“2017 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის მოდურია ჭუჭყიანი ვარდისფერი, ბაცი ცისფერი.
მოდის მიმდევარ ქალებს ნათელი ფერები იპყრობს. ბედნიერების სხივს შემატებთ, თუ ამ ფერის სამოსზე ჭრელ აქსესუარებსა და სპორტულ ფეხსაცმელს მოირგებთ. რა თქმა უნდა, შავი ტონალობა არასდროს გადადის მოდიდან, მაგრამ თუ მას შეუხამებთ სეზონზე ყველაზე მოდურ ფერთა გამის აქსესურებს, დაუმატებთ თბილ ტონალობებს, უფრო თანამედროვე ელფერს შესძენთ”, – ამბობს დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე.
“2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში ისევ და ისევ სპორტული შიკია აქტუალური – ისევ მარტივად სატარებელი ტანსაცმელი, ისევ დიდი ზომები, თუმცა ლამაზი სხეულით დაჯილდოებულ ქალებს შეუძლიათ გამოყვანილი კაბები ატარონ.
მნიშვნელოვანია სამოსის შეხამებაც. თუ ვთქვათ, ძალიან განიერი ზედატანი გაცვიათ, კარგი იქნება, ტანზე მომდგარი მინი ქვედაკაბა მოირგოთ, რათა სილუეტი არ დაიკარგოს. გრძელი ლაბადის ქვემოთ მოკლე ქვედაკაბა და მასში ჩატანებული ზედატანი კარგად გამოიყურება, ან თუ ძალიან განიერი შარვალი გაცვიათ, სასურველია ზემოთ ტოპი მოირგოთ, რათა წელი გამოჩნდეს.
რაც შეეხება კაბა – ხალათს, რომელიც გასულ სეზონზე იყო მოდური, ის კაბა – პერანგმა ჩაანაცვლა. უფრო სწორად, ყველაზე აქტუალური კაბა ამ სეზონზე მამაკაცის დაგრძელებული პერანგია.
რაც შეეხება ფეხსაცმელს, ისევ და ისევ სპორტულია მოდური და მომავალი 2 – 3 სეზონი ასე გაგრძელდება.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წვეულებაზე წვრილქუსლიანი კლასიკური ფეხსაცმელი არ უნდა ჩაიცვათ .
რაც შეეხება ვარცხნილობასა და მაკიაჟს, თმა , რაც შეიძლება, ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. ხელოვნური ვარცხნილობა აღარ არის აქტუალური, მოდურია ბუნებრივი მაკიაჟიც.
და ბოლოს, უნდა გახსოვდეთ, რომ კლასიკური სამოსი არასდროს გადადის მოდიდან. გამოყვანილი შავი კაბა ან წვრილცხვირიანი, ქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის აქტუალურია. ეს ის ნივთებია, ყველა მოდის მიმდევრის გარდერობში აუცილებლად რომ უნდა ინახებოდეს”, – აცხადებს დიზაინერი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
სხვა სიახლეები