აზერბაიჯანის თვითმფრინავის ტრაგედიის შემდეგ გამოცდილმა პილოტებმა ისაუბრეს, რომელი ადგილებია თვითმფრინავში ყველაზე უსაფრთხო – ბორტზე მყოფი 67 ადამინიდან 28 სასწაულებრივად გადაურჩა კატასტროფას
25 დეკემბერს, დილით, ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, ნისლის გამო თვითმფრინავი ჩეჩნეთში ვერ დაეშვა. შემდეგ მაჰაჩყალაში გაუშვეს, იქიდან კი აქტაუში.
თვითმფრინავში 67 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა გადარჩენისთვის ლოცულობდა. თუმცა, სამწუხაროდ, თვითმფრინავი დიდი სიჩქარით შეეხო მიწას, ვერ დაჯდა და ცხვირით ჩაერჭო. მალევე ცეცხლი გაუჩნდა და ნაწილებად დაიშალა.
შემთხვევას 28 ადამიანი სასწაულებრივად გადაურჩა. ყველა მათგანი ახლა საავადმყოფოშია და სამედიცინო შემოწმებას გადის. ადგილზე მაშველები მუშაობენ და აქვთ იმედი, რომ გადარჩენილ ადამიანებს იპოვიან. სამწუხაროდ, ორივე პილოტი დაიღუპა.
ყველა, ვინც გადარჩა, თვითმფრინავის უკანა ნაწილში ისხდა, თუმცა, როგორც წესი, ბოლო ადგილები საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, ყველაზე საშიშად ითვლება.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა კატასტროფის მიზეზი და ალბათ, ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ჩანაწერებს გაშიფრავენ. თუმცა, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ აღნიშნა, რომ თვითმფრინავის მეთაურმა აქტაუს ალტერნატიულ აეროდრომზე წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თვითმფრინავი ფრინველს შეეჯახა და ბორტზე სახიფათო სიტუაცია შეიქმნა.
სამწუხარო შემთხვევას არაერთი საერთაშორისო მედია გამოეხმაურა. ავიაკატასტროფის შემდეგ გამოცდილმა პილოტებმა და ექსპერტებმა დაიწყეს საუბარი, თუ რომელი ადგილებია თვითმფრინავში ყველაზე უსაფრთხო.
“მიჩნეულია, რომ თვითმფრინავის ცენტრალური ნაწილი ყველაზე ძლიერია. უფრო ზუსტად, ფრთების ზემოთ არსებული ნაწილი. მაგრამ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ჩამოვარდება თვითმფრინავი. თუ კატასტროფა ჰაერშივე იწყება და უკანა ნაწილი იშლება, გადარჩენა ძნელია. თუ ხანძარი გაჩნდა, ცენტრალური ნაწილი პირველი იწვის. თუ თვითმფრინავი ცხვირით ეჯახება რაიმეს, მაშინ მთელი დარტყმა პილოტსა და წინა ნაწილში მსხდომ მგზავრებზე მოდის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანებმა ღვედები არ მოიხსნან. ბოლოს და ბოლოს, არის ისტორიები, როდესაც მგზავრები 8 ათასი მეტრიდან ჩამოვარდნენ და ცოცხლები დარჩნენ, რადგან დამაგრებულები იყვნენ.” – ამბობენ პილოტები.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ზომები, რომლებსაც ეკიპაჟი გვთავაზობს, ზედმიწევნით გავითვალისწინოთ და დავიცვათ. რაც მთავარია, საშიშროების სიგნალი, როგორც წესი, ბოლო წამს არ გადაიცემა და მგზავრებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია გარკვეული პერიოდით ადრე აქვთ. თუ მსგავსი რამ ხდება, ექსპერტები გვირჩევენ, რომ ფეხსაცმელი გავიხადოთ, დავხაროთ თავი და ხელით დავიფაროთ. ამიტომაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უსაფრთხოების წესების გაცნობა ყველაზე მნიშვნელოვანია.