“ბრავო რეკორდსის” დამფუძნებელი ზაზა შენგელია ფეისბუქში ბილ კლინტონისა და 42 წლის ომის ვეტერანის, მარკუს უილიამსის შესახებ საინტერესო ისტორიას გვიზიარებს:
“1997 წლის დეკემბრის ერთ სუსხიან საღამოს, პრეზიდენტი ბილ კლინტონი კენედის ცენტრში გამართული სადღესასწაულო კონცერტიდან გამოდიოდა, როდესაც შესასვლელთან ომის უსახლკარო ვეტერანი შენიშნა. მას თხელი ქურთუკი ეცვა, ყინვისგან ცახცახებდა და ხელში მუყაოს დაფა ეჭირა მარტივი წარწერით:
‘’ საზღვაო ქვეითი — ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხალის” მონაწილე — მშიერი’’
რაც შემდეგ მოხდა, შოკისმომგვრელი იყო მთელი საპრეზიდენტო ამალისათვის.
კლინტონმა მაშინვე შეაჩერა სვლა, გაიხადა საკუთარი პალტო, შემოაცვა გაოგნებულ ვეტერანს მხრებზე და თავადაც მის გვერდით, გაყინულ ბეტონზე ჩამოჯდა. ვეტერანი აღმოჩნდა 42 წლის მარკუს უილიამსი. მან მოგვიანებით ჟურნალისტებს მოუყვა, რომ პრეზიდენტს არ უკითხავს მისთვის, თუ რატომ აღმოჩნდა ის ასეთ მდგომარეობაში და არც ჭკუის სწავლება დაუწყია იმის თაობაზე, თუ სად და როგორ უნდა ეძებნა დახმარება. ამის ნაცვლად კლინტონი ეკითხებოდა მას განვლილი სამხედრო სამსახურის შესახებ — თუ რომელ ბრძოლებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და თუ ოდესმე ვინმეს მისთვის გულითადი მადლობა გადაუხდია სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისათვის.
ბილ კლინტონის პირადი დაცვის მაშინდელი თანამშრომელი, საიდუმლო სამსახურის აგენტი ლარი კოკელი, თავის მემუარებში წერდა, რომ იმ დღეს კლინტონმა ტროტუარზე გამჭოლი სიცივის მიუხედავად ვეტერანი საზღვაო ქვეითის გვერდით ოცდახუთი წუთი დაჰყო. როდესაც სიცივისაგან გათოშილმა ვეტერანმა კლინტონს უთხრა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში არაფერი ჰქონდა ნაჭამი, პრეზიდენტმა თავისი დაცვის წევრებს უახლოესი პიცერიიდან მარკუსისთვის საჭმელი მოატანინა და ვეტერანს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “მეგობარო, ომიდან სახლში რომ დაბრუნდი, შენ ამ ქვეყანამ გული გატკინა და ამისთვის მე შენ ბოდიშს გიხდი, მაგრამ გარწმუნებ, შენი ისტორია ამით ჯერ არ დასრულებულა, და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შენი ცხოვრება ღირსეულად გაგრძელდეს.“
და პრეზიდენტმა თავისი სიტყვა შეასრულა. მეორე დღესვე კლინტონმა პირადად დაურეკა ვეტერანთა დეპარტამენტის ადმინისტრაციას. ორი დღის მერე კი მარკუსი ჩართეს ვეტერანთა მხარდაჭერის კომპლექსურ პროგრამაში, რომელიც მოიცავდა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, პროფესიულ გადამზადებას და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
მომდევნო წლებში მარკუს უილიამსი თავად გახდა ვეტერანთა უფლებების აქტიური დამცველი. 2015 წელს “უოშინგტონ პოსტთან” საგაზეთო ინტერვიუში მან ამაღელვებელი სიტყვები წარმოთქვა:
“მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ადამიანი ჩემთან, ყველასაგან მივიწყებულ საზღვაო ქვეითთან ერთად იჯდა ბეტონის გაყინულ ბორდურზე. მან დამარწმუნა, რომ ჩემს ცხოვრებას ჰქონდა აზრი და რომ მე ჯერ კიდევ რაღაცას წარმოვადგენდი. სწორედ იმ მომენტში მივხვდი და გადავწყვიტე, რომ სიცოცხლეში დასაბრუნებლად უნდა მებრძოლა”, – წერს ზაზა შენგელია.