„აიცერით, გთხოვთ, თუნდაც იმიტომ, რომ არ წაართვათ შვილებს მშობლები, არ დააობლოთ ბავშვები“ – ექიმი თეა მესხიძე
„ერთად გავუმკლავდეთ“ – ამ მოწოდების ირგვლივ გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ.
„კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობები – ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. პროექტი – „ერთად გავუმკლავდეთ“ – კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება“.
სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ამჯერად ექიმ თეა მესხიძის ამბავი ქვეყნდება, რომელიც პანდემიის პერიოდში მისი მუშაობის პროცესს ასახავს.
„პანდემია ნერვების ომია, უთანასწორო ბრძოლა, ჩასაფრებული მარცხით და კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებით, მაგრამ ამ ბრძოლაში წაგებული შერკინება გაცილებით უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა… დიახ, ეს სხვა სივრცეა, ეს ის რეალობაა, სადაც, შვილზე, მეუღლესა და ყველაზე საყვარელ ადამიანებზე მეტად, პაციენტს სჭირდები და საკუთარ თავს განდობს… ის სტრესული გარემოა, სადაც ავადმყოფი გარკვეული დროის განმავლობაში რჩება, ამიტომ შენ, ექიმობის გარდა, გიწევს, ყველა მისი ძვირფასი ადამიანის ჩანაცვლება, რომ მისთვის ახლობელი გახდე, რათა დაგიჯეროს, მოგენდოს და არ შეეშინდეს.
მახსოვს, ინსულტიანი ქალბატონი გვყავდა, რომელსაც მეტყველება არ შეეძლო, ნახევარი სხეული გაჩერებული ჰქონდა და, წლების მანძილზე, ერთსა და იმავე გარემოში მყოფმა, მოულოდნელად, ამხელა სტრესი მიიღო. მკურნალობის გარდა, განსაკუთრებულ ემოციურ მხარდაჭერას ითხოვდა, უფრო მეტიც, ჩვენთვის გასაგები იყო, რომ ამ მხარდაჭერის გარეშე არც არაფერი გამოვიდოდა. სავსე რეანიმაციის ფონზე, მძიმე პაციენტების გარემოცვაში, ჩვენ მაინც ვიპოვეთ საერთო ენა, თვალებით ვსაუბრობდით და ყოველი ასეთი კონტაქტი, მადლიერების ნიშნად, კათეტერებით დახუნძლული, ჯანმრთელი ხელის გულზე მიტანით სრულდებოდა! ასე მოვიგეთ უხმოდ, უსიტყვოდ, მაგრამ -ერთმანეთის ნდობითა და სიყვარულით… ნუთუ, ამისთვის არ ღირს ეს უმძიმესი პროფესია?! რამდენს ნიშნავს, როდესაც ადამიანებს ასე სჭირდები და შეგიძლია, მათ სიცოცხლე აჩუქო!
წასვლის დროს ჩვენმა პაციენტმა საწერ -კალამსა და ფურცელზე მიმანიშნა. გამიკვირდა, მაგრამ მივაწოდე, სუფთა ქაღალდი ჯერ გულზე დაიდო, მერე ხელი დაადო და კალამზე მიმითითა, რათა კონტური მომეხაზა, მადლიერ თვალებში სიყვარულით სავსე ცრემლები გვიციმციმებდა ორივეს! ალბათ ასე ჩნდება ემოციებითა და სიყვარულით სავსე ცხოვრებისეული ისტორიები, ნიშნები, სიმბოლოები, რომლებიც უბრალო მოხაზულობაზე გაცილებით მეტია!..
ახლა – ეს „უცნაურად“ დაწერილი წერილი და ჩვენთვის აწეული ხელი ყოველ დილას გვახსენებს, რომ იმაზე მეტი უნდა შევძლოთ, ვიდრე აქამდე შევძელით… რომ ეს ომი უნდა მოვიგოთ და ამ ურჩხულს ვაიძულოთ, საკუთარი ხელით ვაწერინოთ ახალ-ახალი გამარჯვების ფერადი ისტორიები! რაც მთავარია, ახლა, როდესაც მეტი შესაძლებლობა, გამოცდილება და მტკიცებულება გვაქვს, სიკვდილი არ უნდა დავუშვათ! აიცერით, გთხოვთ, აიცერით, თუნდაც იმიტომ, რომ არ წაართვათ შვილებს მშობლები, არ დააობლოთ ბავშვები… დღეს, როდესაც იარაღი ჩვენს ხელშია, ერთად აუცილებლად დავასრულებთ ამ ომს, ერთად გავუმკლავდებით“, – წერს თეა მესხიძე.