„ავიცერი, რომ დამეცვა ჩემი თავიც და სხვაც, მომეხადა მოქალაქეობრივი ვალდებულება” – საქართველოს ეროვნული ნაკრების მოცურავე, ლუკა კუხალაშვილი

„თუ გვინდა ეს ვირუსი დავამარცხოთ, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ“, – საქართველოს ეროვნული ნაკრების მოცურავე ლუკა კუხალაშვილი აცხადებს, რომ პანდემიამ არა მარტო სპორტი, არამედ ყველა სფერო დააზარალა, ამიტომ ფიქრობს, რომ მასობრივი ვაქცინაცია ამ ეტაპზე გადარჩენის ერთადერთი გზაა.

ახალგაზრდა სპორტსმენი ამბობს, რომ აცრა და მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, რაც ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს.

„ვაქცინა, რა თქმა უნდა, გვეხმარება პანდემიის დასრულებაში, ყოველ შემთხვევაში, შინაგანად ასეთი განწყობა მაქვს. პირველ რიგში, იმიტომ ავიცერი, რომ დავიცვა თავიც და სხვა ადამიანებიც ვირუსისგან, ასევე იმიტომ, რომ მოვიხადო მოქალაქეობრივი ვალი. უნდა დასრულდეს ეს პანდემია, რომელიც არა მარტო სპორტს, ყველა სფეროს შეეხო და დააზარალა. ჩემს პირად გამოცდილებაზე თუ ვისაუბრებთ, საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ცურვაზე. თავიდან ყველაფერი დაიკეტა, ვერსად ვვარჯიშობდით. შეიძლება, ეს სპორტსმენების შედეგებს არ შეეტყო, მაგრამ რომ არა პანდემია, დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესი შედეგები იქნებოდა.
ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ გვინდა ამ ვირუსის დამარცხება, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია ყველაფერი, მაგრამ მგონია, რომ მასობრივი აცრა და მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების და რეკომენდაციების დაცვა დაგვეხმარება პანდემიამდელი ცხოვრების დაბრუნებაში. შესაბამისად, მივესალმები ყველა იმ ნაბიჯს, რაც პანდემიის დასასრულებლად გადაიდგმება”, – განაცხადა ლუკა კუხალაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები