მსოფლიოს ახსოვს შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მიზეზით ბავშვები გარე სამყაროსგან იზოლირებულად გაიზარდნენ. ამ ბავშვების ისტორიებმა თავის დროზე მსოფლიო შეძრეს. ფოტოგრაფმა ჯულია ფულერტონ-ბატენმა ამ ბავშვებს ფოტოპროექტი მიუძღვნა. მან თითქოს გააცოცხლა ეს ტანჯული პატარები და მათი ფოტოასლები შემოგვთავაზა.
კამალა და ამალა, ინდოეთი, 1920 წელი
1920 წელს 8 წლის კამალა და 18 თვის ამალა ინდოეთის ჯუნგლებში ქრისტიანმა მისიონერმა ჯოზეფ სინგჰომ იპოვა. გოგონები უმი ხორცისა და რძის მეტს არაფერს ჭამდნენ. ლაპარაკი არ იცოდნენ და არც ღამით ეძინათ. პატარა ამალა ერთ წელიწადში გარდაიცვალა, მისმა დამ კი კიდევ 8 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სიტყვის სწავლა მოახერხა.
ჯენი, აშშ, 1970
როცა ჯენი სულ პატარა გახლდათ, მამამისმა რატომღაც ჩათვალა, რომ გოგონა გონებრივად ჩამორჩენილი იყო. გოგონა მთელი დღის განმავლობაში საბავშვო უნიტაზის სავარძელზე იყო მიბმული სახლის ერთ მიყრუებულ ოთახში. ჯენიმ თითქმის 10 წელი გაატარა ამ მდგომარეობაში ისე, რომ პრაქტიკულად არც ამდგარა იქიდან. 13 წლის იყო, როცა სოციალურმა სამსახურმა რაღაც იეჭვა. გოგონამ ლაპარაკი არ იცოდა და ძალიან უცნაურად გადაადგილდებოდა. მშობლებს ბავშვი ჩამოართვეს და მასზე კვლევების ჩატარება დაიწყეს. ჯენიმ სიტყვების სწავლა დაიწყო და პატარა ტექსტების კითხვასაც შეუდგა. 1974 წელს კი მისი მკურნალობის დასაფინანსებელი პროგრამა შეჩერდა და გოგონა გონებრივად ჩამორჩენილთა დაწესებულებაში მოათავსეს.
ბიჭი-ჩიტი, რუსეთი, 2008
7 წლის ბიჭუნა ოროთახიან ბინაში დედასთან ერთად ცხოვრობდა. უჩვეულო ის გახლდათ, რომ ბიჭი დედას ოთახში ჰყავდა ჩაკეტილი. იმავე ოთახში ათეულობით ჩიტებით სავსე გალია იყო მოთავსებული. დედა ისე ექცეოდა, როგორც თავის ერთ-ერთ ფრთოსანს. არ სცემდა, აჭმევდა, მაგრამ არასოდეს ელაპარაკებოდა. ამიტომ ბავშვმა ლაპარაკი ვერ ისწავლა, მხოლოდ გაუგებრად ბუტბუტებდა. როცა მისი არ ესმოდათ, ხელების ქნევას იწყებდა ისე, როგორც ჩიტი – ფრთების აქნევისას.
მარინა ჩაპმენი, კოლუმბია, 1959
მარინა 1954 წელს 5 წლის ასაკში მოიტაცეს. გამტაცებლებმა მდევრის შიშით გოგონა ჯუნგლებში მიატოვეს. ის მაიმუნ კაპუცინებთან მოხვდა. როცა მონადირეებმა იპოვეს, გოგონას ლაპარაკი დავიწყებული ჰქონდა. ამით მპოვნელებმა ისარგებლეს და გოგონა ბორდელს მიჰყიდეს. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იხსნა ერთ-ერთმა კლიეტმა და ბოგოტაში ჩაიყვანა. ის თავის გადამრჩენელის ოჯახში ცხოვრობდა. მოგვიანებით ძიძად მუშაობდა. 1977 წლიდან ბრიტანეთში ცხოვრობს. გათხოვდა და გოგონა, ვანესა ჯეიმსი ეყოლა. მან დედაზე წიგნი დაწერა – “უსახელო გოგონა”.
ვიქტორი, საფრანგეთი, 1797 წელი
ეს შემთხვევა კარგად არის აღწერილი დოკუმენტებში. 12 წლის ველური ბიჭი 1800 წელს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში უღრან ტყეში იპოვეს. გაირკვა, რომ 7 წელიწადი ცხოვრობდა ველურ ბუნებაში. იგი პარიზში გადაიყვანეს და სიცოცხლის ბოლომდე აკვირდებოდნენ. 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა გამართულად ლაპარაკი მაინც ვერ ისწავლა.
მარი ანჟელიკ მემი ლე ბლანი , საფრანგეთი, 1731
ეს ძველი ამბავიც კარგად არის აღწერილი დოკუმენტებში. მარიმ ტყეში 10 წელი გაატარა. ვერავინ გაარკვია, როგორ აღმოჩნდა იქ. ჭამდა ჩიტებს, ბაყაყებს, თევზებს, ფოთლებს და ხის ფესვებს. ველურ ცხოველებთან ბრძოლაც შეეძლო. უკვე 19 წლის იყო, როცა იპოვეს. ის დიდგვაროვანმა ოჯახმა შეიფარა. წერა-კითხვაც ისწავლა და გამართული ფრანგულითაც საუბრობდა. გარდაიცვალა 63 წლის ასაკში.
ბიჭი-ლეოპარდი, ინდოეთი, 1912
2 წლის იყო, როცა დეოპარდმა გაიტაცა. სამი წლის შემდეგ ლეოპარდი მონადირემ მოკლა და მისი სამი შვილიც იპოვა: ორი ლეოპარდი და ერთიც 5 წლის ბიჭუნა.
ბიჭი ოჯახში დააბრუნეს. ცოტა ხანში ბავშვმა ნორმალურად სიარულიც ისწავლა და ლაპარაკიც.
ოქსანა მალაი, უკრაინა, 1991
8 წლის ოქსანა ძაღლთსაშენში 1991 წელს იპოვეს. იქ 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. პირველად რომ ნახეს, ძაღლს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს: ოთხზე დარბოდა, კბილებს კრეჭდა, ენაგადმოგდებული სუნთქავდა, იღრინებოდა. ინტენსიურმა თერაპიამ გარკვეული სოციალური და სასაუბრო ჩვევები შესძინა, თუმცა საბოლოო რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა. ახლა გოგონა და სპეციალურ კლინიკაში ცხოვრობს.
ჯონ სებუნია, ბიჭი-მაიმუნი, უგანდა, 1991 წელი
ბიჭუნა 3 წლის იყო, როცა ტყეში გაიქცა, რადგან შემთხვევით შეესწრო, როგორ მოკლა მამამ დედამისი. 3 წლის შემდეგ ადგილობრივნა მცხოვრებმა იპოვა, გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და ბავშვი ბრიტანელებმა იშვილეს. მაიმუნებთან ცხოვრებამ სამუდამო კვალი არ დატოვა. ბიჭუნა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა და სიმღერაშიც მიაღწია წარმატებებს.
მადინა, რუსეთი, 2013
სამი წლის მადინა დაბადებიდან ძაღლის ბუდრუგანაში ცხოვრობდა, ძაღლთან ერთად ჭამდა ერთი ჭურჭლიდან, ოთხით დადიოდა. არ იცოდა, რა იყო ტანსაცმელი. დედამისი, 23 წლის ანა, ძალიან გაოცდა, ინსპექტორებმა რომ ბავშვი ჩამოართვეს. დარწმუნებული იყო, რომ შვილს კარგად უვლიდა.
სუჯიტ კუმარი, ბიჭი-ქათამი, ფიჯი, 1978 წელი
სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, კუმარი ცხოველებს არ უშვილებიათ. ის უბრალოდ, საქათმეში იყო ჩაკეტილი და ქათმების ქცევებიც შეითვისა. 8 წლისა შემთხვევით გამოიქცა საქათმიდან და სავალ გზაზე აღმოჩნდა. ხალხმა შეამჩნია და პოლიციას გადასცა. 20 წელი სუჯიტმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. 2011 წელს ავსტრალიელმა მეწარმემ ელიზაბეტ კლეიტონმა მასზე მზრუნველობა იკისრა. კუმარი 30 წელზე მეტისაა, თუმცა ვერც ლაპარაკი ისწავლა და შეიძლება ადამიანსაც დაესხას თავს.
შამდეო, ინდოეთი, 1972
4 წლის ბიჭუნა ტყეში იმ დროს იპოვეს, როცა მგლის ლეკვებთან თამაშობდა. ბავშვი სოციალურმა სამსახურმა გადაიბარა. ბიჭი წლების შემდეგაც ვერ გადაეჩვია უმი ხორცის ჭამას, ვერც ლაპარაკი ისწავლა, თუმცა ჟესტების ენა აითვისა. შამდეო 1978 წელს დედა ტერეზას ღარიბთა სახლში გაამწესეს, სადაც 17 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო: http://www.mshoblebi.ge