ანა კობაიძე „უკან, ბავშვობაში“

“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია „რუსთავი 2“–ის ვებ–გვერდის რედაქტორი ანა კობაიძე:

– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდისისწავლეთ და ვინ გასწავლათ?

– ველოსიპედის ტარება დაახლოებით 3 წლის ასაკში, თინეიჯერმა ბიძამ დიდ ველოსიპედზე მასწავლა. ასე ზუსტად, ალბათ, იმიტომ მახსოვს, რომ სწავლის პროცესში ჯაჭვში ფეხი ჩამყვა და ტერფის ნაწილი მოვიტეხე, სამი კვირა თაბაშირში გავატარე, მაგრამ, როგორც კი მომხსნეს, მშობლებმა ჯილდოდ ჩემი ასაკის შესაფერისი ახალი ველოსიპედი დამახვედრეს. ასეთი დასაწყისი ჰქონდა ჩემი და ველოსიპედის დამეგობრებას.

– ცურვა თუ იცითდა როდის ისწავლეთ და სად?

– „ლაგუნა ვერე“ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონებაა. აუზზე მშობლებს პატარა ასაკიდან დავყავდი, თუმცა ზღვის სიღრმეში დამოუკიდებლად ცურვის უფლება დაახლოებით 10 წლისამ მოვიპოვე.

– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი?

– ჩემი პირველი კომპიუტერი იყო BT, რომელიც ბიძამ ჩამოგვიტანა მე და ჩემს ძმას უცხოეთიდან. ბნელი 90-იანების პერიოდი იყო. მახსოვს ჩაბნელებული უბანი, დენის ე.წ. „ლევ“ ხაზებზე მიერთებული ჩვენი კომპიუტერი და გარშემო შემომსხდარი მთელი უბანი. განსაკუთრებით „კონტრას“ და „სუპერ მარიოს“ თამაში მიყვარდა.

– მუსიკას რისი საშუალებით უსმენდით?

– მუსიკის კულტი ყოველთვის იყო ჩემს სახლში, ამიტომ მუსიკასაც ძირითადად ან „ლაივში“ ამღერებული სხვადასხვა საკრავით ან ფირსაკრავის საშუალებით ვუსმენდი. ფირფიტების ძალიან დიდი კოლექცია გვქონდა, განსაკუთრებით ხშირად ვრთავდი „ბიტლზის“ და „ქვინის“ მუსიკას. თუ ცეკვის განწყობაზე ვიყავი, ასეთ შემთხვევაში – ჯექსონსა და ჯიფსი კინგს.

– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდეგახსოვთ!

– სათამაშოებით თამაში განსაკუთრებით მიყვარდა. მახსოვს გერმანული თოჯინები და ბარბები თავისი ფერადი კაბებით. ახლა ჩემი დისშვილი ერთობა ამ სათამაშოებით. მქონდა კოლექციები „კინდერ სიურპრიზის“ სერიებიდან, მაგრამ ყველაზე გამორჩეული პატარა თაგვი – ვილი იყო, რომელიც ყოველთვის თან დამქონდა.

– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია აღარ მიგირთმევიათ.

– ვერ ვიტანდი საბავშვო ბაღს, ალბათ, სულ 10 დღეც არ მივლია, თუმცა 10-ივე დღე კარგად მახსოვს, განსაკუთრებით კი ჩაიდნებით მოტანილი ვაშლის „კისელი“, ვარსკვლავებიანი წვნიანი და ბებოს კოტლეტი. მიკვირს, მაგრამ საშინლად უჭმელ ბავშვსაც შეიძლება ჰქონდეს საყვარელი გემოების მენიუ წარსულიდან.

– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაშიისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენსშვილს?

– მართალია, აკრძალვების მსხვერპლი არ ვყოფილვარ, მაგრამ მაინც, როგორც გარკვეული „ჩარჩოებისა“ და შაბლონების თაობა, ჩემს შვილს ყველაფრის უფლებას ვაძლევ. მას შეუძლია, ირბინოს წვიმაში და იტყლაპუნოს გუბეებში, მოხატოს და დაასტიკეროს კედლები, ითამაშოს ცომით, იხტუნოს საწოლზე, იკვებოს სასურველი ულუფებით და არ მოაკრიალოს თეფში.

– რომელი ზღაპრული ან მულტფილმისპერსონაჟი გიყვარდათ?

– მულანი და პრინცესა ჟასმინი ალადინის მულტფილმიდან.

– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანიწიგნი?

– ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“.

– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველადიტირეთ?

– პირველად მატირა „ანა ფრანკის დღიურმა“, უფრო ღრმა ბავშვობაში კი – შვლის ნუკრის ნაამბობმა.

– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრულიდა ვისი პლაკატი იყო ეს?

– არასოდეს არავის ფანი არ ვყოფილვარ, შესაბამისად, ჩემი ოთახის კედლებზე პლაკატები არ მახსენდება.

– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?

– საკუთარი თავი დაახლოებით 3 წლის ასაკიდან მახსოვს, მშობლებთან ერთად ვისვენებდი ფასანაურში. მახსოვს მწვანე ჭიშკარი და თეთრი სახლი მდინარის პირას, სადაც სათევზაოდ მივყვებოდით ხოლმე უფროსებს. ძალიან საინტერესო ზაფხული იყო, ბევრი ხიფათითა და თავგადასავლით სავსე.

– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?

– ორდროშობანა, რეზინობანა, შტაბობანა და ფეხბურთი.

– სკოლაში სიარული გიყვარდათ? მოგიგონებიათ თუ არა ტყუილი, სკოლა რომ გაგეცდინათ და რომელი იყო ყველაზე ეფექტური?

– სკოლაში სიარული ნამდვილად მიყვარდა, მაგრამ არანაკლებად მიყვარდა ძილი დილით, ამიტომ ხშირად მახსოვს თავის მომკვდარუნებები და ნათურის დახმარებით გაზრდილი ტემპერატურა თერმომეტრზე.

– როცა დავალება არ გქონდათშესრულებული, რა ტყუილს ამბობდით?

– რა საჭირო იყო ტყუილი, როცა ე.წ. „მეცხრე ბლოკი“ სულ გათიშული იყო?! სკოლას კი საკმარისი ნავთი არასოდეს ჰქონდა წითელი „კერასინკების“შესავსებად და საკლასო ოთახის გასათბობად.

– ამოჩემებული კაბა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

– „ზეიმის კაბა“ – ასე ვეძახდი ამოჩემებულ კაბებს, რომლებიც ყველაზე მეტად მომწონდა ჩემი გარდერობიდან, ამათგან კი  ყველაზე მაგარი იყო „ბზრიალა კაბა“,რომელიც დატრიალებისას ბოლომდე იშლებოდა.

– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულებიხშირად მოგირგიათ? ფოტოც ხომ არ გაქვთ?

– ახლა რომ ვფიქრობ, რა რეაქცია მექნებოდა, იგივერომ ჩემს გარდერობში ჩაედინათ, არც კი ვიცი…  ყველაზე საყვარელი გართობა სწორედ დედას, მამიდასა და ბებიას სამოსში შეძრომა იყო. ბევრი გადატეხილი ქუსლიანი ფეხსაცმელი და წითელი პომადა ახსოვთ. გრძელი მძივებით, ფერადი მოსახვევებითა და ხავერდის ხალათებით შრიალის შემდეგ, დეფილეზე გამოსვლას დედაჩემის საქორწილო კაბით ვამთავრებდი.

კომენტარები

სხვა სიახლეები