სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე კორონავირუსის პანდემიის შედეგად, სპორტის სფეროში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და იმისთვის, რომ კოვიდ-19 მალე დავამარცხოთ საზოგადოებას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
მისი შეფასებით, ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა არის ის, რითაც შეგვიძლია ერთმანეთის სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ.
„ვაქცინა არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანისთვის, რომ მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების, გარშემომყოფების სიცოცხლეს საფრთხე არ შევუქმნათ. ჩემი შეხედულებით, ერთადერთი გზა არის ვაქცინა და პირბადე, უნდა ვატაროთ ყველამ, გავითვალისწინოთ რეგულაციები და რაც შეიძლება მალე ავიცრათ.
სწორედ ამ პანდემიის გამო გადაიდო 2020 წლის ოლიმპიადა, სპორტის სფერო ძალიან დაზარალდა. თუმცა წელს უკვე ნელ-ნელა დაიწყო აღდგენა და რეგულაციების დაცვით, წელს უკვე ყველა სპორტის სახეობამ დაიწყო ფუნქციონირება. ყველა მწვრთნელისთვის, ყველა სპორტსმენისთვის და გულშემატკივრისთვის ძალიან დიდი პრობლემაა, როცა შეჯიბრებებს მაყურებელი ვერ ესწრება. ეს სპორტულ შედეგებზეც აისახა.
დღესდღეობით მედიცინაში სხვა გზა არ მოიძებნება, როგორც ვიცი, გარდა ვაქცინის და გარდა პირბადისა. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ყველა უნდა ავიცრათ, რათა ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრების და გარშემომყოფების სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ“, – თქვა ავთანდილ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები