ამონარიდი ნუგზარ ჯუღელის ანდერძიდან

გავიხსენოთ ეს დიდებული ადამიანი – ნუგზარ ჯუღელი და მისი ანდერძი (ამონარიდი ):

“მე წავედი უსასრულობაში, უმორჩილესად გთხოვთ, არ დაიბნეთ, რადგან ყოველთვის მზად ვიყავი ამისთვის. მიხარია, რომ ვიყავი ქართველი და ჩემს ერს აქვს სიტყვა “გარდაცვალება”. ე.ი. ოდნავ შევიცვალე. ჩემი სული კი განაგრძობს სვლას ულევ სამყაროში…
აქ დედამიწაზე ვიცხოვრე ისე, როგორც მინდოდა, ალბათ ოდნავ ეგოისტი ვიყავი, მაგრამ ღმერთმა შემინდოს.
…ჩემი მთავარი თხოვნაა, გარდაცვალების შემდეგ არავინ ნახოს ჩემი სახე. ცხოვრებაში მიცვალებულისთვის არ დამიხედავს. მე უკვე სხვა განზომილებას ვეკუთვნი და ძალიან გთხოვთ, ყველამ თავი დამანებეთ. გვირგვინი არ გამაკაროთ. ხელოვნური ყველაფერი მძაგდა და მარტო თითო ყვავილი, მხოლოდ და მხოლოდ გულით მორთმეული. ჩემზე არასდროს იდარდოთ. მე იქ წავედი, საიდანაც მოვედი…
სასაფლაოზე ნუ მოხვალთ. მე დედის და მამის საფლავზე არასდროს დავდიოდი…
…სიყვარულით ვიცხოვრე. მე ვუყვარდი ჩემს რჩეულს. ულევი იყო სურვილების ზღვა და ღმერთმა ბევრი სურვილი ამისრულა. ამიტომაც, მე ბედნიერი კაცი ვარ.
უმორჩილესად გთხოვთ, სიკვდილს შეხედოთ ჩემი თვალებით, როგორც გარდაქმნას და გარდაცვალებას…
…თქვენთან რომ ვიყავი, ყოველთვის უკან მიხედვა მძაგდა, არასდროს ვყოფილვარ ჩემს საბავშვო ბაღში, არც – სკოლაში. იშვიათად ვფიქრობდი უდარდელ ბავშვობაზე, ჩემს ლამაზ დედაზე, შეძლებისდაგვარად სრულყოფილებისკენ ვილტვოდი და აჰა, აღსრულდა, წავედი მარადისობაში… ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს, სული – ღმერთს.
გთხოვთ, დარდისგან მალე გათავისუფლდით. როგორც შეძლებთ ჩუმად, უდარდელად, უპრეტენზიოდ მიმაბარეთ მიწას. არასდროს არავინ შეაწუხოთ ჩემი გარდაცვალებით. მე წავედი იქ, სადაც ძალიან, ძალიან ბევრი ჩემნაირია. აქ ხომ ძალზე ცოტანი დავრჩით.
მადლობა.
თქვენი
ნუგზარ ჯუღელი…”

შეგახსენებთ, რომ ნუგზარ ჯუღელი 82 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები