ალეკო შუღლაძე – მქონდა საოცარი საათი…

მწერალი, ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში საინტერესო ისტორიას გვიზიარებს:
“მე მქონდა საოცარი საათი, ყველა საათზე უფრო საათი, უსაათესი, უსაყვარლესი.
ელექტრონული იყო, 30 ლარად ვიყიდე, მოცარტის „თურქულ მარშს“ უკრავდა. სხვა მელოდიებიც ჰქონდა, სულ თორმეტი. ოთხი ღილაკი ჰქონდა, შუქი ენთებოდა. მეხუთე, შემალულ ღილაკში ნემსი უნდა შეგერჭო, მაგრამ რატომ, აღარ მახსოვს.
ქვემოთა მარცხენა ღილაკი წამმზომს რთავდა და ამ წამმზომის ხათრით რას აღარ ვაკეთებდი: სწრაფად დავდიოდი, მანძილებს ვზომავდი, დავრბოდი, ფეხბურთის მატჩებზე მე თვითონ ვიყავი მსაჯი და დროის გასვლის მერე, ყვირილს ვტეხდი: „დრო, დრო!“
ერთხელ მეგობრებს დავენაძლევე, 4 წუთს გავძლებ სუნთქვის გარეშე-მეთქი და 3 წუთსა და 45 წამზე გავლურჯდი, ხალხი შეშინდა, ძალით მომასულიერეს, თორემ ხუთ წუთსაც გავქაჩავდი.
ეს საათი ჩემი მეგობარი იყო, ინდოეთის მატარებელში მის იმედად ვიყავი, გამთენიისას გაჩერება არ უნდა გამომპაროდა, მალიმალ დავცქეროდი, შუქს ეკონომიურად ვანთებდი, ერთი ვაგონი ხალხი ჩვენს კუპეში შემოდიოდა და მე მეკითხებოდა, აბა, რამდენი დაგვრჩაო? მართალია, „თურქულმა მარშმა“ იმ ღამით მიღალატა და სხვა სოფელში გავიღვიძეთ, 200 კილომეტრით დაშორებით, მაგრამ მერე რა.
ერთ ჩინელს ჰქონდა ჩემზე უფრო მაგარი ელექტრონული, მიმტკიცებდა, რომ მისი უფრო ზუსტ დროს აჩვენებდა. ეგ ვერ მივხვდი, უფრო ზუსტი დრო რა იყო. მცხეთელ დათოს საერთოდ არ ჰქონდა საათი, მისთვის ყველა დრო ზუსტი იყო. ეს ჩინელიც დამინაძლევდა, ერთ კვირაში შენს საათს დრო აერევაო ადგილი დავთქვით, უნდა შეგვედარებინა. ეჭვი გამიჩნდა, რომ მაჯობებდა და ვიღაც კიტაიოზას ეგრე მარტივად ვერ მოვაგებინებდი. ამიტომ სანამ შეხვედრაზე მივედი, საათი გავასწორე მსოფლიო დროზე, წამი წამზე – სიცილი აუტყდა ჩინელს, ვერ მივხვდი, სიზუსტისგან გამოსირდა თუ ტყუილში გამომიჭირა.
წლების მერე ახლობელ ბიზნესმენს შევხვდი, მარცხენა მაჯას ძალიან ახლოს მიტრიალებდა სახესთან. მერე ხელიც კი გადამხვია, ისე ძალიან, რომ საათიანი მაჯა პირდაპირ თვალში შემარჭო. გამოადგა რო? ძვირიანებში ხომ საერთოდ ვერაფერში ვერ ვერკვევი.
ერთხელ მეც დავაპირე უძვირესი საათის ყიდვა, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ბევრში ვერაფერში გამომადგებოდა, დიდი-დიდი ჩემი გარდაცვალების დრო ეჩვენებინა ძალიან ზუსტად.”-წერს შურღაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები