონაწილეობას საჯარო ღონისძიებებში მიიღებს და კვლევით სამუშაოს შეასრულებს.
„მე შთაგონებული ვარ მსგავსი პროგრამის შექმნით. იმედი მაქვს, ამ მაგალითს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები გამოიყენებენ. ჩვენთვის აუცილებელია საუბარი ქალთა უფლებების დაცვაზე, იმაზე, თუ როგორ მოვუღოთ ბოლო დაუსჯელობას მათი დარღვევისთვის“, – განაცხადა ჯოლიმ.
ცნობილია, რომ ანჯელინას კურსი 2017 წელს დაიწყება.
სხვა სიახლეები