თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.
“გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს, შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო”, — აცხადებს ანანიაშილი.
ნოვოსიბირსკის თეატრთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ანანიაშილმა საქართველოში პანდემიის გამო შექმნილი ვითარება დასახელა.
“ყველაზე დიდი სირთულეები ბალეტის მსახიობებს დაატყდათ თავს. მარტში ერთი წელი გახდება, რაც დაკეტილები ვართ და ისევ არ ვიცით, გავიხსნებით თუ არა. შვიდი გასტროლი გაგვიუქმდა. ყველა დადგმამ შემდეგ წელში გადაიწია, მაგრამ რა იქნება, ეგეც გაურკვეველია. არც ის ვიცით, როგორი ფინანსური პრობლემები გველის წინ, მაგრამ ნამდვილად რომ გვექნება, ეს ცხადია. ამიტომ, გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში”, — ამბობს ანანიაშვილი.