ამბავი ერთი პატარა ბიჭისა, რომელიც კალენდრებს ყიდის…

დღეს ღამით მეტროს ვაგონში ერთი პატარა ბიჭი შემოვიდა, გარეგნულად 9-10 წელს თუ მისცემდი. ხელში საეკლესიო კალენდრები ეჭირა და თითოს 50 თეთრად აფასებდა. ყიდვის მსურველი არავინ ჩანდა, ის კი უხალისოდ ათალიერებდა ხალხს.
უცებ ჯიბეები მოიჩხრიკა, ალბათ რაღაცის მოძებნა უნდოდა და თავის ადგილზე რომ არ დახვდა, ცარიელ სკამზე ჩამოჯდა, თავი ჩაღუნა და ცრემლები წასკდა, თან ცდილობდა, არავის შეემჩნია… ასე იჯდა ერთხანს თავჩაღუნული, შემდეგ კი გაჩერებაზე ცრემლი მოიწმინდა და უხმაუროდ მომდევნო ვაგონში გაუჩინარდა…
დავინტერესდი რამ აატირა ასე უცებ, ვიფიქრე, ალბათ თავის მოსაწყლება უნდოდა, მაგრამ მაინც გულწრფელად ვინანე, რომ მისგან თუნდაც ერთი კალენდრის ყიდვა ვერ მოვასწარი.
მგზავრობის დასასრულს, როცა ვაგონიდან გამოვედი, ბიჭს ისევ მოვკარი თვალი, წინა ვაგონიდან ჩემზე ადრე გამოსულს და კუთხეში თავჩაღუნულს ხელები უკანკალებდა და შემცივნებული მორცხვად იწმენდდა ცრემლს.
რა გქვია-მეთქი, ვკითხე და მიპასუხა:
– ომარი, თურმანიძე
– რამდენი წლის ხარ, ომარ?
– თოთხმეტის.
– რატომ ტიროდი წეღან მეტროში?
– დეიდას ფული მედო ჯიბეში და მგონი დავკარგე…(და ამ დროს კიდევ ცრემლები წასკდა).
– ომარ, მისმინე, გაჩუქა ვინმემ თუ ნაყიდი გაქვს ეს კალენდრები?
– მე და დეიდას 20 თეთრად გვაქვს ნაყიდი თითო და 50 თეთრად ვყიდით.
– და როგორ გირჩევნია, 10 ცალი ვიყიდო თუ ყიდვის გარეშე მოგცე 5 ლარი?
– იყიდე…

გადმომითვალა 10 ცალი კალენდარი და 5 ლარი მივეცი. ამის დამნახავმა პოლიციელმა, მეტროს “გამცილებელმა” და დამლაგებელმა ომარისგან კიდევ 2-2 ცალი კალენდარი შეიძინეს, ის კი სიხარულით პირჯვარს იწერდა და ცოტა ხნის წინ რამდენიმე ლარის დაკარგვით გამოწვეული ცრემლი სიხარულის ცრემლით ეცვლებოდა.

მეტროს კიბეებზე ერთად ამოვედით, გზად როგორც პატარა ბავშვს, ყველაფერი ვუთხარი რაც შემეძლო მეთქვა, რომ გული არ გაეტეხა, რამის შესწავლაზე ეფიქრა და ადრე თუ გვიან თავისი ყოფის გამოსწორებას თავადვე შეძლებდა. ისიც ვურჩიე, სხვა რამის გაყიდვა ეცადა – ოღონდ ბაზარში, ბოლოს კი ვთხოვე მოეყოლა თავის შესახებ და ეთქვა, რა უნდოდა ყველაზე მეტად:

– დედა ცოტა ხნის წინ გარდამეცვალა, დეიდა მზრდის თავისთან, გლდანის მეორეში. გაყიდვით ახლა ვყიდი ამას, თორემ ცოტა ხნის წინ შუშხუნებს ვყიდდი, მანამდე – ტანსაცმელს, სათამაშოებს, უფრო ადრე კიდევ – პასტებს და ფანქრებს. ნდომით ის მინდა, ვინმემ ამოქარგვა ან მინანქრისგან რამის გაკეთება მასწავლოს, რომ თვითონვე ვიმუშავო, ასე ცხოვრებას მაინც აჯობებს, – და ამ დროს თვალებში იმედის ნაპერწკალი აენთო, ალბათ გაიფიქრა, როგორ იცხოვრებენ ის და დეიდამისი ადამიანურ პირობებში.

მალე სუსხი მომერია და გამომშვიდოების დროც დადგა, ტელეფონის ნომერი ვთხოვე – არა გვაქვსო. ჩემი დავუტოვე, ვუთხარი, აუცილებლად დაერეკა ამ დღეებში ნებისმიერი ნომრიდან და ვეცდებოდი მისთვის რამე მომეხერხებინა. კითხვა ხომ იცი-მეთქი, და კითხვა როგორ არ ვიციო… ჰოდა დავემშვიდობე და კიდევ ერთხელ გავამხნევე…

ახლაც რომ ვფიქრობ, შემეძლო კი რეალურად მესწავლებინა პატარა ბიჭისთვის, თუ რა და როგორ გაეყიდა? იმ “პატარა” ბიჭისთვის, რომელიც უკვე წლებია არ ეპუება შიმშილს, დუხჭირ ცხოვრებას… წვალობს სიცივესა და ქარში, მეტროსა და ბაზარში… ყიდულობს და ყიდის იმას, რაზეც ხელი მიუწვდება და ამით ახალი დღის გასათენებელი ლუკმების ფულს შოულობს…
არა… ძალიან ძნელია მას რამე ასწავლო… მხოლოდ ის შეგიძლია ერთი, სამი, ან ხუთი დღე გაულამაზო. კიდევ ერთი, სამი ან ხუთი სიხარულისა და იმედის ნაპერწკალი აუნთო თვალებში. მისცე ის ტანსაცმელი, რომელიც შენ უკვე აღარ გჭირდება, ან აჩუქო შესაძლებლობა, აიხდინოს ოცნება და მიიღოს ტექნიკური განათლება…
იქნებ დავეხმაროთ ამ ბიჭს?

წყარო: http://mshoblebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები